Politics
    2026-06-15 | 14:16

    გვჭირდება არა სკუტერების აკრძალვა, არამედ წესების დადგენა, მოვუწოდებ ყველას, ვისაც ევალება აღნიშნული საკითხის მოწესრიგება, იმოქმედეთ დროულად - ქეთი თურაზაშვილი

    გვჭირდება არა სკუტერების აკრძალვა, არამედ წესების დადგენა, მოვუწოდებ ყველას, ვისაც ევალება აღნიშნული საკითხის მოწესრიგება, იმოქმედეთ დროულად - ქეთი თურაზაშვილი

    გვჭირდება არა სკუტერების აკრძალვა, არამედ წესების დადგენა, მოვუწოდებ ყველას, ვისაც ევალება აღნიშნული საკითხის მოწესრიგება, იმოქმედეთ დროულად იმისთვის, რომ მომავალში მაინც თავიდან ავიცილოთ მძიმე შემთხვევები, - ამის შესახებ “ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ქეთი თურაზაშვილმა განაცხადა.

    "ბოლო წლებში ელექტროსკუტერები და სხვა მსუბუქი ელექტროტრანსპორტი ჩვენი ქალაქის ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. ეს ბუნებრივი პროცესია და თანამედროვე ქალაქის განვითარებასთან ერთად მათზე მოთხოვნაც იზრდება.

    ამიტომ, თავიდანვე მინდა მკაფიოდ განვაცხადო: ჩვენ არ ვითხოვთ აკრძალვებს. პირიქით, გვინდა ისეთი ქალაქი, სადაც ელექტროსკუტერით მოსარგებლე ადამიანიც უსაფრთხოდ გადაადგილდება და ქვეითიც.

    ტროტუარი ის ადგილია, სადაც ადამიანი თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს. ქუჩაში განსაკუთრებით დაცულები უნდა იყვნენ ბავშვები, ხანდაზმულები, შშმ პირები და მშობლები საბავშვო ეტლებით. სამწუხაროდ, დღეს ეს ყოველთვის ასე არ არის.

    ჩვენ, "ძლიერი საქართველო - ლელო", გამოვდივართ ინიციატივით და გთავაზობთ გამოსავალს!

    უმნიშვნელოვანესია ქალაქში გაკეთდეს მეტი ბილიკი და რეალურად არსებობდეს ერთიანი ქსელი, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს საცხოვრებელ უბნებს, მეტროსადგურებს და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებს;

    მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ველობილიკებზე ავტომობილების დგომა. ვგულისხმობ პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მანქანებს;

    ჩაფხუტების ტარება უნდა გახდეს სავალდებულო;

    აუცილებელია დაწესდეს მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 14/16 წელი. გასაქირავებელი სკუტერების ოპერატორებს, კანონით უნდა დაევალოთ მომხმარებლის პირადობის დოკუმენტით ვერიფიკაცია, რათა მოზარდებმა ვერ შეძლონ სისტემის გამოყენება. განსაკუთრებით 2-3 ბავშვის ერთად დგომა უნდა შეიზღუდოს;

    პარკებში, სკვერებსა და ხალხმრავალ საფეხმავლო ზონებში სკუტერის სიჩქარე უნდა დარეგულირდეს;

    შესაცვლელია სკუტერების ქაოტური პარკირება ტროტუარების შუაგულში, მათსავე ბილიკებზე, პანდუსებთან, ავტობუსის გაჩერებებთან ან საცხოვრებელი კორპუსების შესასვლელებთან;

    თბილისის მერიამ უნდა შექმნას სპეციალური პარკირების ადგილები, ხოლო ოპერატორებმ აუნდა დანერგონ სისტემა, რომელიც მგზავრობის დასრულების შესაძლებლობას მხოლოდ ასეთ ზონაში მისცემს მომხმარებელს;

    ელექტროსკუტერი და ელექტროველოსიპედი წარმოადგენს ეკოლოგიურ ტრანსპორტს, რომელიც ამცირებს საცობებს, ჰაერის დაბინძურებასა და საწვავის მოხმარებას. ამიტომ მიზანშეწონილია, დაწესდეს საგადასახადო შეღავათები ამ სახის ტრანსპორტის და მათი აღჭურვილობის იმპორტზე, რათა მათი შეძენა მოქალაქეებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს;

    ევროპის გამოცდილებაც სწორედ ამას გვთავაზობს. საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში ტროტუარზე მოძრაობა აკრძალულია, მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვები და სიჩქარის მკაფიო ლიმიტები. ზოგ ქვეყანაში სავალდებულოა დაზღვევა, ასევე ჩაფხუტის ტარება. ეს ქვეყნები არ ებრძვიან მიკრომობილობას, ისინი მას უსაფრთხოს ხდიან.

    საქართველოსაც სწორედ ასეთი მიდგომას ჭირდება. ჩვენ გვჭირდება არა სკუტერების აკრძალვა, არამედ წესების დადგენა. ქვეითების და სკუტერებით მოსარგებლე მოქალაქეების მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის.

    აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველას, ვისაც ევალება აღნიშნული საკითხის მოწესრიგება, იმოქმედეთ დროულად იმისთვის, რომ მომავალში მაინც თავიდან ავიცილოთ მძიმე შემთხვევები", - განაცხადა ქეთი თურაზაშვილმა.