უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
აქცია `შეაჩარეთ!` - ხვალ მთაწმინდისა და კუს ტბის დამაკავშირებელი ქედის დემონტაჟს გააპროტესტებენ
მრავალბინიანი კორპუსის აშენების მიზნით, მთაწმინდისა და კუს ტბის დამაკავშირებელი ქედის დემონტაჟს გააპროტესტებენ ხვალ, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ორგანიზებით დაგეგმილ აქციაზე.
საპროტესტო აქცია "შეაჩარეთ!" 13:00 საათზე, ნინო ჟვანიასა და შატბერაშვილის ქუჩების ბოლოში, კვეთაზე გაიმართება, იქ სადაც ქედის მოჭრა მიმდინარეობს.
,,განახლდა მთაწმინდისა და კუს ტბის დამაკავშირებელი ქედის დემონტაჟი, მრავალბინიანი კორპუსის აშენების მიზნით. ქედზე ისედაც, მუდმივად მიმდინარეობდა ნიადაგის ჩამოშლა და ქანების მოძრაობა, ვინაიდან ქედი შედგება შლადი ქანებისგან. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ მეწყერმა, რომელიც ამავე ქედზე განვითარდა, ჭონქაძის ქუჩაზე გაანადგურა ბენზინ გასამართი სადგური და დახოცა ადამიანები. მშენებლობა არის უაღრესად საშიში, ვინაიდან ის მიმდინარეობს ხეობაში, რომელიც ყოველთვის იყო მეწყერსაშიში. საფრთხე შეექმნება არა მარტო ახალ კორპუსში შესახლებულ მოსახლეობას, არამედ წლების წინ აქ დაფუძნებულ მაცხოვრებლებს. ქედის თხრის შედეგად იკვეთება, რომ მიწა სულ უფრო და უფრო ნესტიანი ხდება, რაც კუს ტბის სიახლოვით უნდა იყოს განპირობებული. ექსპერტების მოსაზრებით, არის საშიშროება კუს ტბის გამოჟონვის და ჟვანიას/შატბერაშვილის/კეკელიძის ქუჩების დატბორვა-განადგურების. ქედის მოშლის შედეგად, ხეობა, რომელიც დღემდე მეტნაკლებად, ბუნებრივად არეგულირებდა წყლის გატარებას თავსხმა წვიმების დროს, დაკარგავს წყალშემკრებ, წყალმარეგულირებელ და წყალშემკავებელ ფუნქციას. მითუმეტეს, რომ მდინარე ვარაზის ხევი მოქცეულია სადინარში და შექმნილია ვერეს ხეობის ანალოგიური მდგომარეობა. შედეგად, წვიმების დროს ნიაღვრის წარმოქმნის ალბათობა ხდება მაღალი, რაც განადგურებით ემუქრება ამ ქუჩებზე, წლების წინ გაშენებულ სახლებს და მოსახლეობას. მოვუწოდებთ თბილისის მერიას შეაჩეროს უკანონოდ დაკანონებული მშენებლობა, რომელიც საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს! აქცია არის მოქალაქეების და არასამთავრობოების მიერ ორგანიზებული, თუმცა აქციაში მონაწილეობისკენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას თუ უბრალოდ დაინტერესებულ პირს, ვისთვისაც ამ ქალაქის და აქ მაცხოვრებლების გადარჩენა მნიშვნელოვანია. შევაჩეროთ უკანონობა!“ - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.