რას იტყობინებოდა `მედიანიუსი~ 2011 წლის 26 მაისს

ნინო ბურჯანაძე ლადო ვარძელაშვილის მოადგილეს გიორგი ავალიანს ახალგაზრდების დაშინებაში ადანაშაულებს

25 მაისი, 23:24

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლადო ვარძელაშვილის მოადგილემ გიორგი ავალიანმა სახლებში ჩამოუარა “სახალხო კრების” რამდენიმე აქტივისტს და დაშინების გზით კრების დამგმობი განცხადებების გაკეთება მოსთხოვა. ამის შესახებ “სახალხო კრების” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია “მაესტროს” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

“დღეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა იმედის თვალით უყურებს “სახალხო კრებას” და ძალიან ბევრი ახალგაზრდა აქციებზე ჩვენს გვერდით დგას. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ავალიანმა სახლებში ჩამოუარა ჩვენს ახალგაზრდებს და დაემუქრა, თუ კრების დამგმობ განცხადებებს არ გააკეთებდნენ, ნარკოტიკებს უპოვნიდნენ და 7 წლიან მუხლს მიუსჯიდნენ. თუმცა, დღეს არცერთ ახალგაზრდას ჩვენი საწინააღმდეგო განცხადება არ გაუკეთებია და მე ვამაყობ ამ ახალგაზრდებით,”-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მედია-კავშირ „ობიექტივის“ მიმართვა სახელისუფლებო მედიისადმი

25 მაისი, 23:36

მედია-კავშირი - „ობიექტივი“ ავრცელებს მიმართვას სახელისუფლებო მედიისადმი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 2011 წლის 21 მაისს დაწყებული საპროტესტო აქციის მსვლელობას მეხუთე დღეა „მონდომებით“ აშუქებენ სახელისუფლებო ტელე-რადიო და ინტერნეტ-არხები. თითქმის ყველა სიუჟეტში, თუ გადაცემაში, რომელიც საპროტესტო აქციის თემას ეძღვნება, შეგნებულად და მიზანმიმართულად დამახინჯებულია რეალობა.

მოქალაქეები, რომლებიც მონაწილეობენ აქციაში, წარმოჩენილნი არიან, როგორც შეიარაღებული ბანდიტები, ლოთები და კრიმინალები. ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი „მამხილებელი“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელიც მარტივად ხასიათდება, როგორც ძალზედ დაბალი დონის, პროვოკაციული მასალა. თითქოსდა, „ფაქტი“, რომელიც მიზნად ისახავს აქციის მონაწილეების დისკრედიტაციას. ამ ტიპის „მამხილებელი“ ვიდეომასალების გავრცელებაზე საბჭოთა პროპაგანდისტული ტელევიზიაც კი უარს ამბობდა.

მივმართავთ სახელისუფლებო მედიის პროდიუსერებს, რედაქტორებსა და ჟურნალისტებს: ჩვენთვის მიუღებელია ზეწოლა ჟურნალისტებზე, როგორც ხელისუფლებისგან, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან, მაგრამ იძულებული ვართ, შეგახსენოთ, რომ ჟურნალისტიკა ემსახურება საზოგადოებას და მხოლოდ საზოგადოებას.

შავი პიარ-კამპანია, რომელსაც ამ საათებში სახელისუფლებო მედია ახორციელებს საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, საზოგადოების მოტყუება და დაცინვაა.

მოგიწოდებთ,- შეწყვიტოთ ეს კამპანია და გააშუქოთ მოვლენები რეალობის ადეკვატურად. მოგიწოდებთ გამოხატოთ ხალხის, საზოგადოების ინტერესი და უარი თქვათ მაყურებლისა და მსმენელის მიმართ ცინიკურ დამოკიდებულებაზე.

მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის დირექციას,- განაახლეთ პირდაპირი ეთერი საპროტესტო აქციდან, რადგან მხოლოდ პირდაპირი ეთერია გარანტი მშვიდობიანი მომიტინგეების დასაცავად.

მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს,- გახსენით პირდაპირი ეთერი და აჩვენეთ საქართველოს მოსახლეობას, როგორ ვითარდება პროცესები პარლამენტის შენობის წინ, რაც ვერავის მისცემს რეალობის ინტერპრეტაციის საშუალებას.

მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი

თბილისის საკრებულოსთან სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგდა

26 მაისი, 00.06

ქალაქ თბილისის საკრებულოსთან სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგდა.

ჯერჯერობოთ უცნობია თუ რა ქმედებისთვის ემზადებიან სამართალდამცავები.

თუმცა არაა გამორიცხული, დედაქალაქის მერიის მიერ გამოყოფილი დროის დასრულების შემდეგ სამართალდამცავებმა აქციიის მონაწილეების წინააღმდეგ რაიმე სახის ძალა გამოიყენონ.

სპცერაზმია მობილიზზებული ორბელიანის (კოლმეურნოების) მოედანზეც.

ამ წუთისთვის

26 მაისი, 00.22

ამ წუთისთვის აქციის დაშლა გრძელდება. გაუშვა სპეცრაზმმა წყლის ჭავლები და მხუთავი გაზი. ადგილიდან ვერ ხერხდება სხვა ინფორმაციის მიღება.

აქცია სპეცრაზმმა დაშალა

26 მაისი, 00.34

პარლამენტის წინ სპეცრაზმის წარმომადგენლებმა წყლის ჭავლის და სპეციალური გაზის გამოყენებით საპროტესტო აქცია დაშალა. ამ დროისთვის მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის გაწმენდა.

დაზარალებულთა შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება

სპეცრაზმელებს „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი ნატო გოგელია დატყვევებული ჰყავთ

26 მაისი, 00.53

პარლამენტის შენობის წინ, „სახალხო კრების“ საპროტესტო აქციის დაშლის დროს, გაზეთ „გურია ნიუსის“ კორესპონდენტს ნატო გოგელიას სპეცრაზმელებმა წაართვეს ფოტოკამერა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გაზეთის რედაქტორის ია მამალაძის განცხადებით, ჟურნალისტი ამ დროისთვის სპეცრაზმელებს ალყაში ჰყავთ მოქცეული და არ უშვებენ.

შს სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა საპროტესტო აქცია რამდენიმე წუთის წინ დაშალა. სპეცრაზმელებმა მომიტინგეებს წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები დაუშინეს. გაუშვეს სპეციალური გაზიც.

პარლამენტის წინ მასობრივი დაჭერები დაიწყო

26 მაისი, 01.03

გავრცელებული ინფორმაციით, თავისუფლების მოედანზე მასობრივი დაჭერები მიმდინარეობს.

სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები ძირითადად მამაკაცებს რეზინის თასმებით კოჭავენ
გარდა ამისა, რამდენიმე ათეული ადამიანი ხელბორკილებდადებული მიწაზე გდია. მათი დიდი ნაწილი სისხლიანია.

ქუჩაში რამდენიმე ათეული ადამიანი უგონოდ არის დაგდებული.სპეცრაზმის თანამშრომლები მათ ხელკეტებს ურტყამდნენ და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ბორკილებდადებული ადამიანების ნაწილი ყვითელ ავტობუსებში ჩასვეს და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს.

მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც. დაშავებულებს ამ წუთებში პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.


ნინო ბურჯანაძის მტკიცებით, საპატრულო პოლიციის მანქანიდან მისი შვილის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს

26 მაისი, 01.06

“სახალხო წარმომადგენლობითი კრების” აღმასრულებელ საბჭოს წევრ ნინო ბურჯანაძის მტკიცებით, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების დარბევისას,საპატრულო პოლიციის მანქანიდან მისი შვილის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს. ამის შესახებ ბურჯანაძემ ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში განაცხადა.

“არ ვიცი ეს იყო დამიზნებით ნასროლი თუ არა. დამიზნებით, რომ ეს ესროლათ ალბათ, მოარტყავდნენ კიდეც, თუმცა არც დამიზნებით სროლას არ გამოვრციხავ”, - განაცხადა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 00:15 საათზე სპეციალურმა დანიშულების რაზმმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია დაშალა.

ნინო ბურჯანაძე: ხელისუფლებას მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა არ შერჩება

26 მაისი, 01.20

“სახალხო წარმომადგენლობითი კრების” აღმასრულებელ საბჭოს წევრ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლებას მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა არ შერჩება. ამის შესახებ ბურჯანაძემ ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში განაცხადა.

“ეს ბრძოლა არ დასრულებულა, ბრძოლა დღეიდან სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა ”, - განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ მისთვის “სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭოს წევრებს ჯანმრთელობის მდგომარეობის და ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 00:15 საათზე სპეციალურმა დანიშნულების რაზმმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია დაშალა.

თემურ შაშიაშვილის ინფორმაციით, გოგი ქავთარაძეს რეზინის ტყვია ყურში აქვს მოხვედრილი

26 მაისი, 01.27

“წარმომადგენლობით სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭოს წევრ თემურ შაშიაშვილის ინფორმაციით, გოგი ქავთარაძეს რეზინის ტყვია ყურში აქვს მოხვედრილი. ამის შესახებ შაშიაშვილმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

“სახალხო კრების” სხვა ლიდერების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას ჯერ ჯერობით არ ვფლობ. რაც შეეხება თვითონ დარბევის ფაქტს ჩემი აზრით, ეს სპეცრაზმის წარმომადგენლები ქართველები არ იყვნენ, რადგან ქართველი თანამემამულეს ასე არასდროს არ მოექცევა”, - განაცხადა შაშიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 00:15 საათზე სპეციალურმა დანიშნულების რაზმმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია დაშალა.


ნინო ბურჯანაძე: სპეცნაზმა მომიტინგეებს გასაქცევი გზა არ დაუტოვა

26 მაისი, 01.33

“სახალხო წარმომადგენლობითი კრების” აღმასრულებელ საბჭოს წევრ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, დღეს ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა გენერალ როდიონოვის სპეცნაზის მიერ 1991 წლის 9 აპრილს ქართველი ხალხზე განხორციელებულ თავდასხმას აღემატებოდა. ამის შესახებ ბურჯანაძემ ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში განაცხადა.

“როდიონოვის არმიამ 9 აპრილს ქართველ ხალხს მხოლოდ ერთი მხრიდან შეუტია და მეორე მხარეს გასაქცევი დაუტოვა, დღეს კი სააკაშვილის ხელისუფების სპეცნაზს ასეთი რამ არ გაუკეთებია - ყველა მხრიდან ალყაში მოგვაქცია და არც ერთ მხარეს გასაქცევი არ დაგვიტოვა”, - განაცხადა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 00:15 საათზე სპეციალურმა დანიშნულების რაზმმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია დაშალა.

ბეჟან გუნავა: კახა კუკავა “სასტიკად ნაცემია”

26 მაისი, 01.48

პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე მყოფი “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა “სასტიკად ნაცემია”. შესაბამისი განცხადება “მაესტროს” ეთერში კუკავას თანაგუნდელმა ბეჟან გუნავამ გააკეთა.

მისივე თქმით, “თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენლები კუკავასგან დაკავშირებას გარკვეული დროის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ, თუმცა ცოტა ხნის წინ ამ უკანაკნელთან დარეკვა მოახერხეს.

“იგი სასტიკადაა ნაცემი. სამართლადმაცველებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს”, - განაცხადა გუნავამ.

სპეცრაზმელებმა „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი მალხაზ ჭკადუა დააკავეს

26 მაისი, 01.55

რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის დროს სპეცრაზმელებმა “ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტი მალხაზ ჭკადუა დააკავეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იტყობინება.

მათივე ინფორმაციით, ჟურნალისტი სპეცრაზმელებს თაბუკაშვილის ქუჩაზე, ძირს ჰყავთ დაგდებული.

სააგენტს ინფორმაციით, ჟურნალისტს პრესის წარმომადგენლის დამადასტურებელი ჟილეტიც აცვია და აქვს შესაბამისი დოკუმენტიც. თუმცა, ამის მიუხედავად სამართალდამცველები მას არ უშვებენ.

აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსმა” შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის კურსში უკვე ჩააყენა.

გარდა ამისა, კიდევ ერთ ჟურნალისტ დარეჯან პაატაშვილს სპეცრაზმელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მას ვიდეოკამერა წაართვეს. ოპერატორს კი კამერა დაუმტვრიეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

26 მაისი, 02.00

„სახალხო კრების” წერილობითი მიმართვის საფუძველზე საპროტესტო აქციების ჩატარება თბილისის მერიის მიერ სანქცირებული იყო 21 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით. 25 მაისს მომიტინგეებმა გადაინაცვლეს საქართველოს პარლამენტის წინ, სადაც 26 მაისს უნდა გაიმართოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი. ვინაიდან მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ ისინი 25 მაისის შემდეგ დაშლას არ აპირებდნენ, დაახლოებით საღამოს 8 საათზე, თბილისის მერიამ ორგანიზატორებს აქციის ჩასატარებლად სხვა ადგილის გამოყოფა შესთავაზა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. მოგვიანებით, სანქციის ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე, მერიის წარმომადგენელმა მომიტინგეები კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ პროტესტის გაგრძელების შემთხვევაში იგი არასანქცირებულ ხასიათს მიიღებდა და მათ მშვიდობიანი დაშლისკენ მოუწოდა. 00:10 საათზე, მას შემდეგ, რაც „სახალხო კრების” აქციამ არასანქცირებული ხასიათი შეიძინა, პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორია მომიტინგეებისაგან გაათავისუფლეს.

პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დაკავებულ იქნა აქციის რამდენიმე მონაწილე.


ირაკლი ბათიაშვილსა და ადა მარშანიას ოჯახის წევრები ვერ პოულობენ

26 მაისი, 02.04

ირაკლი ბათიაშვილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, “წარმომადგენლობითი სახალხო კრების” ერთ-ერთი ლიდერის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია და ოჯახის წევრები მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ.

გარდა ამისა, ტელეკომპანია “მაესტროს” ინფორმაციით, გაურკვეველია ადა მარშანიას ადგილსამყოფელიც, მისი მეუღლე კი რამდენიმე მოტეხილობით ერთ-ერთ საავადმყოფოშია მოთავსებული.

სამართალდამცავებმა გოგი ქავთარაძე და დიმა ჯაიანი დააკავეს

26 მაისი, 02.06

ამ წუთებში გავრცელებული ინფორმაციით სამართალდამცავება დიმა ჯაიანი და გოგი ქავთარაძე დააკავეს, ტელეკომპანია “მაესტროს” ინფორმაციით, ისინი აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად კინოთეატრ “რუსთაველიდან” გამოიყვანეს. დაკავებულებს სამართალდამცავები ყვითელ ავტობუსებში სვამენ და გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავთ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებით უკვე რამდენიმე ავტობუსია სავსე.

იქვე იმყოფება ერთ-ერთი სასულიერო პირი, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს სთხოვს, არ დააკავონ აქტივისტები.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით კი, კინოეთეატრ “რუსთაველიდან” ასევე, გამოიყვანეს “სახალხო კრების” წარმოამდგენლები თემუ შაშიაშვილი და ლუკა კურტანიძე. თუმცა, მათი დაკავების შესახებ ინფორმაცია დაზუსტებული არ არის.

ინტერნეტ-ტელევიზია “პალიტრას” ცნობით, რუსთაველის გამზირზე სავარაუდოდ, ერთი ადამიანი დაიღუპა

26 მაისი, 02.10

ინტერნეტტელევიზია “პალიტრას” ცნობით, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დარბევისას სავარაუდოდ, ერთი ადამიანი დაიღუპა. ინტერნეტტელევიზია ამის ამსახველ ვიდეო კადრებსაც ავრცელებს. აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 00:15 საათზე სპეციალურმა დანიშნულების რაზმმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.

სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და სპეციალური გაზი გამოიყენეს.


ჯაბა სამუშიას ინფორმაციით, დაშავებული მომიტინგეები ე.წ. ემერჯენსის კლინიკაში ხელბორკილებით მიჰყავთ

26 მაისი, 02.17

თბილისის საკრებულოს წევრ, ქრისტიან-დემოკრატ ჯაბა სამუშიას ინფორმაციით, დაშავებული მომიტინგეები ე.წ. ემერჯენსის კლინიკაში ხელბორკილებით მიჰყავთ.

როგორც საკრებულოს წევრი აცხადებს, ზემოხსენებულ კლინიკაში დაახლოებით 40-დე დაშავებული მომიტინგეა მოთავსებული.

“დაშავებულებს ბორკილები აქვთ დადებული. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მათი ვინაობის შესახებ ინფორმაციას არ გვაძლევენ. ახლა მთავარია, რომ ამ დაშავებული ადამიანების წინააღმდეგ საქმე არ აღძრან”, - განაცხადა სამუშიამ.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 00:15 საათზე სპეციალურმა დანიშნულების რაზმმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და მხუთავი გაზი გამოიყენა

ბაკურ ბაკურაძის მტკიცებით, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევაში მონაწილე სპეცნაზი, ქართული არ იყო

26 მაისი, 02.26

„სახალხო წარმომადგენლობით კრების“ პიარის სამსახურის უფროსის, ბაკურ ბაკურაძის აზრით, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევაში მონაწილე სპეცნაზი, ქართული არ იყო.

„მე ნანახი მყავს ქართული სპეცნაზი, ისინი ქართულ ენაზე შეძახილებს ყოველთვის აკეთებენ, ეს ხალხი კი, ვინც ჩვენ დაგვარბია, ქართულად საერთოდ არ საუბრობდნენ“, – განაცხადა ბაკურიძემ და ჟურნალისტებს ამ ინფორმაციის გადამოწმებისაკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 00:15 საათზე სპეციალურმა დანიშნულების რაზმმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და მხუთავი გაზი გამოიყენეს

ლევან გაჩეჩილაძეს და მის შვილს ვერ უკავშირდებიან

26 მაისი, 02.30

„საერთო–სახალხო წინააღმდეგობის“ მოძრაობის ერთ–ერთ ლიდერ სოსო მანჯავიძის ინფორმაციით, ქართული პარტიის“ ერთ–ერთ ლიდერ ლევან გაჩეჩილაძეს და მის შვილს ვერ უკავშირდებიან.
„ვერ პოულობენ ლევან გაჩეჩილაძეს, მის შვილს და კიდევ ძალიან ბევრ ადამიანს“, – განაცხადა მანჯავიძემ.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 00:15 საათზე სპეციალურმა დანიშნულების რაზმმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და სპეციალური გაზი გამოიყენეს


შოთა უტიაშვლის ინფორმაციით აქციის დარბევისას ერთი პოლიციელი დაიღუპა

26 მაისი, 02.33

აქციის დარბევისას ერთი სამართალდამცავი დაიღუპა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უტიაშვილის თქმით, აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს იმ ტერიტორიაზე, სადაც უნდა ჩატარებულიყო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი.

“პოლიციამ და ქალაქის მერიამ არაერთხელ სთხოვა მომიტინგეებს შეერჩიათ ნებისმიერი სხვა ადგილი. თუმცა, ისინი პოლიციის ამ კანონიერ მოთხოვნას არ დათანხმდნენ, შედეგად პოლიცია იძულებული გახდა ძალა გამოეყენებინა. მომიტინგეების ნაწილმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია,”-განაცხადა შოთა უტიაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმა ხალხის მასაში მიტინგის დატოვებისას მანქანით დიდი სიჩქარით მიემართებოდა, რის შედეგადაც გზად ერთ-ერთ პოლიციელს დაეჯახა.

სამართალდამცავი ადგილზე დაიღუპა.

“დაშავებულია 19 ადამიანი. არცერთის მდგომარეობა არ არის მძიმე. ამ წუთისთვის რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგენილია,”-განაცხადა უტიაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს სახელმწიფო და შსს პატივს სცემს აზრის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა ეს მხოლოდ კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს.

“მაესტრო”: აქციის დარბევისას ერთი ადამიანი დაიღუპა

26 მაისი, 02.44

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დარბევისას ერთი ადამიანი დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „მაესტროც“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, სახალხო კრების აქციის დარბევისას 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია და ვიდეო მასალა ინტერნეტტელევიზია „პალიტრამაც“ გაავრცელა.

დავით მაღრაძე: ჯონ ბასს „ამერიკელი როდიონოვს“ უწოდებს

26 მაისი, 03.11

„დაიცავი საქართველოს“ ლიდერი დავით მაღრაძე საქართველოში აშშ–ს ელჩ ჯონ ბასის განცხადებას გამოეხმაურა და დიპლომატს „ამერიკელი როდიონოვი“ უწოდა.

როგორც მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს’ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, სამართალადამცვებელის მიერ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევამდე გაკეთებული განცხადებით, ბასმა დააფიქსირა, რომ აშშ–ს საელჩომ საქართველოში არჩევანი დიქტატურის სასარგებლოდ გააკეთა.

მაღრაძის თქმით, ბასმა თავისი განცხადებით, მოძალადე ხელისუფლებას მწვანე შუქი აუნთო.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბასი „სახალხო კრების“ ორგანიზებით მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აქციაში მონაწილე ადამიანებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც ძალადობრივ კონფრონტაციას იწვევენ. მისივე თქმით, აქციებმა მოქალაქეების გადაადგილებას და მნიშვნელოვანი დღეების აღნიშნვას ხელი არ უნდა შეუშალოს. მოგვიანებით სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა რუსთაველის გამზირზე მომიტინგეები დაარბიეს.


ლევან გაჩეჩილაძის შვილი ნაცემია

26 მაისი, 03.25

ქართული პარტიის“ ერთ–ერთ ლიდერ ლევან გაჩეჩილაძის შვილი რატი გაჩეჩილაძე სახლში იმყოფება, ოპოზიციონერ ლიდერთან დაკავშირებას კი მისი ოჯახის წევრები კვლავ ვერ ახერხებენ.

როგორც გაჩეჩილაძის ოჯახის ერთ–ერთი წევრი ამბობს, რატი გაჩეჩილაძე ნაცემია.

„ლევანის ადგილსამყოფელი კი ჩვენთვის კვლავ უცნობია“, – განაცხადა გაჩეჩილაძის ახლობელმა.
ცნობისთვის: ლევან და რატი გაჩეჩილაძეები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ. დაახლოებით 00:15 საათზე სპეციალურმა დანიშნულების რაზმმა აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.

ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოს ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციას „არაკომპეტენტური შეფასების“ გაკეთებაში ადანაშაულებს

26 მაისი, 03.26

იურისტი და უფლებადამცველი ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოს ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციას „არაკომპეტენტური შეფასების“ გაკეთებაში ადანაშაულებს.

როგორც იურისტი აცხადებს, საიას მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც „25 მაისის შემდეგ პოლიციას რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლის უფლება აქვს“, არაკომპეტენტურია.

ქუცნაშვილის მტკიცებით, შეკრებისა და მანიფესტაციების უფლების რეალიზაციას, საქართველოს კონსტიტუციის 24–ე მუხლის თანახმად არავითარი სანქცია იგივე ნებართვა არ სჭირდება, „იმ შემთხვევაში თუ აქცია საზოგადოებრივ შეკრების ადგილზე იმართება და დემონსტრანტების რაოდენობა გზის გადაკეტვას მოითხოვს, ამას არავითარი ნებართვა არ სჭირდება. ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ორგანიზაციამ მათ შორის საიამ გაავრცელა არაკომპეტენტური შეფასება და შექმნა ის ფონი, რომელიც ხელისუფლებამ ძალადობისათვის გამოიყენა, ანუ ამ შეფასებამ ხელისუფლების მხრიდან ძალადობის გამოვლინებას მწვანე შუქი აუნთო“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 00:15 საათზე სპეციალურმა დანიშნულების რაზმმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა

დღეს სტუდენტები ძალადობის საწინააღმდეგო აქციას გამართავენ

26 მაისი, 04.13

დღეს სტუდენტთა თვითორგანიზებული ჯგუფი “ლაბორატორია 1918” ძალადობის საწინააღმდეგო აქციას გამართავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ.

აქცია რუსთაველის გამზირზე წუხელ განხორციელებული ძალადობის პასუხი იქნება.

“თვითორგანიზებულ სტუდენტთა ჯგუფი ლაბორატორია 1918 გმობს ხელისუფლების მიერ საკუთარ მოქალაქეებზე განხორციელებულ ძალადობასა და დარბევას. პროტესტულად განწყობილი ხალხი არ უნდა გახდეს ფიზიკური ანგარიშსწორების ობიექტი და რეპრესიულ-პოლიციური სახელმწიფოსა და ოპოზიციის ავანტიურისტული მანიპულაციების მსხვერპლი. ჩვენ პროტესტს ვუცხადებთ ამგვარ სიტუაციას, ძალადობას, მილიტარიზმს და მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, რომლებიც იზიარებენ ამ მოსაზრებებს, შემოგვიერთდნენ პროტესტის გამოსახატავად ხვალ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან” - ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.

აქცია დღეს, დილის 11 საათზე გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის წინ.


კოალიცია სამოქალაქო განვითარებისათვის საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, არ მიიღონ საზეიმო აღლუმში მონაწილეობა

26 მაისი, 04.23

კოალიცია სამოქალაქო განვითარებისათვის ავრცელებს განცხადებას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: კოალიცია სამოქალაქო განვითარებისათვის გამოხატავს პროტესტს 2011 წლის 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ მშვიდობიანი აქციის უმოწყალოდ დაშლის და აქციის მონაწილეების ცემისა და დაკავების გამო განსაკუთრებული აღნიშვნის საგანს წარმოადგენს დაკავებულების მიმართ სასტიკი და უმოწყალო მოპყრობა, რაც გამოიხატა წვიმიან ამინდში დაკავებულების მიწაზე დაგდებასა და ცემაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხელისუფლებამ გამოამჟღავნა ის განწყობა, რომელიც გააჩნია განსხვავებულად მოაზროვნე მოქალაქეების მიმართ.

მოვუწოდებთ საქართველოს მოსახლეობას არ მიიღონ საზეიმო აღლუმში მონაწილეობა. ვფიქრობთ, რომ არც ერთი მოქალაქის სისხლის წვეთის ფასად არ ღირს დაგეგმილი აღლუმის გასამართად ჩატარებული სასტიკი სპეც ოპერაცია.

მოვუწოდეთ საერთაშორისო მისიებს, საელჩოებს, განსაკუთრებით მათ, რომლებმაც თავი გამოიჩინეს და პირდაპირ მოუწოდეს ხელისუფლებას მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევისაკენ, ასეთივე სკურპულიზობით შეაფასონ ის ტრაგიკული მოვლენები, რომლებიც განვითარდა რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე.

საია: სახეზეა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და შესაბამისად დანაშაულის ნიშნები

26 მაისი, 04.29

საქართველოს ახალგაზრდა იურუსტთა ასოციაცია ავრცელებს განცხადებას,რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 2011 წლის 26 მაისს დაახლოებით 00:12 წუთზე შს სამინისტროს ძალებმა დაიწყეს რუსთაველის პროსპექტზე გამართული საპროტესტო აქციის დაშლა. იმ შემთხვევაშიც კი, რომ აქციის დაშლის გადაწყვეტილება ყოფილიყო ლეგიტიმური, მედიით გავრცელებული კადრები, აშკარად მიუთითებს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ნიშნებზე, რაც ,,პოლიციის შესახებ” კანონის მოთხოვნების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი არ შიძლება დარჩეს ეფექტური გამოძიებისა და სამართლებრივი რეაგირების გარეშე.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აქციის დაშლას მოყვა ძალის არაპროპორციული გამოყენება, უკვე დაკავებული დემონსტრანტების ცემა, რომლებიც პოლიციას არავითარ წინააღმდეგობას არ უწევდნენ. არსებული ინფორმაციით ადგილი ჰქონდა ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლას, რამდენიმე მათგანი დაშავებული ან/და დაკავებულია.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ორგანიზაციები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მიიჩნევენ, რომ სახეზეა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და შესაბამისად დანაშაულის ნიშნები.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მზადყოფნას გამოთქვამს სამართლებრივი დახმარება გაუწიოს ყველა დაკავებულ პირს. შესაბამისად, დაკავებულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს ვთხოვთ დაგვიკავშირდნენ.

ნინო ბურჯანაძის შვილი დააკავეს

26 მაისი, 05.07

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დააკავეს ნინო ბურჯანაძის შვილი- ანზორ ბიწაძე.

დაკავებისას იქ იმყოფებოდა ნინო ბურჯანაძეც.

,,საზოგადოებრივი დამცველის” განცხადება

26 მაისი, 06.27

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოებრივი დამცველი”, რომელიც ახორციელებდა “სახალხო კრების” ორგანიზებულ აქციის მონიტორინგს, კატეგორიულად გმობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცსამსახურების მიერ 26 მაისს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა უმოწყალოდ დარბევას, მოქალაქეების მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენებას, რომელმაც ყოველმხრივ შელახა ადამიანების პატივი და ღირსება.

ამასთან ავღნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომიტინგეების მიმართ ჩაატარა სპეცოპრაცია. დაკავებულ ხალხთა რაოდენობა მიანიშნებს, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად გაუსწორდა საზოგადოების იმ ნაწილს რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს.

აღნიშნული ოპერაცია, ფაქტიურად, წარმოადგენდა ანტი ტერორისტულ ოპერაციას, რომლის მიზანი იყო არა აქციის დაშლა, არამედ მომიტინგეების მასიური დაპატიმრება და მათთან ფიზიკური ანგარიშსწორება.

მოვუწოდებთ მსოფლიო თანამეგობრეობას, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, მოახდინონ მომხდარ ფაქტზე რეაგირება და მისი სათანადო შეფასება

პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა დღეს, რამდენიმე წუთის წინ, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტის შენობის წინ განვითარებული მოვლენების შედეგად დაიღუპა კიდევ ერთი ადამიანი, აქციაზე მყოფი, ყოფილი პოლიციელი, 55 წლის ნოდარ ცხადაძე. უტიაშვილის თქმით, ცხადაძე აქციის დაშლისას მანქანების სწრაფ მოძრაობას ემსხვერპლა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად საავადმყოფოში 37 ადამიანია მოთავსებული, მათ შორის რვა პოლიციელი, ერთი იტვ-ს ჟურნალისტი, 28 რიგითი მოქალაქე, მათ შორის ერთი ქალია.

უტიაშვილმა დღესვე ბრიფინგზე მედიას აცნობა იმ პოლიციელის ვინაობა, რომელიც შემთხვევის ადგილას `იმ ავადსახსენებელი ესკორტის~ გადაადგილებისას დაიღუპა. იგი პოლიციის ლეიტენანტი ვლადიმერ მასურაშვილია.

სახალხო კრების ცნობით, მათი რამდენიმე ლიდერი უგზოუკვლოდ დაიკარგა

წუხანდელი აქციის შემდეგ, “სახალხო კრების” რამდენიმე ლიდერს ამ დრომდე ვერ პოულობენ.

როგორც “მედიანიუსს” “სახალხო კრებაში” განუცხადეს, ისინი ვერ უკავშირდებიან ირაკლი ბათიაშვილს, გია ბურჯანაძეს, სოსო ჯაჭვლიანს, დიმა ჯაიანს, გოგი ქავთარაძეს და ზაზა პაპუაშვილს.
მათი ცნობით, “სახალხო კრების” ლიდერები პოლიციამ წუხელ დაკაავა და სად არიან გადაყვანილი, არ იციან.

ვრცელდებოდა ინფორმაცია ლევან გაჩეჩილაძის გაუჩინარების შესახებ, თუმცა რამდენიმე წუთის წინ გაჩეჩილაძის თანაშემწემ ნინო ძაგნიძემ მისი სახლში ყოფნა დაადასტურა.

ცნობისთვის: წუხელ, ღამის 12 საათის შემდეგ პარლამენტის წინ სახალხო კრების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია სპეცრაზმმა დაშალა, რასაც რამდენიმე ათეული ადამიანის დაკავება მოჰყვა.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღლუმის მონაწილეებს მიმართა

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი დაიწყო, რომელსაც საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი ჩაიბარებს. აღლუმის მონაწილეებს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით მიმართა.

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აღლუმის დაწყებამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ პატაკი ჩააბარა.

“ობიექტივის” ჟურნალისტ დიანა ხოფერიას სპეცრაზმის წარმომადგენლებმა თავი გაუჩეხეს~

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მის მეუღლეს, მედიაკავშირ `ობიექტივის~ ჟურნალისტ დიანა ხოფერიას გუშინ სამართალდამცველების მიერ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის დარბევისას, “თავი გაუჩეხეს”.

როგორც ხაჭაპურიძემ “მედიანიუსს” განუცხადა, სპეცრაზმის წარმომადგენლები ფიზიკურად მასაც სასტიკად გაუსწორდნენ.

“გუშინ პარლამენტის შენობიდან ჩვენ, მე და ჩემი მეუღლე, მანქანასთან მიღწევას ვცდილობდით, გამოგვედევნენ სპეცრაზმის წარმომადგენლები და ორივე სასტიკად გვცემეს. ჩემს მეუღლეს თავი გაუჩეხეს. იგი მოგვიანებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადავიყვანეთ. მინდა დავაფიქსირო, რომ სამართალდამცველებმა მე მიცნეს და ეს განსაკუთრებული აგრესია ჩემი მისამართით სწორედ ამიტომ მოდიოდა”, - განაცხადა ადვოკატთა შიმშილობის აქციის ორგანიზატორმა ხაჭაპურიძემ და დასძინა, რომ გუშინდელი დარბევის შემდეგ სამართალდამცველებმა მისი გარემოცვის წევრი ზვიად ახვლედიანი დააკავეს, რომელსაც ასევე ფიზიკურად გაუსწორდენენ.

“მისი ადგილსამყოფელი ჩემთვის ახლა უცნობია”, - აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

შეგახსენებთ, რომ წუხელ სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე “სახალხო კრების” ორგანიზებით გამართული საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს. სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა აქციის დაშლისას რეზინის ტყვიები, მხუთავი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

“სახალხო კრების” პრესსამსახურის თანამშრომელს ერთთვიანი პატიმრობა მიესაჯა

“სახალხო კრების” პრესსამსახურის თანამსრომელი ალექსანდრე ჩუბინიძე დააკავეს.

როგორც “მედიანიუსს” “სახალხო კრებიდან” აცნობეს, ალექსანდრე ჩუბინიძე გუშინ რუსთაველის გამზირზე აქციაზე დააკავეს და დაზუსტებულ ინფორმაციით, მას უკვე შეეფარდა ადმინისტრაციული სასჯელი თავისუფლების 1 თვი აღკვეთა.

“სახალხო კრებაში” ამ წუთებში არ ფლობენ ინფორმაციას, თუ სად იმყოფებიან “სახალხო კრების” ლიდერები და რა კონკრეტული გეგმები აქვთ გუშინ მომხდარი ინციდენტის შემდეგ.

შეგახსენებთ, წუხელ პარლამენტის შენობის წინ გამართული “სახალხო კრების” საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმელებმა დაარბიეს. მომხდარს ოფიციალური ინფორმაციით, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაპატიმრებულია 19 ადამიანი.

შსს: აქციაზე დაკავებულ 90-მდე ადამიანს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

შსს ინფორმაციით, წუხელ აქციის დაშლისას 90-მდე ადამიანი დააკავეს, რომელთაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ორ თვემდე პატიმრობა შეუფარდა.

“ავტომანქანით შეჯახებასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. აგრეთვე, ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ აქციის ორგანიზატორთა ნაწილი მასობრივი არეულობების გზით ცდილობდა ხელისუფლების შეცვლას. ამ დროისთვის აქციის არც ერთი ორგანიზატორი დაკავებული არ არის”,_განცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა.

ბრიფინგზე შსს-მ ნინო ბურჯანაძის და ანზორ ბიწაძის პირადი საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა.

`ირაკლი ბათიაშვილის ადგილსამყოფელი უცნობია~

ირაკლი ბათიაშვილის ოჯახი და მედია-კავშირი ”ობიექტივი” ავრცელებს საგანგებო განცხადებას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

`25-26 მაისის ღამით ხელისუფლებამ დაარბია მშვიდობიანი მიტინგი პარლამენტის წინ და დააპატიმრა ათეულობით და დაასახიჩრა ასეულობით ადამიანი. გაურკვეველი იყო ლიდერების ადგილსამყოფელი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მათი უმრავლესობა სასტიკად ნაცემია, ზოგიერთი დააპატიმრეს. მაგრამ ამ დრომდე გაურკვეველია, თუ სად იმყოფება ”სახალხო კრების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი.

მედია-კავშირ ”ობიექტივისთვის” ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ბათიაშვილი დარბევისას იცავდა ქალბატონებს, რის გამოც შეხლა-შემოხლა მოუხდა სპეცრაზმელებთან. მას შემდეგ გაურკვეველია, ირაკლი ბათიაშვილი დაპატიმრებულია თუ საავადმყოფოში იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებენ ირაკლი ბათიაშვილის შესახებ. მედია-კავშირ ”ობიექტივში” მთელი ღამის განმავლობაში უამრავი ადამიანი რეკავდა და კითხულობდა ლიდერების მდგომარეობას. მათ შორის განსაკუთრებით ინტერესდებოდნენ ირაკლი ბათიაშვილი ბედით.

ირაკლი ბათიაშვილის ოჯახი და მედია-კავშირი ”ობიექტივი” საზოგადოების სახელით მოვითხოვთ შსს სამინისტროსგან, დაუყოვნებლივ გაამხილოს მისი ადგილსამყოფელი და ჯანმრთელობის მდგომარეობა~.

ჰუმან რაითს ვოჩი: თბილისში პოლიციამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალა გამოიყენა

დღეს ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია `ჰუმან რაითს ვოჩმა~ გაავრცელა განცხადება წუხელ თბილისში საპროტესტო აქციის დაშლასთან დაკავშირებით.

`თბილისში სპეცრაზმმა მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის დროს გადამეტებული ძალა გამოიყენა. შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება მშვიდობიანი დემონსტრატების მიმართ არაპროპორციელი ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით,~ - აღნიშნულია `ჰუმან რაითს ვოჩის” განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია მიმოიხილავს 25 მაისის აქციის პერიპეტიებს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მხარდამჭერებმა აღნიშნულ დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. ხელისუფლებამ გააფრთხილა მომიტინგეები, რომ ისინი დაშლიდნენ აქციას იმისათვის, რომ 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი ჩატარებულიყო.

მომიტინგეებს აქციის გამართვის ნებართვის ვადა 25 მაისს ღამის 12 საათზე ეწურებოდათ. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა იქ შეკრებილთ პირადად აცნობა. მიუხედავად ამისა, მათ დაშლაზე უარი განაცხადეს. რის შემდეგაც სპეცრაზმმა დემონსტრატების წინააღმდეგ ხელკეტები, მხუთავი აირი, წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები გამოიყენა. ათეულობით დემონსტრანტი ლიდერებთან ერთად დააკავეს.

`ჰუმან რაითს ვოჩის~ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის რაკელ დენბერის შეფასებით, თბილისის აქცია თუნდაც არასანქცირებული ყოფილიყო, ეს ვერაფრით ვერ გაამართლებს ფართომასშტაბიანი მშვიდობიანი დემონსტრატების წინააღმდეგ ცემისა და გადამეტებული ძალის გამოყენების ფაქტებს.

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ უკან არ დავიხევთ, ვიქნებით ფხიზლად და ოკუპანტი მტრის ყველანაირ პროვოკაციას გავცემთ ყოველთვის საკადრის პასუხს

დღეს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად სამხედრო აღლუმი გაიმართა. აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა გამთენიისას რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

`სანამ დღევანდელი საიუბილეო აღლუმი დაიწყება - ეს არის 20 წლისთავი საქართველოს დამოუკიდებლობის, მინდა გავაკეთო მოკლე განცხადება.

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ დაწერილი სცენარით იყო მცდელობა საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავის, აღლუმის ჩაშლის, საბოტაჟისა და მასობრივი არეულობების გამოწვევის.

ჩვენთვის წმინდათაწმინდა ღირებულება არის სიტყვის თავისუფლება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, მათ, ვისაც აქვს კანონიერი მოთხოვნები ან უკმაყოფილება, ჰქონდეთ საშუალება თავისი აზრის გამოხატვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის თავისი პროტესტის გამოხატვის, მაგრამ სიტყვის თავისუფლებასთან იმას, რაც ხდება ბოლო დღეებში, არაფერი საერთო არ აქვს.

ამ ხალხს, ამ პოლიტიკურ ლიდერებს თავისი მცირერიცხოვანი ჯგუფებით, სურდათ სწორედ სიტყვის თავისუფლებასა და ქართულ დემოკრატიაზე ხელის აღმართვა. მათ სურდათ არა სიტყვის თავისუფლება, არამედ მათ სურდათ და სურთ ძალადობა და მსხვერპლი. როცა მათ ვერ მოახერხეს გუშინ მიღწევა იმის, რომ გუშინ პოლიციასთან უშუალო შეტაკებაში მომხდარიყო მათთვის სასურველი მსხვერპლი, პირველებმა სწორედ მათ ლიდერებმა გაქუსლეს აქედან და გზაში გადაუარეს რამდენიმე ადამიანს და სამწუხაროდ, ორი მათგანი დაიღუპა.

მე მინდა სამძიმარი გამოვუცხადო მათ ოჯახებს და მე მინდა ყველას ესმოდეს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, ვინაიდან ეს პროვოკაციები მზადდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არა ქვეყნის შიგნით.

ჩვენ გავუზიარებთ ჩვენს ხალხს ყველა იმ ცოდნასა და ინფორმაციას, რომელიც გაგვაჩნია და გაგვაჩნია, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ცუდი ინფორმაცია.

ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობა ეკუთვნის არა რომელიმე პარტიას, არა რომელიმე პრეზიდენტს, მინისტრს, დეპუტატს, ის ეკუთვნის საქართველოს, საქართველოს წარსულს, აწყმოსა და მომავალს, ის ეკუთვნის დღეს მცხოვრებ თაობებს და მათ, ვინც თავი გასწირეს საკუნეების განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის.

მე მინდა კარგად გვესმოდეს, რატომ უნდოდათ ამ ზეიმის ჩაშლა? იმისთვის, რომ საქართველომ ვერ შეძლოს მსოფლიოს უთხრას, რატომ გვინდა ჩვენ თავისუფლება; იმისთვის, რომ შური იძიონ ჩვენს ჯარზე, რომელმაც სრულიად უთანასწორო ბრძოლაში 2008 წელს, აგვისტოს დღეებში, გმირული წინააღმდეგობა გაუწია ასმაგად აღმატებულ მტრის ძალებს. მიაყენა მათ უფრო დიდი ზარალი, ვიდრე მათ ათწლეულების განმავლობაში მიუღიათ რომელიმე ფრონტზე და რომელიმე ინტერვენციის დროს. ამიტომ იყო არჩეული საქართველოს შეიარაღებული ძალები და დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნის ოკუპანტის სამიზნედ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ჩვენ ყველანი ვართ საქართველოს შვილები, ჩვენ ყველას თანაბრად გვეკუთვნის ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენ ყველა თანაბრად ვიხრით ქედს ჩვენი ჯარისა და ჩვენი გმირების წინაშე და ჩვენ ყველანი დავდგებით სისხლის უკანაკნელ წვეთამდე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, ღირსებისთვისა და ჩვენი შვილების მომავლისთვის. ასე იყო აქამდე და ასე იქნება აწი მუდმივად!

ვერაფერი ვერ შეცვლის დღევანდელი დღის აღნიშვნას, ვერაფერი შეარყევს ჩვენ ნებას, ვიბრძოლოთ ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, დემოკრატიისთვისა და სიტყვის თავისუფლებისთვის, ყველა მოქალაქის აზრის გათვალისწინებისთვის და ნამდვილად დემოკრატიული, თავისუფალი კონსტიტუციური საქართველოს შეუქცევადად აშენებისთვის.

ჩვენ უკან არ დავიხევთ, ჩვენ ვიქნებით ფხიზლად და ჩვენი ოკუპანტი მტრის ყველანაირ პროვოკაციას გავცემთ ყოველთვის საკადრის პასუხს!~

ჯონ ბასი საპროტესტო აქციის დაშლას გამოეხმაურა

საქართველოში აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი რუსთაველის გამზირზე გუშინ სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ “სახალხო კრების” ორგანიზებით მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლას გამოეხმაურა და ინციდენტის შედეგად დაღუპულ ორი ადამიანის ოჯახებს მიუსამძიმრა.

როგორც ტელეკომპანია “რუსთავი 2” იუწყება, ბასმა შეშფოთება გამოთქვა არსებული ცნობების გამო, რომლის თანახმადაც, აქციის დაშლის შემდეგ სამართალდამცველების მხრიდან მომიტინგეებზე პოტენციურ ძალის გადამეტების ფაქტებს ჰქონდა ადგილი.

“პირველ რიგში, მსურს მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახების წევრებს, როგორც სამართალდამცველის, ისე აქციის მონაწილის ოჯახებს. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ძალადობა არასდროს არ არის პასუხი საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და არ შეუძლია წაახალისოს რომელიმე შეხედულება იმის შესახებ, თუ რომელი გზაა სწორი ამ გამოწვებების გადასალახად. ჩემი აზრით, მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, როდესაც აქციის მონაწილეებს ალტერნატიულ ადგილზე გადასვლა შესთავაზა, სადაც მათ აქციის გაგრძელება შეეძლებოდათ. ეს შესაძლებელს გახდიდა აღლუმის ჩატარებასაც. შეშფოთებული ვარ ცნობებით, რომ მას შემდეგ რაც აქცია დაშალეს, იყო პოტენციური ძალის გადამეტების შემთხვევები მათი მხრიდან, ვინც აქციის დაშლაში მონაწილეობდა . მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ეს ბრალდებები სათანადოდ გამოიძიოს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ აშკარად იყო ხალხის გარკვეული რაოდენობა, რომლებიც ჩართულები იყვნენ აქციებში და მათ მშვიდობიანი პროტესტი არ აინტერესებდათ, არამედ ცდილობდნენ ძალადობრივი დაპირისპირების გაღვივებას. ჩემი აზრით, ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რატომ არ არის ძალადობა გამოწვევების გადასაჭრელად საჭირო. ძალადობა არ არის საქართველოში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზა”, - ნათქვამია “რუსთავის 2”-ს მიერ ჯონ ბასის კომენტარის თარგმანში.

შალვა ნათელაშვილი: მოვითხოვთ, ჰააგის ტრიბუნალმა მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილის დაპატიმრების შესახებ

წუხელ თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქციის დაშლისას ლეიბორისიტული პარტიის აქტივისტი, ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირის კოორდინატორი ნოდარ ცხადაძე დაიღუპა.

როგორც დღეს პრეზიდენტის სასახლესთან გამართულ აქციაზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, თბილისში მშვიდობიან მომიტინგეებზე წუხანდელმა სასტიკმა ანგარიშსწორებამ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ `საქართველოში თვითწოდებულ პრეზიდენტად ზის კლასიკური მკვლელი, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს, სანამ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ცეცხლში ჩაეფლობა~.

„მოვითხოვთ, ჰააგის ტრიბუნალმა დროულად მიიღოს გადაწყვეტილება ჩვენ მიერ გასული წლის სექტემბერში შეტანილ სარჩელზე სააკაშვილის დაპატიმრების შესახებ. გარდა ამისა, გაეროს უშიშროების საბჭომ სასწრაფოდ განიხილოს სააკაშვილისა და მისი ხროვის წევრთა მიმართ სანქციების დაწესების საკითხი“, _ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა და სამძიმარი გამოუცხადა წუხანდელი დარბევისას გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს.

ლეიბორისტული პარტია მოითხოვს, ყველა პოლიტპატიმრისა და მძევლად აყვანილი ხალხის გათავისუფლებას.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მეორე 26 მაისს სააკაშვილი აღარ შეხვდება პრეზიდენტის პოსტზე“, _ აღნიშნა ნათელაშვილმა.

გრიგოლ ვაშაძე: რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავებმა აქცია კი არ დაშალეს, არამედ სამართალდარღვევის ფაქტი აღკვეთეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, წუხელ რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავებმა აქცია კი არ დაშალეს, არამედ სამართალდარღვევის ფაქტი აღკვეთეს.

,,მარგინალების ბრბო ცდილობდა, ქართველი ხალხისთვის ყველაზე წმინდა ზეიმი ჩაეშალა. ეს აქციის დაშლა კი არ იყო, არამედ იყო სამართალდარღვევის ფაქტის აღკვეთა. ვერასოდეს ვერავინ გვაიძულებს ჩვენი ქვეყნის ყველაზე საზეიმო დღე არ ვიზეიმოთ”- აღნიშნა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ რუთაველის გამზირზე სახალხო კრების საპროტესტო აქციის დაშლა სამართალდამცავებმა ღამის 12:00 საათის მერე დაიწყეს.

თვითმხილველთა ინფორმაციით, მომიტინგეებს სამართალდამცავები ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით შლიდნენ, გარდა ამისა აქციის მონაწილეებს, სპეცრაზმელები ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

დაღუპულია ერთი პოლიციელი და ერთი აქციის მონაწილე. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით დაკავებულია 90-მდე ადამიანი.

სოზარ სუბარი: ხელისუფლებამ მომიტინგეების დარბევისას არაადეკვატური ძალა გამოიყენა

“ქართული პარტიის” ლიდერ სოზარ სუბარის განცხადებით, ხელისუფლებამ წუხელ რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დარბევისას არაადეკვატური ძალა გამოიყენა.

როგორც სუბარმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გუშინ პარლამენტის შენობის წინ განვითარებული მოვლენები არა მომიტინგეების დაშლა, არამედ კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო, რომელიც მიზნად მშვიდობიანი მოსახლეობის დაკავებასა და დაშინებას ისახავდა.

“პირველ რიგში, მინდა მწუხარება გამოვთქვა წუხელ ორი ადამიანის დაღუპვის გამო და მათ ოჯახებს მივუსამძიმრო. რაც შეეხება აქციის დარბევას, ეს იყო კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია. ყველამ ვნახეთ, რომ მომიტინგეების რაოდენობა მაინცდამაინც დიდი არ იყო, ამიტომ ხელისუფლებამ არაადეკვატური ძალა გამოიყენა”, - განაცხადა სუბარმა და დასძინა, რომ გარკვეული მორალური პასუხისმგებლობა აქციის ორგანიზატორებსაც ეკისრებათ, რადგან მათ აქციების დაწყებამდე უარი თქვეს “ქართული პარტიის” მიერ შეთავაზებულ ერთობაზე.

“ეს ერთობა, რომ შემდგარიყო, ქუჩაში უფრო მეტი ხალხი გამოვიდოდა და ხელისუფლება აქციის დარბევას ვერ გაბედავდა. რაც შეეხება იმას ჰქონდათ თუ არა მომიტინგეებს 26 მაისს აქციების რუსთაველის გამზირზე გამართვის უფლება, შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონით მშვიდობიანი მანიფესტაციის გამართვის უფლება მათ ჰქონდათ, ასეც რომ არ ყოფილიყო, ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ არაადეკვატური ძალა გამოიყენა და ხალხის წინაშე დანაშაული ჩაიდენა”, - განაცხადა “ქართული პარტიის” ლიდერმა.

მისი თქმით, გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ცოტა ხანში განცხადებას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილიც გააკეთებს.

შს სამინისტრომ წუხელ რუსთაველის გამზირზე ორი ადამიანის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2011 წლის 26 მაისს 00:10 საათზე, ნინო ბურჯანაძემ, თავის თანმხლებ პირებთან ერთად, ავტომობილების საშუალებით, მიატოვა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ განთავსებული სცენის მიმდებარე ტერიტორია. ნინო ბურჯანაძის ესკორტი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა თავისუფლების მოედნის მიმართულებით, რა დროსაც ესკორტის ორი მანქანა, რომელთაგან ერთ-ერთს მართავდა ნინო ბურჯანაძის თანაშემწე ივანე ჩიღვინაძე, ხოლო მეორეს ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი ზაქარია ზურაშვილი, შეეჯახა რამდენიმე ადამიანს. შეჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ლეიტენანტი ვლადიმერ მასურაშვილი და მოქალაქე ნოდარ ცხადაძე. ასევე სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო რამდენიმე მოქალაქემ , მათ შორის, ოთხმა პოლიციელმა, რომელთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. დაკავებისას ივანე ჩიღვინაძემ და ზაქარია ზურაშვილმა თანმხლებ პირებთან ერთად პოლიციას გაუწიეს წინააღმდეგობა.

გოგი ქავთარაძეს ყურთან რეზინის ტყვია მოხვდა

მსახიობი და რეჟისორი გოგი ქავთარაძე გუშინ რუსთაველის გამზირზე “სახალხო კრების” აქციის დაშლისას დაშავდა.

როგორც მან “მედიანიუსს” აცნობა, ამ წუთებში სახლში იმყოფება, თუმცა ექიმთან მისვლას გეგმავს.
“გუშინ აქციის დარბევისას ყურის ქვემოთ მომხვდა რეზინის ტყვია. უფრო ახლოს რომ ყოფილიყო, შეიძლება სავალალო შედეგით დასრულებულიყო ეს ყველაფერი. ამ ეტაპზე რეზინის ტყვიას სმენის პრობლემა არ შეუქმნია. ვგეგმავ ექიმთან წასვლას, რომ გავიგო, დამიზიანა თუ არა ტყვიამ რამე,” – განაცხადა გოგი ქავთარაძემ.

მისი ინფორმაციით, “სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭოს ლიდერი გია ბურჯანაძე საკუთარ სახლში იმყოფება. ამ დრომდე უცნობია სოსო ჯაჭვლიანისა და ირაკლი ბათიაშვილის ადგილსამყოფელი.

შეგახსენებთ, წუხელ პარლამენტის შენობის წინ “სახალხო კრების” საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმმა დაშალა.

წინააღმდეგობის მოძრაობა ოპოზიციურ სპექტრს და სამოქალაქო საზოგადოებას ერთიანი გეგმის შემუშავებიაკენ მოუწოდებს

წუხელ საქართველოს პარლამენტის შენობასთან წარმომადგენლობითი სახალხო კრების აქციის დაშლას საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა საგანგებო განცხადებით ეხმაურება

“საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა გმობს დამოუკიდებლობის დღეს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ვანდალიზმს და სოლიდარობას უცხადებს საპროტესტო აქციის ყველა დაშავებულ მონაწილეს. გულისტკვილით აღვნიშნავთ, რომ საკუთარ ხალხზე მსგავსი ძალადობრივი აქტი საქართველოს უახლოეს ისტორიაში არცერთ ხელისუფლებას არ განუხორციელებია, _ ნათქვამია განცხადებაში, _ რთული მოსაყვანია ანალოგი მსოფლიო ისტორიიდანაც, როდესაც ხელისუფლება საკუთარ ხალხს, როგორც მტერს უსწორდება~.

საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაბა მიიჩნევს, რომ 2011 წლის 26 მაისი “ღირსეულ” ადგილს დაიმკვიდრებს 1989 წლის 9 აპრილის, 2007 წლის 7 ნოემბრისა და სხვა “სამარცხვინო” თარიღების გვერდით.

“სახეზეა ახალი ტიპის დიქტატურა. სხვაგვარად ვერ აიხსნება მშვიდობიანი მანიფესტანტების მასობრივი დასახიჩრება და ჟურნალისტებზე ძალადობა, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება არ მიეცათ, მოხვდათ ხელკეტები, რეზინის ტყვიები და ჩამოერთვათ აპარატურა,”-ნათქვამია საგანგებო განცხადებაში.

საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა ოპოზიციურ სპექტრს და სამოქალაქო საზოგადოებას შეკრებისა და ერთიანი გეგმის შემუშავებიაკენ მოუწოდებს.

“არა!”-ს აქტივისტ ვეფხვია დევნოზაშვილს ვერ პოულობენ

საზოგადოებრივ მოძრაობა “არა!”-ს ახალგაზრდა აქტივისტ ვეფხვია დევნოზაშვილს ვერ პოულობენ.

როგორც “მედიანიუსს” მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა თიკო ნიბლოშვილმა განუცხადა, დევნოზაშვილი წუხელ რუსთაველის გამზირზე გამართული მიტინგის დარბევის შემდეგ დაიკარგა. ნიბლოშვილის თქმით, “არა!”-ს აქტივისტებმა დამოუკიდბელი ადვოკატების და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების დახმარებით გადაამოწმეს იმ პირთა სია, რომელთა დაკავების შესახებაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გააკეთა, თუმცა დევნოზაშვილი მათ შორის არ აღმოჩნდა.

მისი თქმით, ბოლო ინფორმაციით, დევნოზაშვილი რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა მიწაზე დააწვინეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

“მოვუწოდებთ ქვეყნის შესაბამის უწყებებს, დაგვეხმარონ ამ ადამიანის ძებნაში”, - განაცხადა ნიბლოშვილმა.

ნინო ბურჯანაძე: ხელისუფლება ჩემს ვერცერთ ქმედებაში ანტისახელმწიფოებრივს ვერ ნახავს

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე გუშინ რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

როგორც მან საკუთარ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რაც არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, ვერცერთ მის ქმედებაში სახელმწიფოს, ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედების იოტისოდენა ნაწილსაც ვერ ნახავს, ხელისუფლებას კი აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა.

“ვერ გამაჩერებ, ბატონო ვითომ პრეზიდენტო. ზუსტად ამიტომ გეშინია, ზუსტად ამიტომ ებრძვი ასე გაწიწმატებული და გამწარებული ჩვენს პოლიტიკურ ძალას და პირადად მე. თქვენ გუშინ ადამიანები სასიკვდილოდ, დიახ, სასიკვდილოდ გაწირეთ. ისე დაგეგმა თქვენმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერაცია, რომ ადამინებს გასაქცევი გზა არ დაუტოვეთ, გასხვავებით გენერალი როდიონოვისგან, რომელმაც 1989 წელს რუსთაველზე ტანკები შემოიყვანა თავისუფლების მოედნიდან, ხოლო სამი სხვადასხვა მიმართულებით გზა მომიტინგეებისთვის იყო ხსნილი. დამისახელეთ ერთი გზა, ერთი პატარა ქუჩა, რომელიც გუშინ გახსნილი იყო,” – განაცხადა ბურჯანაძემ.

ირაკლი ალასანია: ნინო ბურჯანაძისა და მისი შვილის ჩანაწერის დროულად გამოქვეყნების შემთხვევაში, შეიძლება ტრაგედია აღარ მომხდარიყო

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ირაკლი ალასანიას ნინო ბურჯანაძისა და მისი შვილის ჩანაწერის დაგვიანებით გამოქვეყნება დანაშაულად მიაჩნია.

მისი თქმით, გაუმართლებელია, როდესაც ხელისუფლების ორგანოებს ასეთი ინფორმაცია აქვთ და ტრაგედიის შემდეგ აქვეყენებენ.

“მე რაც ტელევიზიით ვნახე, ასეთი ინფორმაციის შენახვა საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მხრიდან არასწორი იყო. იქნებ ამ მასალებს ან სხვა მტკიცებულებებს თავიდან აერიდებინა ეს ტრაგედია. მოვითხოვ გუშინდელი მოვლენების სრულად გამოძიებას. ყველა მხრიდან, ვინც პასუხისმგებელია გუშინდელ მოვლენებზე, უნდა იყოს მართლმსაჯულების წინაშე წარდგენილი", - აცხადებს ირაკლი ალასანია.

ცნობისთვის: შს სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ფარული ჩანაწერიდან `ირკვევა, რომ ნინო ბურჯანაძე და მისი ვაჟი ანზორ ბიწაძე ხელისუფლების შეცვლის სხვადასხვა გზებს განიხილავენ, მათ შორის, სამოქალაქო ომსა და სისხლისღვრას~.

შს სამინისტრომ ნინო ბურჯანაძისა და მისი ვაჟის საუბრის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გავრცელებულ ოპერატიულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით საკუთარ ვებ-გვერდზე ამ ჩანაწერის შინაარსი განათავსა.

მასში ნათქვამია: `26 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული აუდიო ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ნინო ბურჯანაძე და მისი ვაჟი ანზორ ბიწაძე ხელისუფლების შეცვლის სხვადასხვა გზებს განიხილავენ, მათ შორის, სამოქალაქო ომსა და სისხლისღვრას. ბიწაძე „ეგვიპტის სცენარს" უჭერს მხარს და აღნიშნავს, რომ მიზნის მისაღწევად 100-500 კაცის სიკვდილიც ღირს. ბურჯანაძე ფიქრობს, რომ რუსეთის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება პოლარიზებულია და პროცენტულად 50-50%-ზეა. მათი ვარაუდით, აქციაზე 30 000 მხარდამჭერი გამოვა. ბიწაძის შეფასებით, ჯარი სუსტია და იმ შემთხვევაში თუ კოჯრის სპეციალური დანიშნულების ბატალიონი სროლას გაბედავს, მათ რუსეთის სამხედრო დაზვერვის - გრუ -ს სპეცნაზთან მოუწევს საქმის დაჭერა~.