Commentary
    2026-10-02 | 19:19

    პატიმარ გიორგი დავითაძის დედა პენიტენციური სამსახურის გავრცელებულ კადრებზე:  ეს სრული კადრები არ არის, ბევრი ნაწილი აკლია... ერთი მხრიდანაა მხოლოდ კადრი აღებული, რა თქმა უნდა, რაც არ აწყობდათ, ის არ დადეს

    პატიმარ გიორგი დავითაძის დედა პენიტენციური სამსახურის გავრცელებულ კადრებზე:  ეს სრული კადრები არ არის, ბევრი ნაწილი აკლია... ერთი მხრიდანაა მხოლოდ კადრი აღებული, რა თქმა უნდა, რაც არ აწყობდათ, ის არ დადეს

    რასაკვირველია, ეს სრული კადრები არ არის, ბევრი ნაწილი აკლია... ერთი მხრიდანაა მხოლოდ კადრი აღებული, რა თქმა უნდა, რაც არ აწყობდათ, ის არ დადეს, სადაც კარგად ჩანს კვარაცხელია[ბადრაგი], ხელის მოძრობით რასაც აკეთებს, არ მინდა გამეორება, გული მაქვს ცუდად, ეს არის მათთვის გაუპატიურება, სინდისის აყრა, ჰგონიათ, რომ ამით გიორგის სინდისი აყარეს, მაგრამ ვერ ეღირსებიან! - ასე ეხმაურება მსჯავრდებული პატიმრის, გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებულ კადრებს.

    როგორც მსჯავრდებული პატიმრის დედა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, კადრებში, რომელიც მას ნანახი აქვს, როგორც ძალადობა, ისე პატიმრის მიერ გაჟღერებული ინფორმაციაა ასახული.

    „რასაკვირველია, ეს სრული კადრები არ არის, მე რა კადრებიც პროკურატურამ მანახა, 5 ფაილს შეიცავდა. ჩემი შვილი გამოიყვანეს საკნიდან და 20 წუთის სავალი გზა გაიარეს ჯურღმულებში, სადღაც მიწურში, როგორც ჩანს, აქვთ ოთახი, სადაც გადაჰყავთ პატიმრები, რომლებზეც უნდა იძალადონ. 9 კაცს მიჰყავდა, ყველაფერი ჩემი თვალით მაქვს ნანახი, წინ გიორგი და გვერდით ბადრაგები, უკან 9 კაცი და ერთი ადამიანი, რომელსაც თეთრი ხალათი ჰქონდა მოცმული, რომელიც დაზუსტებით ვიცი, რომ ექიმი იყო, ალბათ ფიქრობდნენ, თუ ცუდად გახდებოდა, მთლად ხელში რომ შემოჰკვდომოდათ, არ უნდოდათ. იმედს ვიტოვებ, ექიმი გამოვა, სინდის-ნამუსი შეაწუხებს და განაცხადებს, რა ხდება მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში, როგორი ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა, შეურაცხყოფა, ღირსების აყრა. მოძალადე შოთა ტრაპაიძე კარგად გაწვრთნილი ჯალათია, „ნაცების“ დროიდან გაზრდილი და გამოზრდილია, ამ ხელისუფლებამ დაიტოვა და როგორც ჩანს, დიდ პატივში ჰყავთ, მაგრამ ვერ ეღირსებიან! 2013 წელს მასზე საქმეც აღიძრა და გადააყენეს, მაგრამ მერე, ეტყობა „ოცნებამ“ ისევ დააბრუნა, როგორც ვიცი, მაღალჩინოსნებთან ნათესაური კავშირი აქვს. როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებასაც იგივე ჯალათები სჭირდება“, - აცხადებს დავითაძე.

    მისივე თქმით, პენიტენციური დაწესებულების მიერ გავრცელებულ კადრებს, ბევრი კადრი აკლია.

    „ბევრი ნაწილი აკლია, 5 ფაილია, როგორ შეჰყავთ გიორგი, როგორ არის მასზე ზეწოლა, გადაგრეხილ მდგომარეობაში, საწოლზე გადაკუზვით როგორ აწვენენ და ზემოდან ახტება 10 კაცი. ერთი მხრიდანაა მხოლოდ კადრი აღებული, რა თქმა უნდა, რაც არ აწყობდათ, ის არ დადეს. სადაც კარგად ჩანს კვარაცხელია[ბადრაგი], ხელის მოძრობით რასაც აკეთებს, არ მინდა გამეორება, გული მაქვს ცუდად, ეს არის მათთვის გაუპატიურება, სინდისის აყრა, ჰგონიათ, რომ ამით გიორგის სინდისი აყარეს, მაგრამ ვერ ეღირსებიან! ჩემგან გადაეცით, წავიდნენ და თავიანთ დედებს, შვილებს და თავიანთ ახლო ნათესავებს გაუკეთონ ეს ყველაფერი, როგორ მოეწონებათ!

    სასწრაფოდ, პასუხისგებაში იქნას მიცემული ტრაპაიძე, სასწრაფოდ დაატოვებინონ თანამდებობა ასეთ მოძალადეს, რადგან იქ სხვა პატიმრებიც საშინელ დღეში არიან. დარწმუნებული ვარ, ახლა პატიმრებს დააწერინებენ, რომ იქ ყველაფერი კარგადაა, ეს ტრაპაიძეს არაერთხელ გაუკეთებია, ეს არ დაუჯეროთ. ისინი ზეწოლის, გაუპატიურების, ცემის მსხვერპლები არიან. ვიცი ბევრი მშობელი, რომელიც საუბრობს, მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში რა ხდება.

    ვერავინ დამაჯერებს, ტრაპაიძის ციხეში, სადაც თვითონ არის დირექტორი, ამას ბადრაგები თვითნებურად სჩადიოდნენ. ეს არის მათი აპრობირებული ხერხი და დავალება აქვთ მიცემული, ვისზე, როგორ იძალადონ. გიორგის უთხრეს, „გარედან შემოგითვალეს, თუ ჭკვიანად არ იქნები, მერე იქნება შემდეგიო“. შემდეგი, ვიდრე მის ოჯახებში არ მივალ და შემდეგს ვაჩვენებ, იქამდე ეტყობა, არ გაჩერდებიან“, - აცხადებს დავითაძე.

    კითხვაზე, თუ ვისზე აქვს ეჭვი, პატიმრის დედა აცხადებს, რომ ამ ყველაფრის ავტორი პოლიციელი შალვა ფერაძეა, რომლის გამოც, ახლა მისი შვილი 17-წლიან სასჯელს იხდის.

    „შალვა ფერაძეა, რომლის გამოც, ჩემი შვილი ზის. ეს ყველაფერი დაიწყო ჩემი აქტიური პროტესტების გამო, აქტიურად აღარ ვემხრობი „ქართულ ოცნებას“, 4-5 წელია, რაც ყველანაირ კურსს გადაუხვიეს, ახალგაზრდები ქუჩაში სცემეს, ეს ყველაფერი არ მომწონდა, ვაპროტესტებდი, ეს არ მაპატიეს.

    ფერაძე მოქმედი პოლიციელია, წყნეთში მუშაობს, ვინმე ლეიტენანტია, მეტს ვერ ეღირსება, რადგან გიორგის გვერდით დაჯდება. მან გიორგის პროვოკაცია მოუწყო - გადაცმულმა პოლიციელმა, რომელსაც ის საერთოდ არ იცნობდა, თვალითაც არ ჰყავდა ნანახი. გიორგი მეგობართან ერთად ჭიშკართან საუბრობდა, რა დროსაც ფერაძე თავს დაესხა. თურმე, გიორგის და მისი მეგობრის საუბარი არ მოეწონა, გიორგი პროვოკაციაზე წამოეგო, კი ბატონო, ჩაიდინა ჩემმა შვილმა ამის შემდეგ დანაშაული, მაგრამ არავინ მოუკლავს. სამაგალითოდ დაგვსაჯეს. იმ მომენტში შალვა ფერაძე პოლიციის ფორმაში არ იყო, სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, გიორგიმ საერთოდ არ იცოდა ის პოლიციელი იყო თუ „ტიტუშკა“. მან ამოიღო იარაღი, რომელიც გაფორმებული არ ჰქონდა და მთელი უბანი გადაცხრილა, გიორგიმაც გამოიყენა იარაღი, მე არ ვამბობ, ჩემი შვილი სრულად მართალია-მეთქი, მაგრამ ადამიანი როცა უკვე ციხეშია, დასაჯე, არავის აქვს უფლება, ასე მოექცეს პატიმარს, ამის უფლებას არავის მივცემ. ადამიანი სულ რომ მკვლელი იყოს, უფლება არ გაქვს, ადამიანს ასე მოექცე.

    შალვა ფერაძემ იგივე დანაშაული ჩაიდინა, გაუფორმებელი იარაღით გადაცხრილა მთელი უბანი, 70 წლის კაცი ასფალტზე ხოხავდა, ცოლი შალვა ფერაძეს ეძახდა, ამის კადრებს გავასაჯაროებ. ეს გადაუფარეს მას, რადგან პოლიციელი და სუს-ის აგენტი, მიგზავნილი იყო. ამის ამოწევა რომ დავიწყე, ყველაფრის ექსპერტიზები რომ ჩავატარე და დგინდება, როგორ ისვრის გაუფორმებელი იარაღით, ამის მერე გაბედეს და ეს იარაღი გადაუმალეს, თაროზე შემოუდეს, იმას რომ ჩამოვაღებინებ ქვევით, ამიტომაც არის გაგიჟებული და დაუკვეთა გიორგის წამება, რომ იქნებ გავეჩუმებინეთ გარეთ. მისი მამაც, წინა წლებში გლდანის ციხის უფროსი ყოფილა. ალბათ, ერთმანეთს „ჯიგრობენ“ ჩვენი ვაი პოლიციელები და ციხის უფროსები, ეს ახლო კონტაქტები გამოიყენა შალვა ფერაძემ, რომ გიორგი განსაკუთრებულად დაესაჯათ“, - განაცხადა დავითაძემ.

    ცნობისთვის, მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“.

    საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

    წყარო