უახლესი ამბები
- 20.11.2024 12:54საქართველოს ბანკის ESG მიმართულების ხელმძღვანელი გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე (COP29) პანელურ დისკუსიებში მონაწილეობდა
- 20.11.2024 12:34რუსთავში ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
- 20.11.2024 08:33საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს დროებით დაიშალონ და ახალი გეგმა შეიმუშაონ
არქივი
საზოგადოება
ქვეყნის მოსახლეობა 2050 წლისთვის 2,985,000 ადამიანამდე შემცირდება - IDFI
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ( IDFI ) კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ეხება საქართველოში მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პოლიტიკას.
კვლევის თანახმად, 2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის შედეგად დადგინდა, რომ 2002 წლის აღწერის შედეგებთან შედარებით ( 4.371 535 ადამიანი) მოსახლეობის რაოდენობა 15 %-ით შემცირდა და 3 713 804 ადამიანს შეადგენს.
კვლევაში ყურადღება გამახვილებულია გაეროს სტატისტიკაზე, რომლის მიხედვით, თუ საქართველოში არ შეიცვლება დემოგრაფიული პოლიტიკა და სტრატეგიები, ქვეყნის მოსახლეობა 2050 წლისთვის 2,985,000 გახდება.
ანგარიშის ავტორების თქმით, მომავალში შესაძლოა, შობადობის მაჩვენებელი გაუარესდეს, რადგან ექსპერტების ვარაუდით, 2017-2018 წლებიდან ქორწინებისა და რეპროდუქციული პოტენციალის ასაკში შევა 90-იან წლებში დაბადებული მოსახლეობა, როდესაც საქართველოში შობადობა ძალიან დაბალი იყო.
გარდა ამისა, მოყვანილია გაეროს ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის კვლევა, რომელიც მიუთითებს, რომ საქართვველოში ბავშვების მატების პარალელეურად იზრდება ოჯახის სიღარიბის მაჩვენებელიც. შესაბამისად, IDFI მოითხოვს სახელმწიფოსგან, შეიმუშაოს პოლიტიკა და სტრატეგია, რომელიც დაეხმარება, როგორც მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე უზრუნველყოფს შობადობასთან დაკავშირებული მოსალოდნელი რისკების მაქსიმალურად შემცირებას.
IDFI-ის დასკვნით, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული 2014 წლის 31 მარტის #262 დადგენილებით დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის მიუხედავად, მან ვერ უზრუნველყო დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური მხარდაჭერის სათანადო პირობების შექმნა. შესაბამისად, კვლევის ავტორები ურჩევენ მთავრობას, გაითვალისწინოს ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკა ამ მიმართულებით.
ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით IDFI 5-პუნქტიან რეკომენდაციათა სიას აქვეყნებს:
1.საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის ახალი მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცება, სადაც გათვალისწინებული იქნება ოჯახის/ბავშვის დახმარებასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები:
- ოჯახის/ბავშვის ფინანსურ დახმარების სახელმწიფო პროგრამა გარდაიქმნას კომპლექსურ დახმარების პროგრამად, რომელშიც ასახული იქნება არა მხოლოდ ფინანსური დახმარების საკითხები, არამედ ოჯახის მხარდაჭერის სხვა ზომებიც (საგადასახადო და კომუნალური შეღავათები, ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესებული პაკეტი, ბავშვის მზრუნველობასთან დაკავშირებით ხარჯების თანადაფინანსება და სხვა);
- ოჯახის/ბავშვის ფინანსურ დახმარების სახელმწიფო პროგრამა გათვლილი იქნეს დაბალ და საშუალო შემოსავლიან ოჯახებზე და გავრცელდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ხელს შეუწყობს პროგრამის შეზღუდული ბიუჯეტის ეფექტურ ხარჯვას, ფინანსური დახმარების ოდენობის გაზრდას და ბავშვის საჭიროებებთან მიახლოებას. ამავე დროს, პროგრამის ბიუჯეტის ზრდა შესაძლებელია კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის განვითარების, საჯარო-კერძო პარტნიორობის ახალი მექანიზმების დანერგვის და სოციალური პასუხისმგებლობის ფონდის შექმნის გზით, რათა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორც ოჯახის მხარდაჭერის პროგრამა და ქვეყნის დემოგრაფიული განვითარების ხელშეწყობაა, თავისი წვლილი (სურვილისშემთხვევაში) შეიტანონ მეწარმეებმაც;
- ოჯახის/ბავშვის ფინანსური დახმარების მიღების უფლება სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისთვის გავრცელდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, აღნიშნულ რეგიონში წინა მე-2 და მე-3 წლის განმავლობაში დაფიქსირდა თუ არა წლიური მატების საშუალო დადებითი მაჩვენებელი.
- ოჯახის/ბავშვის ფინანსური დახმარების მიღების უფლება წარმოიშვას პირველი ბავშვის შეძენის მომენტიდან და დახმარების ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნას დაბადებული ბავშვის რიგითობა ისე, რომ ყოველი მომდევნო ბავშვის გაჩენისას მეტი ფინანსური გარანტიები გაუჩნდეს ოჯახს. ამასთან, ფინანსური დახმარების პერიოდი გაიზარდოს და მაქსიმალურად მიუახლოვდეს ბავშვის სრულწლოვანების ასაკს;
- სახელმწიფო პროგრამამ უზრუნველყოს განსაკუთრებული მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვისთვის ან ერთი მშობლის მიერ ბავშვის დამოუკიდებლად აღზრდის შემთხვევაში ფინანსური დახმარების დამატებითი გარანტიების შექმნა.
2. ადგილობრივმა თვითმმართველობებმა საკუთარი ბიუჯეტიდან ოჯახის/ბავშვის მხარდაჭერის პოლიტიკა განახორციელონ დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამასთან კოორდინირებულად. კერძოდ:
- ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან განხორციელდეს დამატებით იმგვარი სახის დახმარება, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამით;
- ადგილობრივ თვითმმართველობებში ფინანსური სახსრების მობილიზება მოხდეს იმგვარად, რომ თითოეულ რეგიონში მსგავსი სოციალური ფენის ოჯახებისთვის არსებობდეს სახელმწიფო დახმარების ერთიანი სტანდარტი;
- ადგილობრივმა თვითმმართველობებმა საკუთარი ბიუჯეტით უზრუნველყონ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სოციალური შეღავათების დაწესება კომუნალურ გადასახადებზე, სახელმწიფო ტრანსპორტით სარგებლობაზე და სხვა სახელმწიფო სერვისებზე, რომელიც დაკავშირებულია ბავშვის აღზრდასა და მზრუნველობასთან.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოს შესაბამისი კანონპროექტის მომზადება, სადაც გათვალისწინებული იქნება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება.
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მრავალშვილიანი ოჯახებისთვის უკეთესი პირობების და ჯანმრთელობის დაზღვევის მეტი გარანტიების შექმნა.
5. საქართველოს შრომის კოდექსში შევიდეს შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდში გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება დასაქმებულის შვებულებაში გასვლის წინა თვის ანაზღაურების ოდენობის 100%-ით და გაუქმდება შრომის კოდექსით დადგენილი ანაზღაურების ოდენობის ზედა ზღვარი (1,000 ლარი).
ანა მებურიშვილი