საზოგადოება
ქველმოქმედება ბერნსის სახელით - ომეგა ჯგუფის მნიშვნელოვანი წვლილით
ლეგენდარული შოტლანდიელი პოეტის რობერტ ბერნსის შემოქმედებას კარგად იცნობს ქართველი მკითხველი. ერთ-ერთი ლექსი ,,კაცი ვარ და ქუდი მხურავს’’... პოპულარულ და ყველასთვის საყვარელ სიმღერად იქცა.
1 თებერვალს შერატონ მეტეხი პალასში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ხელმძღვანელობით, რობერტ ბერნსისადმი მიძღვნილი ყოველწლიური საღამო გაიმართა. ბერნსის საღამოს აღნიშვნის ტრადიცია საქართველოში 2010 წლიდან არსებობს. დრესკოდი მკაცრადაა განსაზღვრული - სმოკინგი ან ქართული და შოტლანდიური ტრადიციული ეროვნული სამოსი.
ყოველწლიურად, 25 იანვარს რობერტ ბერნსის მოღვაწეობისა და ცხოვრების გასახსენებლად მთელს მსოფლიოში აღინიშნება მისი დაბადების დღე - შოტლანდიური მუსიკით, ცეკვით, შოტლანდიური ვისკითა და, რა თქმა უნდა, პოეზიით.
ბერნსის საღამო საქველმოქმედო მიზნებს ემსახურება.
საყოველთაოდ დანერგილი ტრადიციის მიხედვით, საღამოს ყოველ წელს სხვადასხვა პიროვნება უძღვება. თუმცა საქართველოში ბოლო სამი წელია საღამოს ხელმძღვანელობს დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილე დუგლას მაკმილანი. ეს სიმბოლურიცაა, რადგან ბატონი დუგლასი შოტლანდიელია.
საღამოზე მიწვეულები იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები.
საღამოს მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაეგენოვნებინათ ტრადიციული შოტლანდიური რეცეპტით დამზადებული კერძები, ქართული ღვინო და შოტლანდიური ვისკი.
წლევანდელი წელი გამორჩეული იყო საქველმოქმედო კუთხით. ყველაზე მსხვილი შემოწირულობა გაიღო ,,ომეგა მოტორსმა’’, ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მხარდაჭერით. „ომეგა მოტორსის“ მიერ შეტანილი წვლილი იყო ავტომობილი MINI, რომლის ღირებულებაც გაუნაწილდა საღამოს ბენეფიციარებს.
საღამოზე ასევე ჩატარდა აუქციონი, ხელოვნების ნაწარმოებებისა და სპორტსმენთა ავტოგრაფებით დამშვენებული ნივთებით. საღამოს ორგანიზატორების მხრიდან აღინიშნა, რომ წელს გაცილებით მეტი თანხა შეგროვდა აუქციონის მიმდინარეობისას, რასაც სავარაუდოდ, ხელი შეუწყო ომეგა ჯგუფის მნიშვნელოვანმა ქველმოქმედებამ.
რობერტ ბერნისს საღამოს წელს სამი ბენეფიციარი ჰყავდა. ესენია: ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია მაწანწალა ძაღლების პრობლემაზე და ეხმარება ვეტერინარიულ კლინიკასაც;
,,საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაცია’’ - ამ ორგანიზაციის მთავარ ფოკუსჯგუფში შედიან სიღარიბის ზღვარზე და მის ქვემოთ მყოფი ქალები, ბავშვები, მოხუცები და ფიზიკურად შეჭირვებული ადამიანები: საქველმოქმედო კავშირი ,,თემი’’ - ეს ორგანიზაცია მზრუნველობას უწევს სოციალურად დაუცველ და ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს.
საღამო გაგრძელდა შოტლანდიური ცეკვებით. წინასწარ მომზადებულმა საელჩოს თანამშრომლებმა მოწვეულ სტუმრებს სახელდახელოდ შეასწავლეს ამ ეროვნული ცეკვის ილეთები, რასაც ხალისით აჰყვნენ თავთავიანთი ეროვნულ სამოსში გამოწყობილი სტუმრები და ამან შეხვედრას განსაკუთრებული ელფერი შესძინა.
სალომე ასათიანი