Commentary
    2026-09-16 | 09:49

    პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო იმთავითვე - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

    პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო იმთავითვე - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

    პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი,  დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ეხმაურება.

    "პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო იმთავითვე. განსაკუთრებით იმ პერიოდში, ქალბატონ თიკა რუხაძესთან ხშირი კომუნიკაცია გვქონდა და მისგანვე ვიცოდით, რომ სხვადასხვა მომსახურებაში  ორგანიზაციებმა, თუ კერძო პირებმა უმეტესად უარი თქვეს ჰონორარზე ან ხელფასზე. ეს საჯაროდ დაადასტურა პრემიერმა და იმედია დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და ცილისწამებისთვის“ -  წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

    ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი2"-ის ეთერში განაცხადა, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო 3 მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა და „ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა“.

    ამასთან, განცხადება გაავრცელა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, რომელიც ილია მეორის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხების გახარჯვის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვს.

    განცხადებაში ნათქვამია, რომ საჯარო არ არის კულტურის სამინისტრომ 722.6 ათასი ლარის რა ნაწილი დახარჯა კონტრაქტორების მეშვეობით, რომელმა კომპანიებმა მიიღეს კონტრაქტები, რა მომსახურებისთვის, რა ოდენობით და რა საფუძვლით შეარჩიეს ისინი.