უახლესი ამბები
- 11.03.2026 13:33ლილოს თავშესაფარი ამ დროისთვის 116 ბენეფიციარს ემსახურება, რომელსაც ერთდროულად 240 ბენეფიციარის მიღების შესაძლებლობა აქვს - კახა კალაძე
- 11.03.2026 13:28ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
- 11.03.2026 13:16მეტროსადგური „ვარკეთილი“ 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება
არქივი
მოზაიკა
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მოიწვია. ღონისძიებები კულტურის სამინისტროსა და ორგანიზაცია “შემოქმედებითი საქართველოს” მხარდაჭერით ჩატარდა. ერთ-ერთ კონცერტს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძეც ესწრებოდა.
აღსანიშნავია, რომ ეს “შაკატაკის” მეორე ვიზიტი იყო საქართველოში. ბრიტანელი მუსიკოსები ჩვენს ქვეყანას პირველად დაახლოებით 30 წლის წინ სტუმრობდნენ.
როგორც “თაგის არტის” დამფუძნებელმა ანი ლაღიძემ განაცხადა, “შაკატაკის” მუსიკა ეპოქალური და გემოვნებიანია, ბოლომდე უძლებს დროს. თბილისიც სწორედ გემოვნებიან სტილთან ასოცირდება, რის გამოც საქართველოს დედაქალაქში ჯგუფის ხელმეორედ მოწვევა გადაწყდა.
“საამაყოა, როდესაც "შაკატაკის” ფენომენზე საუბრობ. ჯგუფის მუსიკალურ შესაძლებლობებზე ფიქრი და საუბარი ამოუწურავი თემაა. შაკატაკი” არის ანსამბლი, რომლის უდიდესი ჰიტების გაორკესტრებული ვერსიები საოცარი თანამედროვე ჟღერადობითა და შეგრძნებებით გამოირჩევა. თითოეულ მუსიკალურ თემას, რომელიც ჯგუფის დამაარსებლის, პიანისტ ბილ შარპის მიერაა შექმნილი, თავისუფლად შეიძლება ეწოდოს არტისტიზმის მწვერვალი. “შაკატაკის” რეპერტუარი მუსიკალური სამყაროს საზოგადოებისათვის ყველაზე გემოვნებიანი მუსიკაა და ეს გემოვნებიანი მუსიკა გემოვნებიან თბილისს ესტუმრა”, - აღნიშნა ანი ლაღიძემ.
როგორც “მედიანიუსს” “შაკატაკის” ლიდერმა, ბილ შარპმა განუცხადა, მუსიკოსებს კარგად ახსოვთ 30 წლის წინანდელი სტუმრობა თბილისში, სადაც დაუვიწყარი დრო გაატარეს. მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა, თუმცა მაშინდელი ემოციები დაუვიწყარია.
“საქართველოში მეორედ სტუმრობის მთავარი მიზეზი ანი ლაღიძეა, რომელმაც აქ დაგვპატიჟა. ასევე საინტერესო იყო ახლანდელი თბილისის ნახვა. გვაინტერესებდა ქართველ მაყურებელთან შეხვედრაც -- შესაძლოა, საკონცერტო დარბაზში იმ მაყურებლებსაც შევხვედროდით, რომლებიც 30 წლის წინ ვნახეთ. ვეცადეთ, წელს უკეთესები ვყოფილიყავით. რეპერტუარში ახალი ნომრებიც გგვაქვს, მაგრამ კონცერტებზე, უმთავრესად, იმ სიმღერებს ვასრულებთ, რომლებიც მსმენელს 80-იანი წლებიდან ახსოვს”, -- განუცხადა ბილ შარპმა “მედიანიუსს”.
მისივე თქმით, თუ ქართველ მსმენელს სურვილი ექნება, “შაკატაკი” საქართველოს მომავალშიც ეწვევა.
ცნობისათვის: ჯგუფი “შაკატაკი” 1980 წელს ლონდონში შეიქმნა. ის თავდაპირველად პიანისტებს: ბილ შარპსა და ნაიჯელ რაიტს, გიტარისტ კით უინტერს, ბასისტ სტივ ანდერვუდსა და დრამერ როჯერ ოდელს აერთიანებდა. თავისი ანდერგრაუნდ-ჰიტით -- “Steppin” ბენდმა მალევე გაითქვა სახელი. მომდევნო წელს კი ისინი სიმღერებით -- “Livin' in the UK” და “Brazilian Dawn”-- ბრიტანულ ტოპ 50-ეულში მოხვდნენ.
„შაკატაკმა“, რომელმაც ანდერვუდი ბასისტ ჯორჯ ანდერსონით ჩაანაცვლა, 1982 წელს მეორე ალბომი Nightbirds გამოუშვა, საიდანაც სიმღერა “Easier Said Than Done” საუკეთესო 20 სიმღერას შორის მოხვდა, ხოლო ალბომის პირველი სიმღერა -- საუკეთესო ათეულში. ალბომში ასევე დებიუტი ჰქონდა მომღერალ ჯილ საუარდს, რომელიც ჯგუფის წამყვანი ვოკალისტი მალევე გახდა.
დიდწილად ინსტრუმენტული ალბომების სერია Into the Blue, Golden Wings, Da Makani და Niteflite ექსკლუზიურად იაპონიაში გამოიცა, სადაც “შაკატაკმა” გასაოცარი პოპულარობა მოიპოვა. მანამდე კი, 1988 წელს, ალბომი Manic and Cool გამოიცა, სადაც შესულმა სიმღერებმა: "Mr. Manic and Sister Cool" და "Something Special” საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
1992 წელს გამოცემული ალბომი Open Your Eyes Billboard's Contemporary Jazz ჩარტის ლიდერი გახდა, რის შემდეგაც ჯგუფი Street Level-ის დახმარებით სამხრეთ აფრიკის ტურში გაემგზავრა. მომდევნო წელს კი მათი ახალი ალბომი Full Circle ჰიპ-ჰოპის მიმართულებით განვითარდა. 1997 წელს “შაკატაკი” შარპის, ოდელის, საუარდისა და ანდერსონის შემადგენლობით, სიმღერით Let the Piano Play ხელახლა გამოჩნდა, რასაც 1999 წელს სიმღერა “View from the City” მოჰყვა.
დატვირთული საკონცერტო გრაფიკის მიუხედავად, “შაკატაკს” მუშაობა არ შეუწყვეტია და მომდევნო 10 წლის განმავლობაში უამრავი წარმატებული ალბომი გამოუშვა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36
თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა
19 მაისი, 2025 , 08:30


