უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
არქივი
პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე არა ქვეყნის განვითარებას, არამედ 100 000 კაცის გამოყვანასა და ქვეყანაში არეულობას დაწყებას პირდება ხალხს - კახა კალაძე ვაშაძის ინტერვიუზე
„ჩვენ გვაქვს არაორდინალური სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი არა ქვეყნის განვითარებას, არა საკუთარი კონსტიტუციური მოვალეობის პირნათლად შესრულებას, არამედ 100 000 კაცის გამოყვანასა და ქვეყანაში არეულობის დაწყებას ჰპირდება ხალხს“, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუს ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა პრეზიდენტის უფლებამოსილებებს.
კალაძის შეფასებით, ვაშაძემ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში დაასრულა ერთკვირიანი მასკარადი „ნაციონალური მოძრაობის“ ვითომდა კონსტრუქციულ გეგმებზე.
„მან პრაქტიკულად ჩვენება მისცა „დოიჩე ველეს“ და კვლავ ღიად დააფიქსირა ძალადობრივი რეჟიმის არქიტექტორების უპირობო შეწყალება. ჩვენ გვაქვს არაორდინალური სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი არა ქვეყნის განვითარებას, არა საკუთარი კონსტიტუციური მოვალეობის პირნათლად შესრულებას, არამედ 100 000 კაცის გამოყვანასა და ქვეყანაში არეულობას დაწყებას ჰპირდება ხალხს. ყველასთვის ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა და ქართველ ხალხზე შურისძიებაა, რაც დაადასტურა ვაშაძემ საკუთარ ინტერვიუში. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ გასცემს პასუხს 7 ნოემბრის ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედებს. ჩვენი პოლიტიკური გუნდი ქართველ ხალხთან ერთად იქნება იმის გარანტი, რომ საქართველოში არასდროს არ განხორციელდება „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშისტული ზრახვები და არავის არ მივცემთ კანონის ჩარჩოებიდან გასვლის უფლებას“, - განაცხადა კალაძემ.
გრიგოლ ვაშაძემ „დოიჩე ველეს“ რუსულენოვან სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს.
„არ ვაპირებ მარტო მის [სააკაშვილის] შეწყალებას, შევიწყალებ ყველა პოლიტპატიმარს, ყველა მსჯავრდებულ ქალს, რომლებსაც არ ჩაუდენიათ რაღაც ექსტრაორდინალური და რომლებსაც ჰყავთ შვილები. ვაპირებ, ეს სწრაფად გავაკეთო, პირველი 2-3- თვის განმავლობაში. მინდა, როგორც იურისტს, რომ სამართლიანობამ იზეიმოს. და ასეც იქნება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიეცემა უფლება, აქ იცხოვროს. გამოიყენებს თუ არა ამ უფლებას, მასზეა დამოკიდებული. მისი პოლიტიკური მომავალი ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. მაგრამ შესაძლებლობა, იცხოვროს ყვარელში, საკუთარ სახლში - ეს არის ის, რაც ჩვენ მის მიმართ გვმართებს“,-დასძინა ვაშაძემ.
კითხვაზე - საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით პრეზიდენტის როლი საკმაოდ სიმბოლურია. რეალურად მას არანაირი აღმასრულებელი უფლებამოსილება არ აქვს. რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი ეს არჩევნები? - ვაშაძემ უპასუხა, რომ არასწორია, თითქოს პრეზიდენტს საკმარისი უფლებამოსილებები არ აქვს.
„სრული სისულელეა, რომ საქართველოს პრეზიდენტს საკმარისი უფლებამოსილება არ აქვს. პრეზიდენტი მთავარსარდალია, საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყნის წარმომადგენელია. მას ვეტოს უფლება აქვს, პრემიერ-მინისტრის დამტკიცების უფლებამოსილება აქვს, შეწყალების უფლება აქვს და სხვა კიდევ ბევრი რამე. ვერავინ ვერ შემაკავებს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობისგან. როდესაც ჩემს 50 ან 100 ათასს თანამოქალაქეს მოვუწოდებ გარეთ გამოსვლისკენ და ისინი ჩემს პროტესტს შემოუერთდებიან, ვინ შეძლებს ამის შეკავებას? უბრალოდ წარმოიდგინეთ ეს", - განაცხადა ვაშაძემ.