საზოგადოება
ჩემი მერობის პერიოდში ბინათმესაკუთრეთა პრობლემები მოგვარდება, ბატონი დავით სოკოლოვის ოჯახის პრობლემაც იქნება მოწესრიგებული - კახა კალაძე
თბილისის მერმა კახა კალაძემ პირველ ქართველ დიქტორზე, დავით სოკოლოვზე გადაღებულ სიუჟეტზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ბინათმესაკუთრეთა პრობლემა მისი მერობის პერიოდში მოგვარდება.
„ვნახე კონკრეტული სიუჟეტი და გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვისაც ძალიან სენსიტიური თემაა. ბინის პრობლემას რაც შეეხება, ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანია ასე დაზარალებული, რაც სერიოზული პრობლემაა. არის ე.წ. ბინათმესაკუთრეთა კოოპერატივი, სადაც დაახლოებით 3 000 ოჯახია, რომელიც წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან ელოდება კონკრეტულ გადაწყვეტილებას საცხოვრებელ ფართებთან დაკავშირებით. მე მინდა კიდევ ერთხელ დავპირდე მოსახლეობას, რომ ჩემი მერობის პერიოდში ეს პრობლემა მოგვარდება.
ყველა იმ ოჯახისთვის, რომელსაც ამ მიმართულებით გააჩნია პრობლემები, ყველაფერს გააკეთებს თბილისის მერია და მერი, რომ ეს პრობლემები მოვაგვაროთ და ამაზე საუბარი დავასრულოთ. რა თქმა უნდა, ბატონი დავით სოკოლოვის ოჯახის პრობლემაც იქნება მოწესრიგებული და მოგვარებული“, -აღნიშნა მერმა ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში.
ყოფილმა დიქტორმა დავით სოკოლოვმა POSTV-სთან ინტერვიუში მოყვა, რომ 1991 წელს, სამოქალაქო ომის დროს მას საკუთარი ბინა დაეწვა. პუტჩისტებმა იერიში მიიტანეს მთავრობის სახლზე, თუმცა ის მიზანს აცდა და შევჩენკოს ქუჩაზე მდებარე სახლს დაეცა, სადაც სოკოლოვი ცხოვრობდა. ამის შედეგად დაიწვა მისი და მისი მეზობლების სახლი, თუმცა სოკოლოვისთვის ზიანის ანაზღაურება არ მომხდარა.
მომხდარიდან 10 წლის შემდეგ სოკოლოვსა და მის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ, მათ კომპენსაციაც უნდა მიეღოთ, კერძოდ, ბინა ყოფშიძის ქუჩაზე მშენებარე სახლში. ყოფილ დიქტორს რეესტრიდან მიღებული დამადასტურებელი დოკუმენტებიც აქვს. ამის მიუხედავად, მას ბინა არ გააჩნია, რადგან მშენებლობა შეჩერდა.