უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
ძეგლების „აღჭურვა პირბადეებით“ მათი შეურაცხყოფაა - თბილისის ვიცე-მერი
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის შეფასებით, თბილისში ძეგლებისთვის პირბადეების გაკეთება ძეგლების შეურაცხყოფაა და მიუღებელია საზოგადოებისთვის.
მან განაცხადა, რომ ფაქტზე სათანადო რეაგირება მოხდება.
„ეს აქცია არ არის მერიის ორგანიზებული, არც ნებადართულია მერიიდან. ჩვენ ამას არ მივესალმებით. ამ ადამიანებს პროტესტის გამოხატვა უნდოდათ, რომელიც უფრო კულტურული გზითაც შეიძლებოდა და არა ძეგლების შეურაცხყოფის გზით. ამას მოჰყვება სათანადო რეაგირება, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის მიუღებელია. რა ზომებიც იქნება გათვალისწინებული, იქნება დაჯარიმება თუ სხვა სანქციის გატარება, აუცილებლად გავატარებთ. ვთვლით, რომ ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა. იმიტომ რომ პატივსაცემი ძეგლები არის აღჭურვილი პირბადეებით“, – უთხრა ჟურნალისტებს ხმალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის შემდეგ.
დღეს დილით, თბილისის მოსახლეობას ზოგიერთი ძეგლი პირბადით დახვდა. უცნობია, რას უკავშირდება ეს კამპანია და ვინ დგას მის უკან, თუმცა ამ აქციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ფეისბუკზე.
სოციალური ქსელის მომხმარებელთა აზრით, ეს აქცია ჰაერის დაბინძურების პრობლემას უკავშირდება.
აღნიშნულ ფაქტს უკვე სწავლობს შსს.
ანა მებურიშვილი