უახლესი ამბები
არქივი
სამართალი
პრეზერვატივების ბრენდი „აიისას“ დამფუძნებელი სარეკლამო შეფუთვის გამო 500 ლარით დააჯარიმეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა თავართქილაძემ პრეზერვატივების ბრენდი „აიისას“ დამფუძნებელი ანა გაჩეჩილაძე 500 ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ პრეზერვატივის რეკლამა არეთიკურად მიიჩნია.
ანა გაჩეჩილაძის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეადგინა. მერიის შეფასებით, აღნიშნული შეფუთვა ლახავს რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილ წესებს.
მერიის აზრით, შეფუთვა არაეთიკურია. რადგან ლახავს საზოგადოებრივ მორალს, კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფის რელიგიურ გრძნობებსა [ოქმი „ქართული იდეის“ განცხადების საფუძველზე იყო შედგენილი] და ეროვნულ ღირსებას.
„აიისას“ ინტერესებს სასამართლოში „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) იცავდა. ორგანიზაციის შეფასებით, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ვერ აკმაყოფილებდა კანონის ფორმალურ და მატერიალური მოთხოვნებს, იყო დაუსაბუთებელი, ხოლო პოზიცია ეფუძნება აბსტრაქტულ შეფასებებსა და მის სუბიექტურ წარმოდგენებს რელიგიის, მორალისა და ზნეობის შესახებ.
„აიისას“ უფლებადამცველის, GDI-ის წარმომადგენლის გიორგი მშვენიერაძის თქმით, ისინი ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ ზემდგომ ინსტანციაში.