სამართალი
იბერია ტვ-ის საქმეზე დაცვის მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას მომდევნო სხდომაზე დაასრულებს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია “იბერია”-ს სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმეზე სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა.
დაცვის მხარემ საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლია.
ამასთან, საქალაქო სასამარლოში გუშინ გამართულ სხდომაზევე მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამადგომლობა საქმეში ახალი მტკიცებულების დართვის შესახებ.
შესაბამისად, მომდევნო სხდომაზე ზურაბ ადეიშვილის ადვოკატი შოთა კახიძე გეგმავს რუსთავი 2-ის გადაცემაში ,,კვირის აქცეტები“ 30 სექტემბერს გასული ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს იმ ნაწილის გამოკვლევას, სადაც ადვოკატის განმარტებით, ,,ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ,,იბერიასთან“ დაკავშირებით 2004 წელს მომხდარ მოვლენებში ირაკლი ოქრუაშვილის და ქიბარ ხალვაშის ,,ცუდ როლზე“ საუბრობს.
ამასთან, მომდევნო პროცესზევე იგეგმება დაცვის მხარის მოწმეთა გამოკითხვის დასრულებაც. კერძოდ, საუბარია ქიბარ ხალვაშზე, კობა კვანტალიანსა და იოსებ მგელაძეზე, რომლებიც ამ დრომდე სასამართლო უწყების მიღების მიუხედავად, არ გამოცხადებულან ჩვენების მისაცემად.
მოსამართლემ დაცვის მხარეს მტკიცებულებების გამოკვლევის დასასრულებლად მომდევნო სხდომა განუსაზღვრა. იმ შემთხვევაში, თუ მოწმეები შემდეგ სხდომაზე არ გამოცხადდებიან სასამართლოში, ისინი მოიხსნებიან დასაკითხ პირთა სიიდან.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია ,,იბერიის’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე 2016 წლის თებერვალში გახსნა.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
საქმეზე მომდევნო სხდომა 29 ოქტომბრის 16:00 საათისთვის ჩაინიშნა.