უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
არქიტექტურული ვანდალიზმის სახლემძღვანელო რომ გამოდიოდეს, მის ყდაზე დავიტანდი ამ ობიექტს - ადგილობრივები ქიაჩელის ქუჩაზე 3 კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ
ადგილობრივი მოსახლეობა ქიაჩელის 19 ნომერში სამი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. მათ უკვე მიმართეს მერიას.
ადგილობრივების მტკიცებით, ქუჩა ამხელა დატვირთვას ვერ გაუძლებს, ხოლო 2002 წლიდან 2-ჯერ შეჩერებული მშენებლობა დავით ნარმანიას მერობის პერიოდში განახლდა.
„ეს არის არაჩვეულებრივი, პატარა, წყნარი ქუჩა. ცნობილია თავის მაცხოვრებლებით და შესანიშნავი სახლებით. არის კულტურული ძეგლები ამ ქუჩაზე, 28 მემორიალური დაფაა. ვინ მისცა უფლება? არც ღმერთს მიუცია უფლება და არც მის ბებია-ბაბუას რომ აიღონ და ქალაქი ასე დაამახინჯონ“,- განაცხადა ქიაჩელის ქუჩის მაცხოვრებელმა, მსახიობმა ასმათ ტყაბლაძემ.
ადგილობრივებმა ამ საკითხზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეხვდნენ.
ენმ-ის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა პირობა დადო, რომ ამ ქუჩის მცხოვრებლების ინტერესებისთვის იბრძოლებს.
„მთლიანად ქიაჩელის ქუჩაზე 50 ოჯახი ცხოვრობს, აქ სამსართულიანზე მაღალი შენობა არაა და არც უნდა იყოს. ნებართვაა გაცემული სამი კორპუსის მშენებლობაზე, პრაქტიკულად 2-ჯერ მეტი ადამიანი იცხოვრებს მხოლოდ ამ კორპუსებში, ვიდრე მთლიანად ქუჩაზე. წარმოიდგინეთ, რა ჯოჯოხეთი ელოდებათ ამ ქუჩის მოსახლეობას მას შემდეგ, რაც ეს კორპუსები ექსპლუატაციაში შევა. ჩვენ, როგორც პარტია, ასევე ფრაქცია საკრებულოში, ბოლომდე ვიბრძოლებთ, ამ ქუჩის მოსახლეობისა და, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი დედაქალაქის ინტერესების დასაცავად“,- აღნიშნა უდუმაშვილმა.
ენმ-ის წევრმა ნიკა ვაჩეიშვილმა ქიაჩელის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობები არქიტექტურული ვანდალიზმი უწოდა.
„არქიტექტურული ვანდალიზმის სახლემძღვანელო რომ გამოდიოდეს, მის ყდაზე დავიტანდი ამ ობიექტს, იმიტომ რომ აქ არცერთი პარამეტრი არ არის, რომ აკმაყოფილებდეს ელემენტარულ მოთხოვნას, რელიეფი, გრუნტის წყლები, მასშტაბი, სართულიანობა, ისტორიული გარემო - ყველაფერს არღვევს“,- განაცხადა ვაჩეიშვილმა