Commentary
    2026-10-09 | 20:38

    თაღლითური გზით სააკაშვილის მართლმსაჯულებისგან დახსნის ოპერაცია ჩავარდა, Amnesty International-მა კი დიდი ხნით დაიმკვიდრა თაღლითის სახელი - შალვა პაპუაშვილი

    თაღლითური გზით სააკაშვილის მართლმსაჯულებისგან დახსნის ოპერაცია ჩავარდა, Amnesty International-მა კი დიდი ხნით დაიმკვიდრა თაღლითის სახელი - შალვა პაპუაშვილი

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ Amnesty International-მა თაღლითის სახელი დაიმკვიდრა.

    კერძოდ, პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას, რომელშიც ის Amnesty International-ს თაღლითურ ორგანიზაციად მოიხსენიებს.

    პაპუაშვილი ამბობს, რომ ორგანიზაცია თაღლითობის გზაზე ჯერ კიდევ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით იყო დამდგარი.

    „ის, რომ Amnesty International-ი თაღლითობის გზაზე იყო დამდგარი, ჯერ კიდევ 2023 წელს გამოჩნდა, როდესაც ის სააკაშვილის სამართლიანი სასჯელისგან დახსნის უცხოურ დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩაერთო.

    Amnesty International-ის ქვემოთ მოყვანილი ცილისმწამებლური განცხადებიდან სულ რამდენიმე კვირაში, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ის რასაც ეს ორგანიზაცია, ისევე, როგორც სააკაშვილის უცხოელი პატრონები აცხადებდნენ, იყო თაღლითური ტყუილი. სტრასბურგის გადაწყვეტილებით, სააკაშვილს არა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლება სჭირდებოდა, მისი სხვა საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროებაც კი არ იყო.

    ამ სამარცხვინო თაღლითობიდან ცოტა ხანში სამყარომ შეიტყო, რომ მომაკვდავი დიქტატორი სასწაულებრივად აღარ მოკვდა, კახექსია დაძლია, დემენციისგან განიკურნა და შვილიც შეეძინა. თაღლითური გზით სააკაშვილის მართლმსაჯულებისგან დახსნის ოპერაცია ჩავარდა, Amnesty International-მა კი დიდი ხნით დაიმკვიდრა თაღლითის სახელი”, - წერს პაპუაშვილი.

    აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ Amnesty International-ი თაღლითური ორგანიზაციაა.

    კერძოდ, ლისაბონში გამართულ პრესკონფერენციაზე პორტუგალიელმა ჟურნალისტმა მარკო რუბიოს აშშ-ის მიერ პორტუგალიის ლაჟესის (Lajes) ავიაბაზის გამოყენებასა და საერთაშორისო სამართლის შესაძლო დარღვევაზე დაუსვა კითხვა. ჟურნალისტმა ციტირება გააკეთა Amnesty International-ის განცხადებიდან, რომლის მიხედვითაც „პორტუგალიამ მხარი არ უნდა დაუჭიროს ომის დანაშაულებს“. Amnesty International-ის ხსენებაზე რუბიომ ორგანიზაციას „თაღლითური“ უწოდა და განაცხადა, რომ ის უნდა ფოკუსირდეს „ირანული რეჟიმის“ „სამხედრო დანაშაულებზე“ კაცობრიობის წინაშე.

    „თუ მკითხავთ, რაზე უნდა ამახვილებდეს ყურადღებას Amnesty International-ი, გეტყვით: ირანულ რეჟიმზე, რომელმაც ცივსისხლიანად მოკლა ათობით ათასი ადამიანი თეირანის ქუჩებსა და ქვეყნის სხვა ნაწილებში.

    ორგანიზაციამ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, თუ როგორ იჭრება ირანული რეჟიმი საავადმყოფოებში, სადაც დაჭრილი დემონსტრანტები იმყოფებიან და როგორ კლავს მათ პირდაპირ საავადმყოფოს საწოლში; თანაც, ზოგჯერ კლავენ იმ ექიმებსა და ექთნებსაც, რომლებიც მათ მკურნალობდნენ.

    სწორედ ამ საკითხებზე უნდა ამახვილებდნენ ყურადღებას. ეს არის სამხედრო დანაშაულები. ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, რომლებსაც ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სჩადიან”, - დასძინა რუბიომ.