Politics
    2026-06-24 | 07:02

    საქართველო ვერასდროს იქნება კარგი პარტნიორი, თუ მისი მომავლის შექმნაში ქართველი ხალხი არ იქნება ჩართული - ჯეიმს კარაფანო

    საქართველო ვერასდროს იქნება კარგი პარტნიორი, თუ მისი მომავლის შექმნაში ქართველი ხალხი არ იქნება ჩართული - ჯეიმს კარაფანო

    თეთრ სახლთან დაახლოებული საგარეო პოლიტიკის ექსპერტი და „ჰერიტიჯის ფონდის“ პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი ჯეიმს კარაფანო აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს, თუმცა თბილისს ერთგვარ „ციხიდან უფასოდ გამოსვლის ბარათს“ არ მისცემს, თუ საქართველო ორივე მხარისთვის სასარგებლო, სერიოზულ და ხელშესახებ შედეგებს არ წარმოადგენს. ამის შესახებ ის Independence Avenue Media-თან ინტერვიუში საუბრობს. 

    „თუ საქართველოს ხელისუფლებამ ეს არ იცის, მაშინ ისინი იდიოტები არიან,“ ამბობს ჯეიმს კარაფანო, The Heritage Foundation-ის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი. „და თუ ამის შესაბამისად არ მოქმედებენ, მაშინ მიზეზი ისაა, რომ მათ შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა არ სურთ.“

    „ჰერიტიჯის ფონდი“ ვაშინგტონის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კონსერვატიული კვლევითი ინსტიტუტია, რომელსაც რესპუბლიკური პოლიტიკის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს.

    კარაფანო ამბობს, რომ პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად, „შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას უკან არ გაეკიდება“ — „თუ მათ რუსეთისა და ჩინეთის ჩრდილში ცხოვრება სურთ, კარგი. ჩვენ სხვა ალტერნატივებიც გვაქვს, სხვა არჩევანიც.“

    „აპირებს თუ არა შეერთებული შტატები სრულად უგულებელყოს საქართველოში პოლიტიკური რეპრესიები და დისიდენტების შევიწროება? პასუხი არის, არა. იმიტომ კი არა, რომ დემოკრატიის მომხრეები ვართ ან იმიტომ, რომ ხელისუფლება არ მოგვწონს — არამედ იმიტომ, რომ საქართველო ვერასდროს იქნება კარგი პარტნიორი, თუ მისი მომავლის შექმნაში ქართველი ხალხი არ იქნება ჩართული“ — ამბობს კარაფანო კითხვაზე პასუხად, დახუჭავს თუ ტრამპის ადმინისტრაცია თვალს, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით არსებულ შეშფოთებებზე.

    მისი თქმით, ვაშინგტონი საქართველოს შიდა პოლიტიკაში მხარეს არ აირჩევს და საქართველოსთან ჩართულობაში სრულ პრაგმატიზმს გამოიჩენს — „შეერთებული შტატები არც ხელისუფლების მხარეს დადგება და არც მის წინააღმდეგ. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს პრაქტიკული არჩევანიც კი არ არის, რადგან პოლიტიკური ოპოზიცია იმდენად ფრაგმენტირებული და არარეალისტურია, რომ რეალურად, შესათავაზებელი ალტერნატივაც კი არ აქვთ.“

    მისი შეფასებით, არარეალისტური მოლოდინები ორივე მხარეს აქვს — ხელისუფლებას ჰგონია, რომ შეერთებულ შტატებთან განსაკუთრებული ურთიერთობის მიღებას კონკრეტული ნაბიჯების გარეშე შეძლებს, ხოლო ოპოზიცია ელოდება, რომ ვაშინგტონი მის პოლიტიკურ პრობლემებს მოაგვარებს.

    „თუ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებ, არ მონაწილეობ და შემდეგ ამბობ: „კარგი, თქვენ უბრალოდ უნდა მოხვიდეთ, უთხრათ მათ, რომ არჩევნები არალეგიტიმურია და ამ საკითხზე ზეწოლა მოახდინოთ“ — ამას ჩვენ არ გავაკეთებთ.“

    „ჩვენი საქმე არ არის საქართველოში დემოკრატიის აშენება. თუმცა, ასევე არ არის ჩვენი საქმე, უგულებელვყოთ ის საკითხები, რომლებიც ზიანს აყენებს ორმხრივ ურთიერთობას და საქართველოს, როგორც ჩვენი პარტნიორის, წარმატებას.“