საზოგადოება
კახი კალაძემ დააწესა სირცხვილის ახალი ნიშნული - ირაკლი ნადირაძე
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარის, ირაკლი ნადირაძის ინფორმაციით, სატენდერო ხელშეკრულების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია 2018 წელს უფასო სასადილოების ერთ ბენეფიციარზე 1 ლარი და 18 თეთრის ნაცვლად 1 ლარსა და 13 თეთრს გამოჰყოფს.
ნადირაძე გლდანის რაიონის მაგალითზე ისაუბრა.
„იმ ფონზე, როდესაც კატასტროფულად არის გაუფასურებული ლარი, გაძვირებულია საკვები პროდუქტები, კახი კალაძემ დააწესა სირცხვილის ახალი ნიშნული და 1.18 ლარის ნაცვლად ის აპირებს, მაგალითად, გლდანის რაიონში, რომ 1.13 ლარად გამოკვებოს 6000-ზე მეტი ბენეფიციარი. ეს არის თბილისელების დაცინვა, ეს არის ხალხის დაცინვა, მაშინ, როდესაც მათ 2018 წლის ბიუჯეტში გაზარდეს ბიუროკრატია, მათ არ თქვეს უარი მაღალ პრემიებზე, დანამატებსა და ჯილდოებზე. ამ ფონზე 1.18 ლარის მაგივრად 1.13 ლარად ხალხის გამოკვება უფასო სასადილოებში არის მათი დაცინვა“, -თქვა ნადირაძემ.
ნადირაძემ დაამატა, რომ თბილისის ოთხ რაიონში არსებული უფასო სასადილოების ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი 1.18 ლარი შემცირებულია 1.17 ლარამდე.
ანა მებურიშვილი