პოლიტიკა
არსებობს მთელი რიგი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო, რომლებსაც არა აქვთ საშუალება, რუსეთის გამო განვითარდნენ ისე, როგორც სურთ - ანგელა მერკელი
გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანია თვალს ვერ დახუჭავს მეზობელი სახელმწიფოების მიმართ რუსეთის ქმედებებზე. ამის შესახებ მერკელმა ბერლინში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე თქვა.
ანგელა მერკელის განცხადებით, არსებობს მთელი რიგი სახელმწიფოები, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, განვითარდნენ ისე, როგორც მათ სურთ, რადგან მათი მეზობელი რუსეთია. მაგალითად კი ანგელა მერკელმა საქართელოს ოკუპირებული რეგიონებიც დაასახელა.
„ჩვენ შემოგვაქვს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ იმისთვის, რომ ცხადად ვანახოთ, რომ ქვეყნებს, მიუდეხედავად იმისა, რომ ისინი რუსეთის საზღვრებთან ახლოს მდებარეობს, აქვთ დამოუკიდებლად განვითარების უფლება. ეს საერთაშორისო სამართლის საფუძველია. ხშირად მეკითხებიან, არის თუ არა რუსეთთან დაახლოების შესაძლებლობა. მეც მინდა, რომ ასე მოხდეს, მაგრამ ჩვენ უნდა ვადევნოთ თვალი იმას, რომ ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის მსგავსი ქმედებები არ განმეორდეს.
თუკი შეხედავთ რუსეთის სამეზობლოს, საქართველოში არის სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, მოლდოვაში - დნესტრისპირეთი, აზერბაიჯანსა და სომხეთში - მთიანი ყარაბაღი, უკრაინაში - აღმოსავლეთი რეგიონები. ანუ არსებობს მთელი რიგი სახელმწიფოები, რომლებსაც არა აქვთ საშუალება, განვითარდნენ ისე, როგორც მათ სურთ და ჩვენ გერმანიაში ამაზე თვალს ვერ დავხუჭავთ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.