Politics
    2026-08-11 | 14:19

    2008 წლის ომთან დაკავშირებით ბუნდოვანი კითხვების წამოწევა სახიფათო და მავნე ექსპერიმენტია - ვიქტორ ყიფიანი

    2008 წლის ომთან დაკავშირებით ბუნდოვანი კითხვების წამოწევა სახიფათო და მავნე ექსპერიმენტია - ვიქტორ ყიფიანი

    პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველოს“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, 2008 წლის სამხედრო კამპანიასთან დაკავშირებით ისეთი ფუნდამენტური საკითხების წამოწევა, როგორიცაა აგრესორის, ოკუპანტისა და ომის დაწყების საკითხი, სახიფათო და მავნე ექსპერიმენტია.

    „გასაგებია, რომ გარკვეული კითხვებია 2008 წლის სამხედრო კამპანიაზე, მაშინ არსებულ საკომუნიკაციო კამპანიაზე, მაგრამ ისეთი ფუნდამენტური კითხვების წამოწევა, როგორიცაა ვინ არის აგრესორი, ოკუპანტი, ვინ დაიწყო, როგორ განვითარდა და როგორ გაგრძელდა, და ამაზე ბუნდოვანი პასუხების ძებნა, რასაც ჩვენ ვისმენთ, სახიფათო და მავნე ექსპერიმენტია“, – განაცხადა ყიფიანმა.

    მისივე თქმით, მსგავსი განცხადებები, გარდა ადამიანური ზიანისა, საფრთხეს უქმნის საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივ პოზიციებს.

    „ყველას მოვუწოდებ, პირველ რიგში მათ, ვისაც ქვეყნის მესაჭეობა აბარია, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ სიტყვებს. სტატიკაში კონცენტრირება და ფოკუსის გადატანა მხოლოდ პარტიულ-საძალაუფლებო საკითხზე და მისით ქვეყნის ეროვნული ინტერესების გადაფარვა კიდევ ერთხელ სახიფათო და მავნეა“, – აღნიშნა მან.

    ყიფიანმა ასევე შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის განცხადება, სადაც გალუზინი ამბობს, რომ „რუსეთი და საქართველო ერთმანეთის ბუნებრივი პარტნიორები არიან“.

    „დამაფიქრებელი და სავალალოა იმის მოსმენა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბუნებრივ პარტნიორად მიიჩნევს ჩვენს ქვეყანას. მინდა, ქართულ საზოგადოებას ვკითხო: კომფორტულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეთი შეფასება? რამდენად მშვიდად ხვდება ასეთ შეფასებას, საკუთარ თავში თუ ეძებს პასუხს, რამ განაპირობა ასეთი განცხადება?

    ჩემი აზრით, ეს ძალიან შეურაცხმყოფელია. ბადებს კითხვას – რა ვითარებაში ვართ, როგორც ქვეყანა? საზოგადოება ვაპირებთ ამას შევეგუოთ და ასე გავაგრძელოთ?“ – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.