უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
სტუდენტის ოჯახი, რომელსაც მერიამ თანხა გადაურიცხა, არასდროს ყოფილა სოციალურად დაუცველი - ნაციონალური მოძრაობა
დედაქალაქის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, თორნიკე ბიკაშვილსა და ირაკლი ნადირაძეს თბილისის მერთან კითხვები აქვთ 2016 წლის 12 იანვარს „სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობის“ ფარგლებში გადარიცხული 6 000 ლარის გამო.
თბილისის მერიასთან გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ნარმანია კორუფციაში დაადანაშაულეს.
მათი თქმით, სტუდენტის ოჯახი, რომელსაც მერიამ თანხა გადაურიცხა, არასდროს ყოფილა სოციალურად დაუცველი.
„2016 წლის 12 იანვარს, მერიის სარეზერვო ფონდიდან გადარიცხულია 6 000 ლარი თითქოს და სოციალურად დაუცველი სტუდენტის სწავლის საფასურის დასაფარად, რომლის მშობელიც მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თავად სტუდენტი კი, როგორც მისი „ფეისბუქიდან“ ირკვევა, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელია“, - განაცხადა თორნიკე ბიკაშვილმა.
თავის მხრივ, როგორც ირაკლი ნადირაძემ აღნიშნა, დავით ნარმანიას თბილისის ბიუჯეტი ჰგონია „საკუთარი ჯიბის ფული.“
„დავით ნარმანიამ დღემდე ვერ გაიგო, რომ არ შეიძლება თანხები ფლანგო მხოლოდ იმიტომ, რომ ასიამოვნო ბიძინა ივანიშვილს და მხოლოდ იმიტომ, რომ გაამდიდრო კვლავ და კვლავ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები. სამწუხარო რეალობა გვაქვს, როცა ერთი მხრივ, უარს ეუბნებიან სოციალურად დაუცველ ადამიანებს ელემენტარული მედიკამენტების შეძენაზე, ოპერაციების დაფინანსებაზე, მრავალ ათას სტუდენტს, რომელსაც სტატუსი აქვს შეჩერებული უარს ეუბნებიან დახმარებაზე და ამ დროს, მეორე მხრივ, მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილია თანხა სტუდენტისთვის თითქოს, ის არის სოციალურად დაუცველი. სინამდვილეში კი ამ სტუდენტის ოჯახი არასდროს არ ყოფილა სოციალურად დაუცველი“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი