საზოგადოება
რიმა ბერაძე ძმის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი რიმა ბერაძე ჩუღურეთის რაიონში, 9 ძმის ქუჩაზე მცხოვრებ უფროსი თაობის წარმომადგენლებს შეხვდა და არსებული პრობლემების თაობაზე ინფორმაცია მათგან პირადად მოისმინა.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, არაერთი პრობლემა, რომელიც რაიონის მოსახლეობას წლების მანძილზე აწუხებდა, უკვე მოგვარებულია, მათ შორის, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიგო ასფალტის საფარი, ზოგიერთი ქუჩა მოიკირწყლა ქვაფენილით, ათეულობით მისამართზე მოხდა მცოცავი ნიადაგის ბეტონის გრუნტის დამჭერი კედლებით გამაგრება.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, რიმა ბერაძემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 9 ძმის ქუჩაზე მიმდინარე წელს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი, რომლის დასრულების შემდეგ მოზარდები ზოგად სასკოლო განათლებას უკვე კომფორტულ სასწავლო დაწესებულებაში მიიღებენ.
მისივე ინფორმაციით, დეპუტატი ადგილობრივ მოსახლეობას, მათივე თხოვნის საფუძველზე, თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან 2018 წლის საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის თაობაზე შუამდგომლობას გაუწევს, რის შემდეგაც რაიონს კიდევ ერთი ახალი სკოლამდელი დაწესებულება შეემატება.