უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
არქივი
პოლიტიკა
აფხაზეთში ყირიმის ანექსიის სცენარს არ გამოვრიცხავ - უილიამ კორტნი
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, უილიამ კორტნის განცხადებით, ნატოსა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად საქართველომ უნდა გაატაროს ეკონომიკური, მმართველობითი და სასამართლო რეფორმები, ასევე შეამციროს კორუფციის დონე ქვეყანაში. ამის შესახებ კორტნიმ „ამერიკის ხმას“ უთხრა.
„საქართველოს სჭირდება ეკონომიკური და მმართველობის რეფორმების გატარება იქამდე, ვიდრე ის ნატოს და ევროკავშირის წევრობის სტანდარტებს დააკმაყოფილებს. მნიშვნელოვანი იქნება კანონის უზენაესობის გაუმჯობესება. 2016 წლის მონაცემებით, მსოფლიო სამართლებრივ ანგარიშში (World Justice Project) საქართველო 34-ე ადგილზე იყო 113 ქვეყნიდან. ასეთი მაჩვენებელი ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მონაცემზე უკეთესია ( ხორვატია, იტალია, უნგრეთი), თუმცა უკეთესი შედეგი ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა ქვეყნისთვის. ასევე, უკეთესი იქნებოდა კორუფციის შემცირებაც. 2016 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აქვეყნებს-საქართველო 44-ე ადგილზეა 176 ქვეყანას შორის“, - განაცხადა კორტნიმ.
ინტერვიუში კორტნი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში 8 აგვისტოს გამართულ ვიზიტს გამოეხმაურა. აშშ-ის ყოფილი ელჩის განმარტებით, რუსეთმა შეეცადა, ამ ფორმით ოკუპირებულ აფხაზეთზე კონტროლი შეენარჩუნებინა. მან არ გამორიცხა აფხაზეთში ყირიმის სცენარის განმეორება.
„პრეზიდენტ პუტინის ვიზიტი ხაზს უსვამს მოსკოვის გადაწყვეტილებას, აფხაზეთზე კონტროლი შეინარჩუნოს, მიუხედავად რუსეთის დაღმავალი საერთაშორისო რეიტინგისა. კრემლი, შეიძლება, იმედგაცრუებული იყოს იმის გამო, რომ დამოუკიდებლად მოაზროვნე აფხაზები თავიანთი ქვეყნისთვის დამოუკიდებელი იდენტობის შენარჩუნებას ესწრაფვიან. ამ შემთხვევაში, რუსეთმა, შესაძლოა, შეეცადოს აფხაზეთის ანექსიას, ისე როგორც ეს ყირიმში მოხდა“, - თქვა კორტნიმ.
რაც შეეხება აშშ-ის დახმარებას რუსული აგრესიის შესაჩერებლად, კორტნიმ განაცხადა, რომ დასავლეთმა მოსკოვის წინააღმდეგ ერთიანი, ძლიერი ოპოზიციური ფრონტი უნდა შეინარჩუნოს აღმოსავლეთ უკრაინაში.
„დასავლეთისთვის საუკეთესო გზა საქართველოში რუსეთის შემდგომი აგრესიის აღსაკვეთად მდგომარეობს ერთიანი, ძლიერი ოპოზიციური ფრონტის შენარჩუნებაში რუსეთის მოქმედებების წინააღმდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში“, - აღნიშნა კორტნიმ.