უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
ადამიანის უფლებათა ცენტრი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგის პროცესში ითანამშრომლებენ
დღეს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს დავით ასათიანს, აღმასრულებელ დირექტორს გიორგი ჭეხანს და სასწავლო ცენტრის დირექტორს ქეთევან თურაზაშვილს შეხვდნენ. ცენტრისა და ასოციაციის წარმომადგენლებმა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მუშაობის მონიტორინგის მნიშვნელობაზე და ქვეყანაში მოქალაქეთა დარღვეული უფლებების აღდგენის ეფექტიანი მექანიზმის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის მკვლევარების მიერ მოძიებული ინფორმაციით, მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტი, ძირითადად, იძიებს 2012 წლამდე საკუთრების უკანონოდ ჩამორთმევისა და წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეებს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, ფიქსირდება ფაქტები, როცა დეპარტამენტი სახელმწიფო ბალანსზე არსებულ ქონებას სასამართლოს გვერდის ავლით უბრუნებს მესაკუთრეს (დაზარალებულს). იმ შემთხვევებში, დაზარალებულის უფლებების დარღვევის ფაქტები გამოიკვეთება, პროკურატურას გამოაქვს დადგენილება დაზარალებულის უფლებების დარღვევის შესახებ და მიმართავს სააპელაციო სასამართლოს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით.
,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა ხაზი გაუსვა ასოციაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას ქვეყანაში სამართლიანი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების ჩამოყალიბების პროცესში. მისი, თქმით, სამწუხაროდ, ქართულმა მართლმსაჯულებამ ადეკვატურად ვერ უპასუხა ბოლო ათწლეულის მთავარ გამოწვევას - მართლმსაჯულების ხარვეზებს. უფრო მეტიც, 2012 წლამდე მართლმსაჯულებაში არსებული განუკითხაობით და დარღვევებით ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატებიც არიან დაზარალებულები. მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობა პტაქტიკულად ერთადერთი მექანიზმია, რაც სახელმწიფომ შექმნა მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც მნიშვნელოვანია და მისასალმებელი, მაგრამ ამავე დროს, მიღებული უნდა იქნას ყველა ზომა, რათა მექანიზმი არ ტოვებდეს შერჩევითი მართლმსაჯულების შთაბეჭდილებას.
ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლების შეთანხმებით, ასოციაცია ინფორმაციას გაავრცელებს ადვოკატებს შორის ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ახალი დეპარტამენტის მონიტორინგის პროექტის შესახებ. სხვა აქტივობებთან ერთად, პროექტი მოიცავს ადვოკატთა გამოკითხვას ახალი დეპარტამენტის მუშაობისა და მისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეების შესახებ.
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი 2015 წლის 13 თებერვალს შეიქმნა. მისი ამოცანებია სამართალწარმოების მიმდინარეობისას შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებზე, მათ შორის წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის, ქონების იძულებით დათმობის ფაქტებზე გამოძიების წარმოება და სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება.
ადამიანის უფლებათა ცენტრისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ურთიერთთანამშრომლობა დაიგეგმა პროექტის - „მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგი“ ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით ახორციელებს“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.