პოლიტიკა
ენმ-ს ინფორმაციით, თბილისის მეტროპოლიტენი შესაძლოა, გასხვისდეს
თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ ინფორმაციით, თბილისის მეტროპოლიტენი შესაძლოა, გასხვისდეს.
პარტიის წარმომადგენლის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დაწყებულია მოლაპარაკებები, რომ მეტრო „ელექტრო მოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის“ თბილისის ფილიალს გადაეცეს.
მისივე თქმით, აღნიშნული ფილიალის 50 პროცენტი მერიის სატრანსპორტო სამსახურს ეკუთნის, ხოლო 25% კი – რუსულ კომპანია „ოპორას“.
„დედაქალაქის მერი კახა კალაძე და დედაქალაქის მთავრობა, ჩვენი ინფორმაციით, აწარმოებს მოლაპარაკებას, რომლის მიხედვით მეტროპოლიტენის მართვის სადავეები უნდა გადაეცეს კომპანიას, რომლის წილსაც ფლობენ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები, კონკრეტულად – კომპანია „ოპორა“, რომელიც დარეგისტრირებულია რუსეთში.
შესაბამისად, დედაქალაქის მერს მოვუწოდებთ, ეს ინფორმაცია სასწრაფოდ უარყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტობრივად, საქმე გვექნება იმასთან, რომ კალაძე სამართავად გადასცემს მეტროპოლიტენს მტერს, რუსეთის ფედერაციას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.