სამართალი
სასამართლომ რუსთავი2-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ დავალიანების გადახდა დააკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი2-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ დავალიანების გადახდა დააკისრა.
საუბარია, „მაუწყებელთან“ სხვადასხვა დროს გაფორმებულ ხელშეკრუბებიდან წარმოშობილ დავალიანებაზე.
კერძოდ, საუბარია 2004 წლიდან გაფორმებულ ხელშეკრულებებზე, მათ შორის საიჯარო, სატელიტური სიგნალით მომსახურებაზე, საარქივო მომსახურებასა და სუბლიცენზიებზე.
აღნიშნული ხელშეკრულებების მიხედვით, საიჯარო და სატელიტური სიგნალით მომსახურების დავალიანება 13 575 დოლარს შეადგენს, საარქივო მომსახურებისთვის 100 ლარი, სუბლიცენზიისთვის 12 828 ევრო და 141 087 შვეიცარული ფრანკი.
გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ითხოვდა დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრებას თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე. სასამართლომ რუსთავი2-ს პირგასამტეხლოს გადახდა დაავალა, თუმცა მისი განაკვეთი 0,7%-მდე შეამცირა.
ტელეკომპანია რუსთავი2-ის ადვოკატის თამთა მურადაშვილის თქმით, ის რომ რუსთავი2-ს საზოგადოერივი მაუწყებლის დავალიანება მართებდა, სიახლე არავისთვის იყო.
„ფინასური დავალიანება რომ არსებობდა ვიცოდით და ცხადია ეს სიახლე არ იყო. მეტიც, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რუსთავი2-ს შორის საკითხზე წერილობითი შეთანხმება იყო, ანუ ახალი ხელშეკრულება, რომელიც 2017 წელს გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, ჩვენ, მხარეებმა, ვაღიარეთ რომ რუსთავი2-ს ქონდა საზოგადოერბრივი მაუწყებლის მიმართ დავალიანება და გაწერილი იყო ამ დავალიანების გადახდის გრაფიკი. სამწუხაროდ, სასამართლომ დაითვალა პირგასამტეხლო სწორედ ძველი ხელშეკრულებებიდან და არა 2017 წლის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე“,-აღნიშნა იურისტმა.
მონიკა დავლიანიძე