პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებულმა ოფიცრებმა მთლიანობაში 5 მილიონ 200 ათასი ლარის კომპენსაცია მიიღეს - ლევან იზორია
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მის უწყებაში განხორციელებულ ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
როგორც იზორიამ თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის მუშაობის შემაჯალმებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კადრების შემცირება პირველ რიგში უწყების მმართველ რგოლს შეეხო.
,,რეფორმის ფარგლებში მიღებული ყველა გადაწყვეტილება არის იმ ვალდებულებით განპირობებული, რომელიც ჩვენ ავიღეთ ჩვენი ქვეყნის წინაშე.
ბუნებრივია, კონკრეტული გადაწყვეტილებები მათ შორის იყო და არის მტკივნეული და პირველ რიგში, ეს არის მტკივნეული სწორედ მათთვის, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, რადგან ამ გადაწყვეტილებების შედეგად გარკვეულწილად ადამიანები კარგავენ სამსახურს.
ოპტიმიზაციას საფუძვლად ედო ბუნებრივია რეორგანიზაცია. ეს არ იყო არამცდაარამც მხოლოდ კადრების შემცირების მიზნით განპირობებული.
პირველი ნაბიჯი, რაც ოპტიმიზაციის ფარგლებში გადავდგით, ეს სწორედ დაიწყო მმართველი რგოლიდან. ჩვენ პრაქტიკულად, უარი ვთქვით მრჩეველთა ინსტიტუტზე, რომელიც უხვად იყო უწყების ფარგლებში, კერძოდ, მინისტრების მრჩევლებზეა, მოადგილეების, მათ შორის გენშტაბის უფროსის მრჩევლებზეა საუბარი. ამ გადაწყვეტილებით თითქმის მილიონამდე ლარი დაიზოგა.
ბატონმა ოფიცრებმა მიიღეს, თვითონ გადაწყვეტილება, რომ აღარ გაეგრძელებინათ სამხედრო სამსახური და სანაცვლოდ მიეღოთ კომპენსაცია. მთლიანობაში ამ კომპენსაციამ შეადგინა დაახლოებით 5 მილიონ 200 ათასი ლარი. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა და ჩვენ დაახლოებით 209 ოფიცერს უკვე მივეცით აღნიშნული კომპენსაცია’’, - განაცხადა ლევან იზორიამ.
ნინო ექვთიმიშვილი