სამართალი
პროკურატურის და სუს-ის მხრიდან არის ისრების სხვა მიმართულებით გადატანის მცდელობა- გიგი უგულავა
მოძრაობა “თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის გიგი უგულავას განცხადებით, მოსამართლეებზე განხორციელებულ, სავარაუდო ზეწოლის საქმეში, პროკურატურის მხრიდან არის მცდელობა ისრების სხვა მიმართულებით გადატანის.
„სასწორზე არ არის მხოლოდ და მხოლოდ სიტყვის თავისუფლების საკითხი, რომელიც შეიძლება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს და თვითონ ჟურნალისტებს და საზოგადოების მცირე ნაწილს, შეიძლება ანაღვლებდეს. ეს არის ძალიან ფართო პრობლემა და ჩვენ შევალთ იმ ჩიხში, რომლიდანაც გამოსავალს ეს ხელისუფლება ვეღარ იპოვის“,-განაცხადა გიგი უგულავამ.
იგი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს მიმართავს, რომ მან გაასაჯაროვოს ის მიმართვა, რომელიც მოსამართლეებმა მის სახელზე დაწერეს.
„მინდა მოვუწოდო ქალბატონ ნინო გვენეტაძეს - ის მოვალეა გაასაჯაროვოს ის მიმართვა, რომელიც მისმა კოლეგებმა მის სახელზე დაწერეს, რადგანაც ჩვენ ვხედავთ უკვე პროკურატურის და სუს-ის მხრიდან, რომ აბსოლუტურად სხვა მიმართულებით არის მცდელობა ისრების გადატანის“,-განაცხადა უგულავამ.
ცნობისთვის: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ, პროკურატურას მათზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის შესახებ განცხადებით მიმართეს.
მთავრამ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ მოსამართლეებმა ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით საცხოვრებელ მისამართებზე მიიღეს წერილობითი მიმართვები, ასევე მობილურ ტელეფონებზე - უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომლებშიც იკვეთება მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობის ნიშნები.
მონიკა დავლიანიძე