უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა
ცესკო თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებს ასაჯაროებს.
როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნების მეორე ტურში 6 საარჩევნო ოლქიდან 5-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა, ხოლო ერთში დამოუკიდებელმა კანდიდატმა.
ქუთაისში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ 87,55%-ით გაიმარჯვა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელმაც მეორე ტურში არ მიიღო მონაწილეობა, თუმცა კანონის თანახმად, ბიულეტენზე მისი გვარი მაინც იყო დატანილი, ხმათა 12,45% მიიღო.
ყაზბეგის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების“ კანდიდატმა ალექსანდრე ზაგაშვილმა ხმათა 68,65%-ით გაიმარჯვა, მისმა კონკურენტმა “დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა სანდრო ყამარაულმა 31,35% მიიღო.
წინასწარი მონაცემებით, ხაშურში “ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი გურასპაშვილმა ხმათა 61,31% დააგროვა და გაიმარჯვა, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა რამაზ ნოზაძემ - 38, 69%.
ბორჯომში წინასწარი მონაცემებით გამარჯვებულია “ქართული ოცნების” კანდიდატი ლევან ლიპარტია ხმათა 55.22%-ით, „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ კი ხმათა 44,78% მიიღო.
მარტვილში “ქართული ოცნების“ კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ ხმათა 93,04%-ით გაიმარჯვა, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მამუკა დანელიამ, რომელიც მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის მიუხედავად საარჩევნო ბიულეტენში მაინც ფიგურირებდა, ხმათა 6,96% დააგროვა.
ოზურგეთში, წინასწარი მონაცემებით, დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ ხმათა 50,11%-ით გაიმარჯვა, მისმა კონკურენტმა “ქართული ოცნების“ კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ კი ხმათა 49,89% მიიღო.
ნინო ექვთიმიშვილი