უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

23 სექტემბერი, 2017 11:00
font-size

ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა უაღრესად დადებითია - ირაკლი კობახიძე

დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო წინასწარი დასკვნა ვენეციის კომისიისგან, რომელშიც უაღრესად დადებითად არის შეფასებული საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლებს ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა გააცნო და განაცხადა, რომ ვენეციის კომისიას არცერთ პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შენიშვნა არ აქვს.

„საბოლოო დასკვნაში არის აღნიშნული შემდეგი: „საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის გარდაქმნას საპარლამენტო სისტემად და არის დადებითი ნაბიჯი ქვეყნის კონსტიტუციური სისტემის კონსოლიდაციისა და გაუმჯობესების თვალსაზრისით. საკონსტიტუციო რეფორმა ეფუძნება დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ძირითადი უფლების დაცვის პრინციპებს. დასკვნაში არის დადებითად შეფასებული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც იქნა გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის მიერ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კომისია დადებითად აფასებს გადასვლას პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე და დასკვნაში აღნიშნულია, რომ ეს ყველაფერი შესაბამება ევროპულ სტანდარტებს. გარდა ამისა, ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ხუთპროცენტიანი ბარიერით, რომელიც მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება, სრულად შეესაბამება სამართლებრივ სტანდარტებს და ეს არის უმნიშვნელოვანესი პროგრესული ნაბიჯი, ის ნაბიჯი, რომელიც აქამდე არცერთ ხელისუფლებას არ გადაუდგამს. ვენეციის კომისიას არ აქვს არცერთი შენიშვნა ისეთ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა პრეზიდენტის არჩევის წესი, პრეზიდენტის სტატუსი და უფლებამოსილებები - ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ეს ყველაფერი, უშიშროების საბჭოს გაუქმება, ამასაც ხაზგასმით აღვნიშნავთ, თავდაცვის საკითხების მოწესრიგება, მთავრობის მომწესრიგებელი თავი და ა.შ. არცერთი შენიშვნა ამ საკითხებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მხრიდან არ იქნა გამოთქმული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ვენეციის კომისია ძალაში მხოლოდ რამდენიმე რეკომენდაციას ტოვებს, რომლებიც არასაკვანძო საკითხებს ეხება.

„ეს არის რეგიონული პარტიების აკრძალვა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ჩვენი პოზიცია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციის დონეზე უნდა იყოს აკრძალული ტერიტორიული ნიშნით პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბება. ჩვენ ვიცით, როგორია ქართული კონტექსტი და ბუნებრივია, შეიძლება, არ იყოს იოლი ქართული კონტექსტის სათანადოდ გააზრება ისეთი ექსპერტებისთვის, რომლებსაც უშუალოდ შეხება არ ჰქონიათ ქართულ რეალობასთან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რეგიონული პარტიები, პარტიების შექმნა ტერიტორიული ნიშნით უნდა იყოს აკრძალული საქართველოს კონსტიტუციით.

მეორე რეკომენდაცია ეხება იმას, რომ პარლამენტი არ უნდა მონაწილეობდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების პროცესში. ჩვენთვის ეს რეკომენდაცია იყო მიუღებელი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი აზრით, მაღალი ლეგიტიმაციით უნდა სარგებლობდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და ჩვენთვის არ არის მიზანშეწონილი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გამორიცხვა ამ პროცესიდან. ამის გამო არ იქნა გაზიარებული ეს რეკომენდაცია.

მესამე რეკომენდაცია ეხება საზოგადოებრივი გაერთიანებების ლიკვიდაციას - აქ, შესაძლოა, იყოს თარგმანის პრობლემა, და შესაძლოა, ერთმანეთში არის აღრეული ლიკვიდაცია და აკრძალვა, და შესაძლოა, ამას ეფუძნება ეს რეკომენდაცია. ჩვენ მიგვაჩნია და დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისი საკითხიც არის სათანადოდ მოწესრიგებული საქართველოს კონსტიტუციაში.

ასევე, რეკომენდაცია შეეხება რწმენის თავისუფლებას და აღნიშნულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესები არ უნდა იყოს რწმენის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ კუთხით სტანდარტებს შეესაბამება ჩვენი ახალი რეგულაციები, შესაბამისად, დარჩა ძალაში ის ნორმები, რომლებიც იყო წარმოდგენილი.

შემდეგ - საკონსტიტუციო სასამართლოს შეზღუდული აქვს არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის უფლებამოსილება, ამ კუთხით ჰქონდა ვენეციის კომისიას რეკომენდაცია. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვიცით ძალიან კარგად ქართული რეალობა, ქართული პრაქტიკა და ის რისკები, რომლებიც გვახსოვს ჩვენ უახლოესი წარსულიდან, და ამ ყველაფრის გათვალისწინებით შედის შესაბამისი ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში. აქედან გამომდინარე, გადაისინჯა სწორედ შესაბამისი ნორმა საქართველოს კონსტიტუციის.

კიდევ ერთი რეკომენდაცია ეხებოდა პარლამენტის ზედა პალატის შემოღებას. აქაც ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები. ზედა პალატის ფუნქცია ჩვენი ტიპის ქვეყანაში შეიძლება იყოს რეგიონული წარმომადგენლობის უზრუნველყოფა იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ორი რეგიონი არის ოკუპირებული, ბუნებრივია, ყოველგვარ აზრს არის მოკლებული პარლამენტის ზედა პალატის არსებობა. აქედან გამომდინარე, სრულიად რაციონალურად არ იქნა გაზიარებული ეს რეკომენდაცია. და ბოლოს, კიდევ ერთი რეკომენდაცია ეხებოდა მიწის საკითხთა მოწესრიგებას. ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ამ საკითხის ისეთი სახით მოწესრიგება ქართული საზოგადოებისთვის, როგორც ეს არის მოწესრიგებული ახალი რეგულაციებით და აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალაში ვტოვებთ მიწასთან დაკავშირებულ ნორმებს, რომლითაც იზღუდება არა მოქალაქეებზე მიწის გასხვისება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა საკონსტიტუციო რეფორმას საკონსტიტუციო სისტემის კონსოლიდაციისა და გაუმჯობესების თვალსაზრისით გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად აფასებს.

„არის ჩამოთვლილი რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც აქვს ვენეციის კომისიას. არცერთ ამ რეკომენდაციას არ აქვს საკვანძო მნიშვნელობა დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებისთვის და კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას, რომელიც აცხადებს, რომ საკონსტიტუციო რეფორმა არის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი საკონსტიტუციო სისტემის კონსოლიდაციისა და გაუმჯობესების თვალსაზრისით.

მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ვენეციის კომისიას ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობისთვის და ჩვენ, ბუნებრივია, მომავალშიც გავაგრძელებთ წარმატებულ თანამშრომლობას ვენეციის კომისიასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

მედიის წარმომადგენელთა კითხვაზე, იყო თუ არა საუბარი ვენეციის დასკვნაში საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით კონსენსუსის თაობაზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დასკვნის მიხედვით, სამწუხაროდ, არ არის მიღწეული ფართო კონსენსუსი, მაგრამ დოკუმენტში ხაზგასმულია ორივე მხარის როლი.

„აქ საუბარია მმართველ პარტიაზე, აქ საუბარია უმცირესობაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ კონსენსუსისთვის, პრაქტიკულად, არაფერი გააკეთა საპარლამენტო თუ არა საპარლამენტო ოპოზიციამ. ჩვენ ძალიან მარტივი რამ შევთავაზეთ ოპოზიციურ პარტიებს - ვთხოვეთ იმ საკითხების ჩამოწერა, რომელთა ასახვის შემთხვევაში, ისინი მხარს დაუჭერდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ესეც კი არ გააკეთეს, რითაც გადამწყვეტი დაბრკოლება შეუქმნეს კონსენსუსის ჩამოყალიბებას. ვენეციის კომისია საუბრობს კონსენსუსის მნიშვნელობაზე და ამ სულისკვეთებას ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ, თუცა რაც შეეხება მხარეების წვლილს მის მიუღწევლობაში, ამასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას პოზიცია გამოხატული არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, არის თუ არა საუბარი ვენეციის კომისიის დასკვნაში პროპორციული საარჩევნო სისტემის თაობაზე.
პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისია ისურვებდა 2020 წელს პროპორციული სისტემის შემოღებას.

„მე პირადად ამ სულისკვეთებას ვიზიარებ. ვიყავი და ვარ პროპორციული საარჩევნო სისტემის აქტიური მხარდამჭერი. თუმცა ეს გახდა შეუძლებელი და ამაშიც ნეგატიური როლი შეასრულა ოპოზიციამ.
ვენეციიდან დაბრუნების შემდეგ ჩვენ ოპოზიციას შევთავაზეთ, რომ მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის იმ პირობებში, რომ 2020 წლისთვის ამოქმედდებოდა პროპორციული სისტემა. თუმცა მათ ამაზე უარი განაცხადეს და ამან შეუძლებელი გახადა 2020 წლისთვის საპარლამენტო პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება კონსტიტუციური კანონის პროექტის მესამე მოსმენით განხილვის თარიღს, შეკითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მესამე მოსმენა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება.
„თარიღი დაზუსტდება, მაგრამ, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში შედგება მესამე მოსმენა საქართველოს პარლამენტში, კენჭი ეყრება მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს და ამით დასრულდება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პროცედურა. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც ითქვა გუშინ: ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ახლა შეუძლებელია არა სარედაქციო ცვლილებების შეტანა კონსტიტუციაში. აქედან გამომდინარე, ავიღეთ ვალდებულება, რომ ინიციატივის წესით შემოვიტანოთ ახალი პროექტი, რომლითაც გაუქმდება ე.წ. ბონუსის სისტემა და ერთჯერადად შენარჩუნდება 3%-იანი ბარიერის პირობებში,ბლოკები მომდევნო არჩევნებისთვის. შესაბამისი კანონპროექტი შევა პარლამენტში და ეს იქნება მიღებული შესაბამის ვადებში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკებისთვის მონაწილეობის ერთჯერადად მინიჭების უფლებასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ბლოკის ინსტიტუტის შენარჩუნებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, თუმცა, ბლოკების შენარჩუნების თაობაზე გადაწყვეტილება კომპრომისის რეჟიმში იქნა მიღებული.

„ჩვენ მუდმივად ვიყავით დიალოგისა და კონსენსუსის ძიების რეჟიმში. კიდევ ერთხელ შეგვიძლია აღვნიშნოთ, ჩემი აზრიც არის და მმართველი გუნდის უმრავლესობა ამას იზიარებს - არ არის მიზანშეწონილი ბლოკის ინსტიტუტის შენარჩუნება. დღევანდელ პრაქტიკასაც შეგვიძლია გადავხედოთ. დღეს დარეგისტრირდა სულ რამდენიმე ბლოკი, რომელთაგან ყველა, პრაქტიკულად ფიქტიურია. არის ერთი ბლოკი შექმნილი ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მიერ, რომელიც აერთიანებს ორ ერთკაციან პარტიას და არის მეორე საარჩევნო ბლოკი რომელიც აერთიანებს კიდევ ერთ პარტიას, რომელიც ორი თვის წინ არის დაფუძნებული და რომლის სახელიც კი არავინ იცის და სამი პარტია მიიღებს სახელმწიფო დაფინანსებას, რომლის ოდენობა გასცდება მილიონ ლარს. ე.ი. გადასახადების გადამხდელები გადაიხდიან მილიონ ლარზე მეტს ყოველწლიურად, ფიქტიური პარტიების სასარგებლოდ. ეს არის სიმახინჯე. ჩვენი აზრით მიზანშეწონილი იყო ამის გაუქმება უკვე შემდეგი არჩევნებისთვის, თუმცა, ვიყავით მუდმივი კომპრომისის ძიების რეჟიმში და სწორედ ამ რეჟიმში იქნა მიღებული გადაწყვეტილება ბლოკების შენარჩუნების თაობაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი