უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
„შეაჩერეთ!“ - ტრანპსორტისა და გზების ასოციაცია მთაწმინდისა ქედის დემონტაჟის გასაპროტესტებლად აქციას ჩაატარებს
საქართველოს ტრანპსორტისა და გზების ასოციაციამ ძველი თბილისის რაიონში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის გასაპროტესტებლად აქცია „შეაჩერეთ!“ დააანონსა, რომელიც კვირას 13 საათზე ნინო ჟვანიასა და შატბერაშვილის ქუჩების კვეთაზე გაიმართება.
„დღეს დილიდან განახლდა მთაწმინდისა და კუს ტბის დამაკავშირებელი ქედის დემონტაჟი, მრავალბინიანი კორპუსის აშენების მიზნით. ქედზე ისედაც, მუდმივად მიმდინარეობდა ნიადაგის ჩამოშლა და ქანების მოძრაობა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ მეწყერმა, რომელიც ამავე ქედზე განვითარდა, ჭონქაძის ქუჩაზე გაანადგურა ბენზინ გასამართი სადგური და დახოცა ადამიანები. მშენებლობა არის უაღრესად საშიში, ვინაიდან ის მიმდინარეობს ხეობაში, რომელიც ყოველთვის იყო მეწყერსაშიში. საფრთხე შეექმნება არა მარტო ახალ კორპუსში შესახლებულ მოსახლეობას, არამედ წლების წინ აქ დაფუძნებულ მაცხოვრებლებს. ქედის თხრის შედეგად იკვეთება, რომ მიწა სულ უფრო და უფრო ნესტიანი ხდება, რაც კუს ტბის სიახლოვით უნდა იყოს განპირობებული. ექსპერტების მოსაზრებით, არის საშიშროება კუს ტბის გამოჟონვის და ჟვანიას/შატბერაშვილის/კეკელიძის ქუჩების დატბორვა-განადგურების. ქედის მოშლის შედეგად, ხეობა, რომელიც დღემდე მეტნაკლებად, ბუნებრივად არეგულირებდა წყლის გატარებას თავსხმა წვიმების დროს, დაკარგავს წყალშემკრებ, წყალმარეგულირებელ და წყალშემკავებელ ფუნქციას. შედეგად, წვიმების დროს ნიაღვრის წარმოქმნის ალბათობა ხდება მაღალი, რაც განადგურებით ემუქრება ამ ქუჩებზე, წლების წინ გაშენებულ სახლებს და მოსახლეობას. მოვუწოდებთ თბილისის მერიას შეაჩეროს უკანონოდ დაკანონებული მშენებლობა, რომელიც საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს!“, - წერია აქციის ფეისბუკგვერდზე.