პოლიტიკა
გერმანია არის საქართველოს ერთ-ერთი მხარდამჭერი - ირაკლი კობახიძე
გერმანიასთან ურთიერთობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ გერმანიას უკავია ძალიან მნიშვნელოვანი როლი ევროკავშირში, იმ გაერთიანებაში, რომლის წევრობისკენაც ჩვენ ვისწრაფვით, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მერკელთან შეხვედრაზე ქართული მხარე ურთიერთობების გაღრმავებაზე გაამახვილებს ყურადღებას.
„გერმანია არის საქართველოს ერთ-ერთი მხარდამჭერი და ეს დასტურდება იმითაც, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა ანგელა მერკელი, ამ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი. ჩვენ გვექნება საუბარი გერმანიასა და საქართველოს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე. გერმანიასთან ურთიერთობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორმხრივი თვალსაზრისით და ასევე იმ თვალსაზრისითაც, რომ გერმანიას უკავია ძალიან მნიშვნელოვანი როლი ევროკავშირში, იმ გაერთიანებაში, რომლის წევრობისკენაც ჩვენ ვისწრაფვით. აქედან გამომდინარე ჩვენი კავშირები გერმანიასთან არის მყარი, მათი მხარდაჭერა არის ძალიან ძლიერი და ეს კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება", - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს 23-24 აგვისტოს ეწვევა.