უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა
პარტიებმა ხელი მოაწერეს ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერების დეკლარაციას
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრისა და მწვანე კავკასიას ინიციატივით, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ „თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ორგანიზაციებს ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერების დეკლარაციაზე ხელმოწერის წინადადებით მიმართა. 20 ოქტომბრის მდგომარეობით, დეკლარაციას ხელი მოაწერა რვა საარჩევნო სუბიეტმა:
ბლოკი: დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა- დემოკრატიული მოძრაობა- თავისუფალი საქართველო,
რესპუბლიკური პარტია,
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი,
შენების მოძრაობა,
ლეიბორისტული პარტია,
ევროპული საქართველო
ბლოკი: გიორგი ვაშაძე-ერთობა ახალი საქართველო
პოლიტიკურ ორგანიზაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ჯერ არც ხელმოწერაზე თანხმობა განუცხადებია და არც უარი.
დეკლარაციის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები იღებენ ვალდებულებას, რომ მერებად და საკრებულოს წევრებად არჩეული მათი წარმომადგენლები გააგრძელებენ რეგულარულ ურთიერთობას ამომრჩევლებთან არჩევნების შემდგომ პერიოდში, როგორც უშუალო შეხვედრებით, ასევე კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, ჩართავენ მოქალაქეებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გაამარტივებენ საკრებულოსთვის პეტიციით მიმართვის პროცედურებებს და დანერგავენ მისი ელექტრონული წესით წარდგენის მექანიზმს, გააუმჯობესებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობას, ხელს შეუწყობენ მოქალაქეთა მომსახურების მიზნით „ერთი ფანჯრის პრინციპისა“ და ინოვაციური ელექტრონული მომსახურებების დანერგვას.
დეკლარაცია ღიაა სხვა საარჩევნო სუბიექტებისათვის ხელმოსაწერად და ინიციატორები იმედოვნებენ, რომ პოლიტიკური პარტიები, მ.შ. მმართველი პოლიტიკური ძალა, დეკლარაციაზე ხელმოწერით აიღებენ ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერების ვალდებულებას.
პარტიებმა ხელი მოაწერეს შემდეგი შინაარსის დეკლარაციას:
,,2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები ვაცნობიერებთ, რომ საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერება და შემდგომი განვითარება წარმოადგენს სასიცოცხლოდ აუცილებელ პირობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის;
ვაცხადებთ და ვიღებთ ვალდებულებას, რომ არჩევნებში წარმატების მიღწევის შემთხვევაში, ჩვენი წარმომადგენლები მიმართავენ თავიანთ ძალისხმევას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის გაუმჯობესებისათვის, კერძოდ:
არჩეული პირები გააგრძელებენ რეგულარულ ურთიერთობას ამომრჩევლებთან არჩევნების შემდგომ პერიოდში, როგორც უშუალო შეხვედრებით, ასევე კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
ჩართავენ მოქალაქეებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში (მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების განსაზღვრა, ბიუჯეტის თანამონაწილეობითი დაგეგმვა და სხვა);
გაამარტივებენ საკრებულოსთვის პეტიციით მიმართვის პროცედურებს და დანერგავენ პეტიციის ელექტრონული წესით წარდგენას;
გააუმჯობესებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობას (საკრებულოს სხდომების ტრანსლირება, ადგილობრივი ბიუჯეტის, გაწეული ხარჯების შესახებ და სხვა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება);
ხელს შეუწყობენ მოქალაქეთა მომსახურების მიზნით „ერთი ფანჯრის პრინციპის“ და ინოვაციური ელექტრონული მომსახურების დანერგვას.“