Politics
    2026-07-28 | 14:55

    გიორგი ქართველიშვილის მიერ ასეთი მოძრაობის შექმნა სახელმწიფოს ჩამოშლის ნიშანია - ფიქრია ჩიხრაძე

    გიორგი ქართველიშვილის მიერ ასეთი მოძრაობის შექმნა სახელმწიფოს ჩამოშლის ნიშანია - ფიქრია ჩიხრაძე

    „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ „ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვის მიზნით“ ახალი მოძრაობის დაფუძნება სამართლებრივი სახელმწიფოსთვის მიუღებელი მოვლენაა და ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს.

    როგორც ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მსგავსი ორგანიზაციის შექმნა სახელმწიფოს ინსტიტუტების სისუსტეზე მიუთითებს, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მისი მხარდაჭერა აჩენს ეჭვს, რომ მოძრაობა ხელისუფლების მფარველობით მოქმედებს.

    მისი შეფასებით, არსებობს საფრთხე, რომ აღნიშნული ჯგუფი განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებებისთვის იქნას გამოყენებული.

    ჩიხრაძემ ასევე განაცხადა, რომ მოძრაობის მიერ „ქართული ღირებულებების“ დაცვის დეკლარირებული მიზანი არადამაჯერებელია და აღნიშნა, რომ ქრისტიანული ღირებულებების დაცვა ძალადობით შეუძლებელია.

    ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, აუცილებელია ამ საკითხზე პოზიცია დააფიქსიროს საქართველოს საპატრიარქომ, რადგან, მისი შეფასებით, მსგავსი ორგანიზაციების შექმნა სამოქალაქო დაპირისპირების რისკს ზრდის.

    ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან მსგავსი არაფორმალური ჯგუფების საქმიანობაც დაუშვებელია, რადგან ეს პროვოკაციების საფრთხეს ქმნის, ხოლო უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებლობა უნდა იყოს.

    მისივე თქმით, პასუხისმგებლობა ამ პროცესებზე ეკისრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასა და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, რადგან, მისი შეფასებით, ხელისუფლება ხელს უწყობს და მფარველობს მსგავსი ძალების ჩამოყალიბებას.

    ჩიხრაძემ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების რისკი მაღალია და ახალი მოძრაობა მას რუსეთში მოქმედ კადიროვის დაჯგუფებებს აგონებს, რომლებიც, მისი თქმით, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენებიან.

    „მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეკლესიის, საზოგადოების და მათ შორის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ძალისხმევით, ასეთი პროცესი მასშტაბურ დაპირისპირებამდე არ მივა. ძალიან მძიმედ მოეკითხება იმათ, ვინც ასე უპასუხისმგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას და ქვეყანაში ასეთი მომატებული რისკის ჯგუფებს ქმნის“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.