უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონის მცხოვრებლები კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ
ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის მცხოვრებლები კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.
ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული, რადგან მოსახლეობა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის შეყვანის უფლებას არ აძლევს.
აქციის მონაწილეების განმარტებით, მშენებლობა, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში არის დაწყებული არის უკანონო და ერთადერთი სკვერი, რომელიც მეორე მიკრორაიონის 21-ე და 22-ე კორპუსებს შორის არის, მშენებლობის შედეგად უფუნქციო დარჩება.
„აქ როცა დიდი დანადგარები ამუშავდება, დიდი ალბათობით, ეს ყველა კორპუსი გახდება ავარიული და ეს არის გარდაუვალი. ყოველ დილით აქ ბავშვები გამოყავთ, არა მარტო ამ კორპუსის, სხვა კორპუსებიდანაც მოდიან. დარჩა ერთი პატარა ადგილი, სადაც ბავშვებს აქვთ საშუალება, რომ დილით, სუფთა ჰაერი ჩაყლაპონ. ორი წელი კი ეს შეუძლებელი იქნება“,-აღნიშნა აქციის მონაწილე ზურაბ ნაცვლიშვილმა.
სამშენებლო კომპანიის მთავარი ბუღალტერის ნათია გეგელაძის თქმით, მშენებლობა კანონის შესაბამისად მიმდინარეობს და მასზე ნებართვაა გაცემული.
„ტერიტორია შესწავლილია, არის ამაზე დასკვნა და გაცემულია მშენებლობის ნებართვა. თუ რამე ხალხს არ მოსწონთ, შეუძლიათ მიმართონ ზემდგომ ორგანოებს“,-აღნიშნა გეგელაძემ.
მონიკა დავლიანიძე