საზოგადოება
საქართველოს საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, იერუსალიმში ტაძარში შესვლის საშვების შეძენას მოერიდონ
აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით ისრაელის საზღვრის გადაკვეთა კიდევ უფრო გართულებულია, ამიტომ საქართველოს საგარეო უწყება საზღვრის გადაკვეთის მსურველებს აფრთხილებს ზედმიწევნით დაიცვან წესები.
იერუსალიმის ძველ ქალაქში მომლოცველებისთვის კი საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალურ რჩევებს და დამატებით ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე დაიკარგა ძველ ქალაქში, მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პოლიციას შემდეგ ნომერზე: +972 26226100. დაკარგულ პირს პოლიციის თანამშრომელი მიიყვანს უახლოეს განყოფილებაში და დაუკავშირდება საქართველოს საკონსულო სამსახურს.
ერთ-ერთი რჩევა იერუსალიმის ძველ ქალაქში ე.წ. სპეციალური სამაჯურების(საშვების) შეძენას უკავშირდება.
„მოქალაქეები უნდა მოერიდონ ტაძარში შესვლის საშვების შეძენას, იერუსალიმის პოლიციის თანამშრომლების მიერ მსგავსი ტიპის გაყალბებული სამაჯურების მქონე პირები გამოძევებული იქნებიან მაცხოვრის ტაძრიდან,“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.