უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა
,,მრავალეროვანი საქართველო“ დმანისში არსებულ საარჩევნო გარემოს არაჯანსაღად აფასებს
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მრავალეროვანი საქართველო“ დმანისის მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნულ რაიონში არსებულ საარჩევნო გარემოს არაჯანსაღს უწოდებს.
,,მიმდინარე წლის 15 სექტემბერს მედიის საშუალებით გავრცელდა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის - გოგი ბარბაქაძის განცხადება, სადაც იგი დეპუტატ კახა ოქრიაშვილს მასზე და სხვა კანდიდატებზე ზეწოლაში ადანაშაულებს, მისივე ინფორმაციით კანდიდატების ნაწილმა ზეწოლას ვერ გაუძლო და კენჭისყრაზე უარი განაცხადა.
„მრავალეროვანი საქართველო“-ს აზრით, დმანისის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით ორი განსხვავებული საკითხი ფიქსირდება. კერძოდ:
1) დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლი - გოგი ბარბაქაძის მხრიდან
ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების ფაქტი, რომელიც ჩვენი გრძლვადიანი დამკვირვებლის მიერ მოწმეებთან გასაუბრების შედეგად დასტურდება. საქმე ეხება გამგებლის მხრიდან მუნიციპალიტეტის სოფლის რწმუნებულებისაგან მხარდამჭერთა სიების შეგროვებას. სწორედ, მოცემული დავალების შეუსრულებლობის გამო გათავისუფლებულია 3 სოფლის რწმუნებული.
„მრავალეროვანი საქართველო“-ს მოთხოვნით ამ საკითხს იხილავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია. ასევე, საქმეში ჩართული მხარეებიდან ახსნა-განმარტებები მოისმინა დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიამ. მათ მიერ გამოგზავნილ პასუხში ირკვევა, რომ რწმუნებულები ადასტურებენ სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს. ასევე მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ დავალების შეუსრულებლობის - მხარდამჭერთა სიების შედგენაზე უარის თქმის გამო მოხდა მათი დათხოვა აღნიშნული პოზიციებიდან. ამ ეტაპზე უწყებათაშორის კომისიაში პროკურატურის წარმომადგენლის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ზემოაღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს მოკვლევა.
2) რაც შეეხება მეორე საკითხს, რომელიც მოიცავს გამგებლის მიერ დასახელებულ
ბრალდებებს „მრავალეროვანმა საქართველომ“ მიმართა ცესკოს ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნით, საკითხი ეხებოდა, მოცემულ ოლქში დარეგისტრირებულ კანდიდატთა რაოდენობას. ორგანიზაციას სურდა დაედასტურებინა მაჟორიტარებისა და მერობის კანდიდატთა ზუსტი ნუსხა ოლქის მასშტაბით, რადგან მონიტორინგმა ცხადყო, რომ ბევრმა მათგანმა უარი განაცხადა არჩევნებში მონწილეობის მიღებაზე ან ვერ შეძლო დარეგისტრირება და ავტომატურად ამოვარდა მონაწილეთა სიიდან.
დამატებით გვინდა გაცნობოთ, რომ ამ ეტაპზე დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიიდან გვაქვს პასუხი მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით, საიდანაც ირკვევა, რომ დღეის მდგომარეობით დარეგისტრირებულია მხოლოდ ერთი კანდიდატი- გ. ბარბაქაძე, შესაბამისად განაცხადი უკან არავის გაუთხოვია.
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ აგრძელებს ამ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევას და ზემოაღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში შესაბამის განცხადებას გააკეთებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი განსხვავებული საკითხი არ არის ურთიერთგამომრიცხავი შინაარსის და გამგებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის
- პოლიტიკურ ოპონენტებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, დადასტურების შემთხვევაში მისი პასუხისმგებლობა არ იხსნება.
ბოლოს კი გვინდა სიტუაციური ანალიზი აღგიწეროთ ოლქის მასშტაბით, საგულისხმოა ის გარემოება, რომ მრავალეროვანი საქართველოს ხელთარსებული ინფორმაციით დმანისის მუნიციპალიტეტში ადგილი აქვს ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხრიდან ამომრჩევლებზე ზეწოლას. უფრო მეტიც ადგილზე შექმნილია არაჯანსაღი წინასაარჩევნო გარემო. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიმდინარე წლის 11 სექტემბერს „მრავალეროვანმა საქართველომ“ თხოვნით მიმართა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას, რათა დმანისის მუნიციპალიტეტში ჩაატაროს კომისიის გასვლითი სხდომა.
დაინტერესებული პირების საყურადღებოდ ვაცხადებთ, რომ „მრავალეროვანი საქართველო“ აგრძელებს საკითხზე საფუძვლიან მოკვლევას და უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ ვრცელ ინფორმაციას, მოცემული თემის ირგვლივ“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო ახორციელებს წინასაარჩევნო და არჩევნების დღის მონიტორინგს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებსა და თბილისში.
სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED), ფონდი „ღია საზოგადოება საქარველოს“ (OSGF) და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.