უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა
საკრებულოს ოპოზიცია უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნუგზარ ჭონქაძის კანდიდატურას ეწინააღმდეგება
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნუგზარ ჭონქაძის კანდიდატურას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
როგორც თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ფრაქციის თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, ჭონქაძე ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებებით გამოირჩევა, ასევე იგი განსაკუთრებით აგრესიულია ოპოზიციურად განწყობილი პარტიების და მისი წევრების მიმართ.
„ეს ადამიანი გამოირჩევა თავისი ქსენოფობიური და ჰომოფობიური განცხადებებით. ეს არის ადამიანი, რომელიც გამოირჩევა სიძულვილის ენით და განსაკუთრებული აგრესიულობით ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, ყველა იმ ოპოზიციური პარტიის და წევრების მიმართ, რომელიც ხელისუფლებისგან განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი წევრების მიმართ.
ამ ადამიანის დანიშვნა თანამდებობაზე ნიშნავს, რომ არანაირი კონსტრუქციული დიალოგი ოპოზიციასთან არ იქნება. ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს კვლავ არ შეუშვებენ თბილისის მერიაში, კვლავ არ შეუშვებენ საკრებულოს და პარლამენტის დეპუტატებს, საჭიროების შემთხვევაში, საკრებულოში, გამოაძევებენ საკრებულოს დეპუტატებს სხდომათა დარბაზიდან ; ეს ნიშნავს იმას, რომ მათ შორის, ჟურნალისტებს შეექმნებათ პრობლემები თავისუფლად გაადგილდნენ საკრებულოს და მერიის შენობაში“,- აღნიშნა ნადირაძემ.
მონიკა დავლიანიძე