რაც უფრო მეტად წინ მივდივართ აღნიშნულ საქმეზე, მით უფრო მეტად გამოირიცხება მეწყერის ვერსია - ტარიელ კაკაბაძე
რაც უფრო მეტად წინ მივდივართ აღნიშნულ საქმეზე, მით უფრო მეტად გამოირიცხება მეწყერის ვერსია - ამის შესახებ 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ჰყვება.
იურისტის შეფასებით ვიღაცას აწყობდა მიჩქმალულიყო გამოძიება და გაჩერებულიყო საგამოძიებო მოქმედებები:
“წლების განმავლობაში გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, აღნიშნულ საქმეში მით უფრო მეტად გამოირიცხება მეწყრის ვერსია. ჩემი შეფასებით, ვიღაცას აწყობდა, ვიღაცის ინტერესში შედიოდა, რომ მიჩქმალულიყო გამოძიება, გაჩერებულიყო საგამოძიებო მოქმედებები, არ დადგენილიყო ჭეშმარიტება“, - თქვა "პირველებთან" ტარიელ კაკაბაძემ.
იურისტმა რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ „აღნიშნული ვიდეოს შინაარსი თავდაყირა აყენებს ძალიან ბევრ საკითხს და შინაარსობრივად ეწინააღმდეგება მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს“.
„რაც შეეხება გასაჯაროებულ ვიდეოს, გამოკითხულია ის პიროვნება, ვინც გადაიღო და ატვირთა „იუთუბში“. აღნიშნული ვიდეოს შინაარსი თავდაყირა აყენებს ძალიან ბევრ საკითხს და შინაარსობრივად ეწინააღმდეგება მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს. ეს საჭიროებს დამატებით შესწავლას. ძალიან ბევრი ახალი გარემოება გამოჩნდა აღნიშნული ჩანაწერით“,- დასძინა კაკაბაძემ.
დილიდან განახლდა სამძებრო სამუშოები სოფელ მლეთაში. 12 წლის წინ დაკარგულ გურამ დადიანიძეს ექსპერტ-კრიმინალისტები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ეძებს. ამ წუთებში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმ ფერდზე იმყოფებიან საიდანაც 2014 წელს დადიანიძის კვალი გაქრა.
უკვე მესამე დღეა მლეთაში რაც სამძებრო ოპერაციები განახლდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ტერიტორიას სპეციალური ტექნიკური საშუალებებით ათვალიერებენ.