პოლიტიკა
ჩვენ დღეს ვდგავართ იმ გმირების საფლავებთან, ვინც ეს ვალი თავისი სისხლით გადაიხადა - გიორგი მარგველაშვილი
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ასევე მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, არ ვცნობთ არანაირ „კალაშნიკოვიან“ ადამიანს საქართველოს მიწაზე, რომელიც მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემას უქმნის, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც ადმინისტრაციისა და უშიშროების საბჭოს წევრებთან ერთად რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.
„მე მჯერა, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი, მაგრამ ამავე დროს იბადება ვალდებულებით თავისი ქვეყნის წინაშე. ჩვენ დღეს ვდგავართ იმ გმირების საფლავებთან, ვინც ეს ვალი თავისი სისხლით გადაიხადა. 2008 წლის უსამართლობის შედეგად რუსეთი ცდილობს ამ საზღვრების შეცვლას. რუსეთი ცდილობს, რომ ის ისტორიული უსამართლობა, რომელიც იყო საქართველოს ოკუპაციის სახით, გაამართლოს რაიმე სახის შეცდომით, თუ რაღაცით ახსნას ეს უსამართლობა. ამ მცდელობაში, რუსეთი არის სრულიად მარტო. საქართველოს საზღვრები მთელი კაცობრიობისთვის უცვლელია და ამაში ჩვენ ვდგავართ არამარტო ჩვენს პარტნიორებთან ერთად, არამედ ვდგავართ იმ სიმტკიცით, რა სიმტკიცითაც, ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღემდე მოვიდა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.