უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

19 თებერვალი, 2017 16:00
font-size

ტელეკომპანია „იბერიას“ „ვარდოსნული ოკუპაციის“ ჯოჯოხეთური ქრონიკა

სისხლის სამართლის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს

რამდენიმე თვეა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმეს განიხილავს. ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა 8 თებერვალის პროცესზეც გაგრძელდა და სასამართლოს ჩვენება გამოძიების მოწმე ბიძინა ნიჟარაძემ მისცა, რომელმაც განაცხადა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაშინდელი ხელმძღვანელი, მისი მეგობარი დიმიტრი ქიტოშვილი დაუკავშირდა და სთხოვა, რომ „იბერიას“ ლიცენზია გადაეფორმებინა. ნიჟარაძემ განმარტა, რომ ქიტოშვილის ეს დავალება ხელმძღვანელობისგან ჰქონდა მიღებული, თუმცა როგორც ნიჟარაძემ სასამართლოს განუცხადა, ქიტოშვილისთის დავალების მიმცემ კონკრეტული პირების ვინაობა უცნობია.

სასამართლომ უკვე დაიკითხა ბრალდების მხარის მოწმე, დავით კაკაურიძეც, რომელზეც 2004 წლის დეკემბერში „იბერიას“ 25%-იანი წილის გადაფორმება მოხდა. კაკაურიძის თქმით, 2004 წლის დეკემბერში, მარეგულირებელი კომისიის იმჟამინდელი თავმჯდომარე, დიმიტრი ქიტოშვილი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მის სახელზე ,,რაღაც ფირმა“ უნდა გადაფორმებულიყო. კაკაურიძის განმარტებით, ქიტოშვილთან 1988 წლიდან მეგობრობდა და ამიტომ დათქმულ დროს სანოტარო ბიუროში გადაფორმებისთვის საჭირო დოკუმენტაციაზე ხელის მოსაწერად ისე მივიდა, რომ ზედმეტი შეკითხვები არ დაუსვამს.

,,ნდობის ფაქტორი მოქმედებდა. არ ვიცოდი, საქმე რა ფირმის გადაფორმებას ეხებოდა. მივედი ნუნუ გინტურის სანოტარო ბიუროში, იქ უკვე გამზადებული იყო დოკუმენტები, რომლებსაც ხელი ისე მოვაწერე, რომ არ გავცნობივარ და წამოვედი,“ - განაცხადა კაკაურიძემ და დასძინა, მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ შევიტყვე, რომ საქმე ტელეკომპანია „იბერიას“ ეხებოდაო.

სასამართლომ ასევე, მოსუმინა ბრლადების კიდევ ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, ყოფილ ნოტარიუსს, ნუნუ გინტურს, რომელმაც 2004 წლის 7 დეკემბერს ის სანოტარო მოქმედებები განახორციელა, რომლებითაც ტელეკომპამია „იბერიას“ ლიცენზიის მფლობელი ზემოხსენებული დავით კაკაურიძე გახდა.
სასამართლოზე გინტურმა 2004 წლის გაზაფხულის მოვლენებიც დეტალურად გაიხსენა და აღნიშნა:

„2004 წლის მაისში, არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის ადვოკატებმა ჩუბინაშვილის ქუჩაზე, ტელეკომპანია ,,იბერიაში“ წამიყვანეს, სადაც რამდენიმემილიონიანი გარიგების სანოტარო მოქმედება უნდა გამეფორმებინა. ტელეკომპანიაში „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელი, ზაზა ოქუაშვილი და ბესარიონ კეიდია დამხვდნენ. ვინაიდან კეიდიასა და პატარკაციშვილის საერთო იურისტები ჰყავდათ, სწორედ ამიტომ არ გამოვრიცხე, რომ გასაფორმებელ გარიგებაში შესაძლოა, გარდაცვლილი ბიზნესმენი ფიგურირებდა... საუბარი საკონტროლო პაკეტის გადაცემაზე იყო, რომელსაც ზაზა ოქუაშვილი ყიდდა და ბესარიონ კეიდია ყიდულობდა. თუ სწორად მახსოვს, ლაპარაკი 15-მილიონიან გარიგებაზე იყო. როცა ხელშეკრულების წაკითხვა დავიწყე და პროცენტის ნაწილზე მივედი, ამან ზაზა ოქუაშვილის უკმაყოფილება გამოიწვია - მას საკონტროლო პაკეტის დათმობა არ სურდა. საბოლოოდ, მივხვდი, რომ მხარეები ვერ თანხმდებოდნენ. ამიტომ, ტელეკომპანიის ტერიტორია ისე დავტოვე, რომ ხელშეკრულება არ გაფორმებულა.“

გარდა ამისა, პროცესზე გინტურმა იმ სანოტარო ხელშეკრულებებზეც ისაუბრა, რომლებიც მოგვიანებით, კერძოდ, 2004 წლის დეკემბერში გააფორმა.
ტელეკომპანია „იბერიასა“ და, საერთოდ, „ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებული მოვლენები ე.წ. „ვარდების ტერორის“ ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ქრონიკაა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2003 წლის ნოემბერში, ხელისულებაში „ვარდების რევოლუციის“, უფრო სწორად, სახელმწიფო გადატრიალების გზით მოსულმა ე.წ. „რეფორმატორებმა“ ავტორიტარიზმისკენ სვლა სწორედ „ომეგა ჯგუფზე“ განხორიცელებული ზეწოლით დაიწყეს. შესაბამისად, 2004 წლის 19თებერვალი „ნაციონალური ხელისუფლების“ პირველი ძალადობრივი თარიღია - სწორედ ამ დღეს შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმი „ომეგა ჯგუფის“ კომპანიებში - შპს „ომეგა მოტორს“-ში, შპს „ილიონ“-ში, შპს „ოჯთ“-ში, შპს „ომეგა 2“-სა და ტელეკომპანია „იბერიაში“ და ასევ მათ რეგიონალურ ოფისებში შევიდა. ხელისუფლებაში რევოლუციურ ლექს მოყოლილმა „ვარდოსნებმა“ საკუთარ ხალხსაც პირველად 2004 წლის 21 თებერვალს ესროლეს - სპეცრაზმელებმა, რომლებიც მაშინდელი გენერალური პროკურორის, ირაკლი ოქრუაშვილის დავალებითა და სანქციით მოქმდებდნენ, ანუ კომპანიის ოფისებში თითქოს უაქციზო სიგარეტსა და ყალბ აქციზურ მარკებს ეძებდნენ, ვაშლიჯვარში, „ომეგა ჯგუფის“ დასაცავად შეკრებილი თანამშრომლების მისამართით ცეცხლი გახსნეს. საბედნიეროდ, ტყვია ხალხს არა, მაგრამ კომპანიის ოფისთან გამავალ გაზის მილს მოხვდა, რის გამოც აფეთქების საშიშროება გაჩნდა. მიუხედავად ამისა, შს მაშინდელი მინისტრი და დღესაც „ნაცმოძრაობის“ სახე გია ბარამიძე ხალხის მიმართულებით სროლას კატეგორიულად უარყოფდა, სპეცდანიშნულების რაზმის მოქმედებას კი „კარგს“ უწოდებდა. „მომავალშიც ასე გაგრძელდება!“ - განუცხადა ბარამიძემ ჟურნალისტებს.

ბოლოს, ასე იყო თუ ისე, საზოგადოების პროტესტმა „ვარდოსნები“ აიძულა, სროლა ეღიარებინათ და პირობა დადეს, რომ ამ, რბილად რომ ვთქვათ, ინციდენტს გამოიძიებდნენ, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა, ანუ ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ გაზის მილის ნატყვიარი პროკურატურის მაშინდელმა გამომძიებელმა, თემურ ნათელაშვილმა ხელით გაზომა და საგამოძიები უწყებამ „ვერდიქტიც გამოიტანა“, მილი სპეცრაზმელების ნასროლი ტყვიით არ დაზიანებულაო. მერე, წლები რომ გავა და ხელისუფლება შეიცვლება, თემურ ნათელაშვილი იტყვის, ნატყვიარის ეპიზოდი უმნიშვნელო იყო, რომელიც სამხედრო პროკურატურას უნდა გამოეძიებინაო(!).

მას შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობის“ დიქტატი დასრულდება, მხოლოდ ნათელაშვილი კი არა, 2004 წლის მოვლენების დეტალებს ამ საქმის სხვა ფიგურანტებიც ვეღარ „გაიხსენებენ“. ყოველ შემთხვევაში, მაშინდელი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ადვოკატი, ოთარ კახიძე, რომელიც ახლა, სხვათა შორის, პარლამენტის წევრია, „ომეგა ჯგუფის“ საქმის გამოძიებას „არაფრისმთქმელად“ მონათლავს და შეეცდება, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ესე იგი, ადეიშვილს, რომელმაც საქართველო 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებისთანავე დატოვა, ტელეკომპანია „იბერიასთან“ მიმართებაში დანაშაული არ ჩაუდენია. არადა, მოწმეები ირწმუნებიან, რომ ტელეკომპანიის სამაუწყებლო ლიცენზიის წართმევის ავანგარდში სწორედ ადეიშვილი და მისი მოადგილე, გიორგი ლაცაბიძე იდგნენ.

ისე, სავარაუდოა, რომ ყველაფრის ინიციატორი ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იყო, თუმცა ამ ეტაპზე, მოწმეთა ჩვენებებისა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, ბრალი, სისხლის სამართლის კოდექსის 313-ე მუხლით, მხოლოდ ადეიშვილსა და ლაცაბიძეს აქვთ წაყენებული. ეს მუხლი თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო დამნაშავეებად სცნობთ, ადეიშვილ-ლაცაბიძეს პატიმრობა ემუქრებათ. სხვათა შორის, გიორგი ლაცაბიძე, ადეიშვილისგან განსხვავებით, საქართველოში იმყოფება და სასამართლო სხდომებსაც ესწრება. თავდაპირველად პროკურატურა მისთვის, აღმკვეთი ღონისძიების სახით, 20-ათასიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მხოლოდ 5-ათასიანი გირაო შეუფარდა.

სასამართლოს ბრალდებული ლაცაბიძე ჯერ არ დაუკითხავს. ამიტომ, საინტერესოა, გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე თავს რითი იმართლებს. ასევე, საინტერესოა, თუ რას იტყვის ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთვარი მოწმე დიმიტრი ქიტოშვილი, რომელიც 2004 წელს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ხელმძღვანელობდა. არსებობს ინფორმაცია, რომ ქიტოშვილმა გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცა, თუმცა ამის შესახებ კომენტარს ჯერჯერობით არც „იბერიას“ ადვოკატი აკეთებს და არც - პროკურატურის წარმომადგენელი. სამაგიეროდ, ქიტიშვილის როლზე ყოფილი ნოტარიუსი ლაპარაკობს. კერძოდ, გინტური არ უარყოფს, რომ 2004 წლის 7 დეკემბერს, ანუ ზუსტად იმ დღეს, როცა „იბერიას“ ლიცენზიის წართმევა- იძულებით გადაფორმება მოხდა, ქიტოშვილი მის ოფისში იმყოფებოდა.

თვითმხილველთა და მოწმეთა მონაყოლით, 2004 წლის 7 დეკემბერს, კოსტავას ქუჩაზე, გინტურის სანოტარო ოფისში როდესაც „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლები მიდიან, ასევე, მივიდნენ ქიტოშვილი და მისი მეგობარი, სტომატოლოგი დავით კაკაურიძე. გინტური და ქიტოშვილი განმარტოვდებიან. „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლები და კაკაურიძე გამზადებულ სანოტარო ხელშეკრულებას ხელს სწორედ მათი „საიდუმლო სერობის“ შემდეგ აწერენ.
სხვათა შორის, 2013 წელს, როცა მთავარმა პროკურატურამ „ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ განხორციელებული „ვარდების უკანონობის“ გამოძიება დაიწყო, საიდანაც ტელეკომპანია „იბერიას“ საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, ნოტარიუსი გინტური 2004 წლის მოვლენებზე საუბრისგან თავს არიდებდა და ცინიკურად აცხადებდა, ქიტოშვილს შეიძლება, ვუყვარდი და ჩემს ოფისშიც ამიტომ მოვიდაო, თუმცა მერე, როგორც იტყვიან, „პლასტინკა ამოატრიალა“ და ყველაფერი „დაფქვა“.

ცნობისთვის: ტელეკომპანია „იბერიას“ ლიცენზიის იძულებით წართმევა-გადაფორმებას საქართველოს მთავარი პროკურატურა სამი წელი იძიებდა. ამ ხნის განმავლობაში არაერთი მოწმე დაიკითხა, გამოძებას ჩვენებები „ომეგა ჯგუფის“ და, შესაბამისად, ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლებმაც მისცეს. საქმე განსახილველად სასამართლოს 2016 წლის ზაფხულში გადაეცა. 2004 წლის მოვლენებით დაზარალებული „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სხვა კომპანიების - შპს „ომეგა მოტორს“-ის, შპს „ილიონ“-ის, შპს „ოჯთ“-ის და შპს „ომეგა 2“-ის საქმის გამოძიება კი დღემდე გრძელდება.

საერთოდ, მტკიცებულებათა ერთობლიობა ნათელყოფს, რომ „იბერიას“ ლიცენზიის წართმევა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლებზე ზეწოლას ემსახურებოდა. იმხანად ქართულ მედიაში ერთობ მოდური იყო ე.წ. „თვითცენზურა“ - მედიამფლობელები და ჟურნალისტები „ვარდების ხელისუფლების“ კრიტიკას ერიდებოდნენ. „იბერია“ კი, 2004 წლის თებერვლის მოვლენებს პირდაპირ ეთერში უწყვეტად გადასცემდა, რაც „ვარდოსნებს“, როგორც ჩანს, ნერვებს უშლიდა და ფატალური შეცდომაც, ალბათ, ამიტომ დაუშვეს - „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სხვა კომპანიების მსგავსად, „იბერიას“ შეიარაღებული ოკუპაციაც მოახდინეს. მართალია, შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმმა ტელევიზია მალევე დატოვა, მაგრამ ამით გამოჩნდა, რომ „ნაციონალები“, რომლებიც ხელისუფლებაში დემოკრატიის ეგიდით მოვიდნენ, ქვეყანაში თავისუფალ სიტყვას არ გაახარებდნენ. სამწუხაროდ, ეს საფრთხე მხოლოდ საზოგადოების ნაწილმა დაინახა. არადა, იგივე ჟურნალისტური კორპუსი უფრო ერთსულოვანი რომ ყოფილიყო და „იბერიას“ „ნაციონალური ოკუპაცია“ დაეგმო, სააკაშვილის გუნდი, ალბათ, ცოტა „აზრზე მოვიდოდა“ და 9 წლის განმავლობაში არც იმის განცდა ექნებოდა, „მე ვარ და ჩემი ნაბადიო“.

დღევანდელი გადასახედიდან, ერთიც ნათელია: „ომეგა ჯგუფის“ დასაცავად ხმა ბიზნესელიტას რომ ამოეღო, ქონების წართმევის, სახელმწიფოსთვის „ჩუქებისა“ თუ ციხეში სხვისთვის „ნებაყოფლობით გადაფორმების“ მანკიერი პრაქტიკაც ვერ დამკვიდრდებოდა. ზაზა ოქუაშვილი, პრაქტიკულად, ერთადერთი იყო, რომელმაც ბიზნესის დათმობაზე უარი განაცხადა და „ვარდების ჯოჯოხეთშიც“ ამიტომ აღმოჩნდა!

დიახ, ის 11 თვე, რა დროსაც „ომეგა ჯგუფში“ შემავალ კომპანიებში სპეცრაზმი იდგა, ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო - გარდა იმისა, რომ ბიზნესი ვერ ფუნქციონირებდა, შეიარაღებული ადამიანები ოფისებსა თუ ტექნიკას მიზანმიმართულად აზიანებდნენ და ამტვრევდნენ! 2004 წლის 5 ივლისს, მთაწმინდა-კრწანისის სასამართლო, ადვოკატების - იოსებ ბარათაშვილისა და შალვა შავგულიძის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ სპეცრაზმმა „ომეგა ჯგუფის“ საწარმოები უნდა დატოვოს, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებას ყურადღებას არავინ აქცევს და შეიარაღებული ნიღბოსნები ოფისებში კიდევ რამდენიმე თვე რჩებიან.

„ომეგა ჯგუფის“ ზარალი კოლოსალურია

2004 წლის სექტემბერში, „ომეგა ჯგუფში“ შემავალ კომპანიებში მიზნმიმართული საგადასახადო შემოწმება იწყება, თუმცა საქმეში თავდაპირველი ბრალდება - უაქციზო სიგარეტი და ყალბი აქციზური მარკები აღარ ფიგურირებს. საბოლოოდ, „ნაციონალური“ მაკონტროლებლები „ომეგა ჯგუფს“, მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, 23-მილიონამდე გადასახადის გადახდას დააკისრებენ და „იბერიას“ ლიცენზიაზე ვაჭრობასაც დაიწყებენ.
„ჩვენი საქმის გამომძიებელმა, ბაკურ ჩიქოვანმა დამირეკა და მითხრა, რომ გენერალური პროკურორი მიბარებდა, თუმცა პროკურატურაში მისულს ადეიშვილის მოადგილე, გიორგი ლაცაბიძე შემხვდა. მახსოვს, ლაცაბიძემ მითხრა, თქვენი პრობლემები რომ დასრულდეს, ტელევიზიის საკითხი უნდა გადაწყდესო. დავინტერესდი, „ტელევიზიის საკითხის გადაწყვეტა“ რას ნიშნავდა. როგორც ლაცაბიძემ ამიხსნა, ტელევიზიის დამფუძნებლებში შევიდოდა ფიზიკური პირი, რომელიც დამფუძნებლებიდან მეორე დღესვე გავიდოდა და, წილის სახით, ტელეკომპანიის ლიცენზიას გაიტანდა,“ - იხსენებს ერთ-ერთი მოწმე.

ამის შემდეგ მოვლენები „ნაციონალთა“ სქემით ვითარდება, ანუ 2004 წლის 7 დეკემბერს, ნოტარისული გინტური, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლებსა და ვინმე დავით კაკაურიძეს შორის სანოტარო ხელშეკრულებას აფორმებს, რომლის თანახმადაც, კაკაურიძე შპს „იბერია ტვ“-ში შპს „ილიონის“ კუთვნილი 25%-იანი წილის მფლობელი ხდება. კაკაურიძეს ამ 25 პროცენტში სიმბოლური თანხა - 500 ლარი უნდა გადაეხადა, თუმცა როგორც „ომეგა ჯგუფის“ ადვოკატი დავით ასათიანი ამბობს, სტომატოლოგ კაკაურიძეს არც ეს თანხა გადაუხდია. პარალელურად, ესე იგი, იმავე საათებში, კაკაურიძე ტელევიზიის 25%-იან წილს შპს „ომეგა მოტორს“ გადასცემს და სანაცვლოდ, შპს „აისის“ დაფუძნების გზით, ტელევიზიის ლიცენიზია მიაქვს. 2006 წლის 24 თებერვალს, კაკაურიძე შპს „აისში“ კუთვნილ 100%-ს ბიძინა ნიჟარაძეს გადასცემს; 2007 წლის 12 სექტემბერს კი, ბიძინა ნიჟარაძე შპს „აისში“ კუთვნილ 100%-ს იოსებ მგელაძეს უფორმებს. დოკუმენტების თანახმად, 2012 წლის 12 თებერვალს, იოსებ მგელაძემ შპს „აისში“ კუთვნილი 100% შპს „ჯორჯია მედია პროდაქშენს“ გადასცა, რომელიც 2011 წელს, ტელეკომპანია „იმედის“ შემადგენლობაში აღნოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ შპს „აისი“ ტელეკომპანია „იბერიას“ საერთო მაუწყებლობის ლიცენზიას, რომელიც ამ უკანასკნელმა თავის დროზე აუქციონის წესით შეიძინა, ასე ვთქვათ, პროფილს უცვლის, ანუ შპს „აისი“ მუსიკალური-გასართობი არხი ხდება, თუმცა ეთერში არასოდეს გასულა, რაც კანონდარღვევაა, მაგრამ ამის გამო კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მაშინდელ შემადგენლობას პასუხი არ მოუთხოვია.

„იბერიას“ „ვარდოსნული ოკუპაცია“ ოთხი წლის წინ დასრულდა - ტელევიზიას წართმეული ლიცენზია, რომელიც 2004 წელს საერთო საეთერო მაუწყებლობის იყო, 2013 წელს მოდიფიცირებული სახით (სპეციალიზირებული/გასართობი) დაუბრუნდა. „იბერია“ ეთერში ერთი წლის წინ, საერთო მაუწყებლობით დაბრუნდა. სისხლის სამართლის საქმის განხილვა კი, როგორც აღვნიშნეთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

წყარო: ნიუპოსტი

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

22 ნოემბერი, 2024 , 14:52

თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე გამართულ აქციაზე პოლიციელზე ძალადობის მუხლით დაკავებულ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქ

ბრაკონიერმა თეთრიწყაროში, ფიტარეთის მონასტრის მიმდებარედ შველი მოკლა

22 ნოემბერი, 2024 , 12:01

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრც

აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

22 ნოემბერი, 2024 , 11:01

აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს ბრალი წარედგინა - პროკურატურა 21 წლის აქტივისტს, რომელიც გომელაურის უწყების თანამშრომლებს ძალის გადამეტებაში ამხელს, ახლა პოლიციელებზე თავდასხმას აქეთ ედავება. ახალგაზრდას ბრ

პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

21 ნოემბერი, 2024 , 13:29

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც უწყებაში განმარ

საქართველოსა და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს თანხას სძალავდნენ - სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს

21 ნოემბერი, 2024 , 10:01

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენო

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო

20 ნოემბერი, 2024 , 15:55

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო - ინფორმაცია ამის შესახებ საკონსტიტუციოს ვებგვერდზე აიტვირთა.  პრეზიდენტის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გუშინ, 19 ნოემბერს შევიდა. არ