უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
მდინარე ნენსკრას ადიდებას „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს - კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“
კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ სვანეთში, სოფელ ჭუბერში ადიდებული მდინარის მიერ ტერიტორიების დატბორვას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას არ უკავშირებს. ამის შესახებ წერია კომპანიის საგანგებო განცხადებაში.
„ნენსკრას“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ა.წ. 5 ივლისს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, მდინარე „ნენსკრას“ ერთ-ერთ შენაკადზე განვითარებული სტიქიური მოვლენის გამო, დაიტბორა სოფელ ჭუბერის ცენტრალური ნაწილი, ასევე დაზიანებულია გზები და ხიდები. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შექმნილი სიტუაცია „ნენსკრა“ ჰესის მშენებლობას უკავშირდება.
გვსურს განვმარტოთ, რომ 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე „ნენსკრა ჰესის“ მოსამზადებელი სამუშაოები არის სრულიად გაჩერებული. აღნიშნული სამუშაოები გულისხმობდა მხოლოდ არსებული გზებისა და ხიდების რეაბილიტაციას. გარდა ამისა, სტიქიური მოვლენა წარმოიშვა სამშენებლო ტერიტორიიდან 5 კილომეტრის ქვემოთ მდინარის მიმართულებით. შესაბამისად შექმნილი ვითარება „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ამ მომენტისთვის სს „ნენსკრა ჰიდროს“ თანამშრომლებს აქვთ უწყვეტი კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან. შესაძლებლობების ფარგლებში, კომპანიის მიერ სასწრაფო წესით იქნება მობილიზებული ტექნიკა, რათა შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინოთ ადგილობრივ მოსახლეობას“, - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, სოფელ ჭუბერში, სადაც ნენსკრაჰესს აშენებენ, მთის დიდი ნაწილი ჩამოიშალა, რასაც მოჰყვა მდინარე ნენსკრას ადიდება. ადიდებულმა მდინარემ 4 ხიდი წაიღო და გზები დააზიანა, დატბორილია მდინარის გასწვრივ ტერიტორიები და ჭუბერის ცენტრი.