უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა
ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება არ გაუკეთებია „ქართული ოცნების“ არცერთ ლიდერსა და პოლიტიკური თანამდებობის პირს - შოთა შალელაშვილი თეა წულუკიანზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა - შოთა შალელაშვილმა უპასუხისმგებლო უწოდა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადება სახალხო დამცველზე.
დეპუტატის თქმით, ის ემიჯნება მინისტრის პოზიციას.
გუშინ თეა წულუკიანმა უჩა ნანუაშვილს საქართველოს ისტორიაში პირველი უსამართლო ომბუდსმენი უწოდა.
„მინდა, გამოვეხმაურო იუსტიციის მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომლითაც ქალბატონი წულუკიანი საქართველის ისტორიაში ყველაზე უსამართლო ობმუდსმენს უწოდებს საქართველოს სახალხო დამცველს. მე კი ვფიქრობ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება არ გაუკეთებია „ქართული ოცნების“ არცერთ ლიდერსა და პოლიტიკური თანამდებობის პირს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის დღევანდელი განცხადება სახალხო დამცველის მიმართ, გახლავთ, როგორც პოლიტიკური ისე სამართლებრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯი, რომელსაც მთლიანად ვემიჯნები და ვეხმაურები იმ მოტივაციით, რომ მომავალში არცერთი ჩინოვნიკი აღარ მისცემს თავს უფლებას, მსგავსი უპასუხისმგებლო შეფასებები გამოხატოს, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინსტიტუციის მისამართით.
მინდა მოგიწოდოთ, რომ ყველამ პატივი სცეთ კონსტიტუციურ ორგანოებს, პატივი სცეთ თანამდებობის პირებს, რომლებიც კონსტიტუციითა თუ სხვა სამართლებრივი აქტებით ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას, მიუხედავად იმისა, ვინმეს მოსწონს თუ არა მათი სამართლებრივი შეფასებები.
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საქართველოს პარლამენტის მიერ 88 ხმით იქნა მხარდაჭერილი მოქმედი ომბუდსმენის კანდიდატურა. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პრაქტიკულად ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც 2012 წლის შემდეგ შეძლო ადამიანის უფლებების აღიარება, განმტკიცება და დაცვის უზრუნველყოფა, ეს არის „ქართული ოცნება“ და სწორედ, ამ პოლიტიკური ძალის ღირსებისა და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე არ ვაპირებ, თვალი დავხუჭო მსგავს უსამართლობაზე.
ყოველთვის, ყურადღებით ვადევნებ თვალს ომბუდსმენის საქმიანობასა და ანგარიშს, ასევე მისასალმებელი ფაქტია, რომ არცერთი საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციიდან არ გაჩენილა პრეტენზიები მისი მისამართით, მაშინ, როცა ქალბატონი წულუკიანი მოქმედ ომბუდსმენს უწოდებს „პირველ უსამართლო ომბუდსმენს““, - წერია დეპუტატის ფეისბუკგვერდზე.
ანა მებურიშვილი