უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
ატენის ქუჩის მოსახლეობამ სახალხო დამცველის ოფისთან 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობა გააპროტესტა
ატენის 19 ნომრის მცხოვრებლებმა სახალხო დამცველის ოფისთან აქცია გამართეს. მათ გააპროტესტეს 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობა და მოუწოდეს მერიას, გადახედოს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2018 წლის 15 იანვარს გაცემული მშენებლობის ნებართვა.
აქციის მონაწილეთა თქმით, მშენებლობა უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფით მიმდინარეობს, რის გამოც ირღვევა მათი სიცოცხლისა და საკუთრების უფლება.
ატენის ქუჩის მცხოვრებლებმა სახალხო დამცველს მოუწოდეს, სამშენებლო ნებართვის კანონიერება შეისწავლოს.
„ყველა სამართლებრივ მეთოდს მივმართავთ, სახალხო დამცველის ოფისთან მოსვლისა და განაცხადის გაკეთების ჩათვლით, რომ ეს პროცესი არ გავიდეს სამართლებრივი ნორმების გარეთ“, - განაცხადა ატენის ქუჩის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა, მსახიობმა ეკა ანდრონიკაშვილმა.
ომბუდსმენის ოფისთან ასევე იმ ამხანაგობის წევრები მივიდნენ, რომელთა დაკვეთით შენდება კორპუსი. მხარეებს შორის შელაპარაკება მოხდა.
„ეს ბინა იმიტომ კი არ შენდება, რომ ვიღაცას უფრო კარგი ცხოვრება მოუნდა. საქმე ეხება 24 ოჯახს და გაამრავლეთ მათი ოჯახის წევრებზე. ამდენი ადამიანი არის ქუჩაში“, -თქვა ამხანაგობის წევრმა, მანჩო ოდიშელიძემ.
ამხანაგობის კიდე ერთი წევრის, დოდო ნიშნიანიძის თქმით, ატენის ქუჩის მცხოვრებლებმა დეზინფორმაცია გაავრცელეს და სინამდვილეში 22-სართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.
სახალხო დამცველი საკითხის კიდევ ერთხელ შესწავლას აპირებს.
22 იანვარს ატენის ქუჩის მცხოვრებლებმა თბილისის მერიას ადმინისტარციული საჩივრით მიმართეს. მოსახლეობის თქმით, კორპუსის მშენებლობა უზენაესმა სასამართლომ ჯერ კიდევ 2017 წლის 20 აპრილს გამოაცხადა უკანონოდ, თუმცა არქიტექტურის სამსახურმა მაინც გასცა 2018 წელს ობიექტის მშენებლობის ნებართვა.
ატენის ქუჩაზე მშენებლობის ნებართვა მერიამ პირველად 2007 წელს გასცა.