უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
ენმ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ტექნიკური პერსონალისთვის ხელფასების 20%–ით გაზრდას ითხოვს
საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ პირველ ეტაპზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ტექნიკური პერსონალისთვის ხელფასების 20%–ით გაზრდას ითხოვს, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.
საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა დედაქალაქის მერს კახა კალაძეს მიმართა, დაიწყოს 2018 წლის ბიუჯეტის ცვლილებებზე მუშაობა, სადაც მერიის ბიუროკრატიული ხარჯები რეალურად იქნება შემცირებული.
„აპრილიც დასრულდა და მერიისგან არ არის პასუხი, რა რეორგანიზაცია განხორციელდა მერიაში და რა თანხები დაიზოგა. მხოლოდ მაღალჩინოსნებს გაუორმაგდათ ხელფასები, მერიამ კი ვერც ერთი თეთრი ვერ გაიმეტა მემანქანეებისთვის, მძღოლებისა და მერიის მუნიციპალიტეტებსა და შპს–ებში დასაქმებული პერსონალისთვის. ბიუროკრატიის შემცირება შეიძლება არანაკლებ 40 მილიონი ლარით და ეს თანხები მოხმარდება თბილისის საჭიროებებს, მათ შორის თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებული ადამიანების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. კერძოდ, აღნიშნული კომპანიის რიგითი თანამშრომლებისთვის და არა ტოპმენეჯერებისთვის, რომელთა ხელფასები ხშირ შემთხვევაში 4 ,5–ჯერ აღემატება მემანქანეებისა და მძღოლების ხელფასებს. ამ ადამიანების ხელფასის გაზრდა შეიძლება არანაკლებ 20%–ით. ჩვენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის რიგით თანამშრომლებს დღევანდელ დღეს სოლიდარობას ვუცხადებთ“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
მისივე თქმით, კახა კალაძე მხოლოდ საკუთარი მაღალჩინოსნების ხელფასების ზრდის და 4 000 ლარზე მეტი ხელფასის მიცემა მერიის თანამშრომლებისთვის სწორი გადაწყვეტილება არ არის.
ნინო ექვთიმიშვილი