პოლიტიკა
მერიის ზედამხედველობის სამსახური არ რეაგირებს სახელწმიფო ენის შესახებ კანონის დარღვევებზე - „თავისუფალი საქართველო“
პარტიამ „თავისუფალმა საქართველომ“ განაცხადა, რომ დედაქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახური არ ასრულებს სახელწმიფო ენის შესახებ კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს და თვალს ხუჭავს დარღვევებზე. კანონის მიხედვით, სამართალდარღვევად მიიჩნევა მხოლოდ უცხოენოვანი რეკლამის განთავსება, რის გამოც იურიდიული პირი 3000 ლარით დაჯარიმდება.
პარტიამ უკვე მიაწოდა მერიას იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც გამოკრულია მხოლოდ უცხოენოვანი სარეკლამო აბრები.
„ერთი მხრივ, სამწუხაროა, რომ კომპანიები, რომლებსაც სურთ საქართველოში ბიზნესსაქმიანობა, ასეთ უხეშ უპატივცემულობას გამოხატავენ საქართველოს კანონმდებლობის მიმართ. მეორე მხრივ კი, შემაშფოთებელია მერიის ზედამხედველობის სამსახურის უმოქმედობა, რომელიც ვალდებულია, კანონდარღვევის აღმოჩენისთანავე მოახდინოს ფაქტზე რეაგირება.
„თავისუფალმა საქართველომ“ უკვე მიმართა თბილისის მერიას რეაგირებისთვის და მიაწოდა იმ ადგილების მისამართები, სადაც კანონდარღვევით არის განთავსებული სარეკლამო აბრები.
მოვუწოდებთ ყველა პირს, ვინც ჩვენ ქვეყანაში ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, პატივი სცეს საქართველოს კანონმდებლობასა და ქართულ სახელმწიფოს“, - წერია განცხადებაში.