საზოგადოება
რიმა ბერაძემ თბილისის N96 ბაგა-ბაღის პედაგოგებს ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისათვის მადლობის სიგელები გადასცა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია“ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა რიმა ბერაძემ N96 ბაგა-ბაღის პედაგოგებს ციალა ჩხაიძესა და ნინო დურგლიშვილს ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისათვის მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დეპუტატმა ღვაწლმოსილ პედაგოგებს ნაყოფიერი აღმზრდელობითი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა, დიდხანს სიცოცხლე უსურვა და მომავალი თაობის აღზრდის საქმეში აღნიშნული პროფესიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
,,ბაგა-ბაღის აღმზრდელი-პედაგოგის საქმიანობას ადრეულ ასაკში ბავშვზე ზრუნვა, მისი აღზრდა, განვითარება და განათლება წარმოადგენს. ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს და პატივს ვცემდეთ ღირსეულ პედაგოგებს, რომლებიც ათეულობით წელია ღირსეული მომავალი თაობის აღზრდას ემსახურებიან’’,-განაცხადა რიმა ბერაძემ.
ღონისძიების დასასრულს, ბაგა- ბაღის აღსაზრდელებმა სტუმრებს ვოკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოუდგინეს.