უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა
მივმართავთ პროკურატურას, რომ დაინტერესდეს ამ ფაქტებით - ანა ნაცვლიშვილი
არჩევნების შედეგები თიანეთის ოლქში, როგორც ამას ადასტურებს ფაქტები, იქნა ჩარევის შედეგად შეცვლილი, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა.
მისი შეფასებით, აღნიშნულ შემთხვევაში საარჩევნო კანონმდებლობის ძალიან სერიოზულ დარღვევებს აქვს ადგილი და იკვეთება ქმედებები, რომელიც შესაძლოა ასევე წარმოადგენდეს სისხლის სამართლის დანაშაულს.
,,დღეს ჩვენ შეგვაქვს სარჩელი სასამართლოში და ვითხოვთ თიანეთის ოლქის მიერ მიღებული ორი განკარგულების ბათილად ცნობას. ასევე, ჩვენ მივმართავთ პროკურატურას რათა დაინტერესდეს ამ ფაქტებით. ჩვენ ბატონი მეჭიაურის ინტერესებს წარმოვადგენთ დავაშიც, რომელიც ერთ-ერთმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ წამოიწყო და ბატონი თამაზი ჩართულია მესამე პირად. ჩვენ ვითხოვთ, რომ გაერთიანდეს ეს დავები და არ შეიძლება იგი მესამე პირად იყოს ჩართული. ეს ორგანიზაციაა ”დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრი”. ეს ორგანიზაცია არავისთვის არის ცნობილი. მათი მოთხოვნა არის საეჭვო. ისინი წარმოდგენილი იყვნენ უბანზე, თუმცა არანაირი პრეტენზია არ დაუფიქსირებიათ. მას შემდეგ რაც გაიგეს, რომ ჩავერთეთ პროცესში, ორგანიზაციამ მოითხოვა მე-20 უბნის შედეგების ბათილობა და ამას ხსნიან იმით, რომ გამგებელი იყო უბანზე, თუმცა მთელი დღის განმავლობაში ეს პრეტენზია არ დაუფიქსირებიათ”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, პროცესმა საოლქო კომისიაში დარღვევებით ჩაიარა.
”მას შემდეგ რაც ეს შედეგები უბნიდან გადავიდა ოლქში, აღმოჩნდა, რომ ამ 24 ბათილად ცნობილი ბიულეტენიდან 5 ნამდვილად იქნა მიჩნეული და სწორედ ამან გადაწყვიტა შედეგების ბედი. ძალიან საეჭვო ვითარებაში მოხდა 5 ბათილად მიჩნეული ბიულეტენის ნამდვილად ცნობა. საჩივარი, რომლის საფუძველზეც მოხდა ბიულეტენების გახსნა, გადათვლა და ნამდვილად მიჩნევა, დაიწერა წესის დარღვევით და იყო დაუსაბუთებული, თუმცა დაკმაყოფილდა. ოლქში განხილვა წარიმართა დარღვევებით. სრულიად მიუღებელია, რომ ოლქში სხდომა გაიმართა პოლიციით გარშემორტყმულ შენობაში, სადაც არ უშვებდნენ კომისიის წევრებს, სუბიექტის წარმომადგენელს, არ მომხდარა უბნის კომისიის წევრები დაბარება ანუ პროცესი ჩატარდა ყველა წესის დარღვევით, გაუმჭვირვალედ და ამ პროცესზე მოხდა ბიულეტინების აღდგენა მკვდრეთით”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
თავის მხრივ, როგორც პრესკონფერენციაზე თიანეთის მერობის კანდიდატმა, თამაზ მეჭიაურმა აღნიშნა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კერძოდ კი, ზაქარია ქუცნაშვილმა თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გაუყალბა.
თამაზ მეჭიაური იმ განკარგულების გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, გაუქმებული ბიულეტენები ხელახლა დაითვალეს. თიანეთის მერობის კანდიდატი, თამაზ მეჭიაური ზაქარია ქუცნაშვილს სდებს ბრალს და აცხადებს, რომ მისთვის ხმების დაკლებაც ქუცნაშვილის ინტერესში შედიოდა.
„მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი დაკავშირებულია ძალიან მჭიდროდ ზაქარია ქუცნაშვილთან. პირდაპირ, ასე ვთქვათ, მისი სატელიტია,“ - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
ნინო ექვთიმიშვილი