პოლიტიკა
    2026-04-06 | 10:03

    ყველა ვინც ივანიშვილს ხელს უშლიდა, მასობრივი დეპრესია დაეწყო და ყველამ სათითაოდ მოიკლა თავი – მიხეილ სააკაშვილი

    ყველა ვინც ივანიშვილს ხელს უშლიდა, მასობრივი დეპრესია დაეწყო და ყველამ სათითაოდ მოიკლა თავი – მიხეილ სააკაშვილი

    საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მან „საქართველოს დიდი უბედურება ხუთჯერ ააცილა“, მათ შორის, 2003 წლის შემდეგ ქვეყანაში რუსეთის გავლენის გაძლიერების მცდელობების აღკვეთით, აჭარაში ასლან აბაშიძის მმართველობის დასრულებითა და 2008 წლის ომის დროს საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებით.

    ამის შესახებ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    მისი თქმით, პირველად ქვეყანა „გადაარჩინა“ მაშინ, როდესაც ედუარდ შევარდნაძე ჩამოაშორეს ხელისუფლებას.

    „პირველად, როდესაც შევარდნაძე ჩამოვაცილეთ ხელისუფლებას, გამზადებული ჰყავდათ რუსებს ცალკე ვასაძე და ცალკე ივანიშვილი, პატარკაციშვილი, 2005 წელს ხელისუფლების ხელში ასაღებად“, – განაცხადა სააკაშვილმა.

    მისივე თქმით, მეორე შემთხვევა იყო ასლან აბაშიძის ხელისუფლებიდან ჩამოშორება, რადგან, მისი შეფასებით, აბაშიძის დარჩენის შემთხვევაში საქართველო, როგორც სახელმწიფო, ვერ შედგებოდა.

    სააკაშვილის განცხადებით, მესამე შემთხვევა 2007 წელს პატარკაციშვილის მიერ, მისი თქმით, „რუსეთის დავალებით მოწყობილი გადატრიალების“ თავიდან აცილება იყო.

    „2008 წელს ერთპიროვნულად მე გადავარჩინე საქართველო ჩემი კავშირებით, ჩემი მეგობრობით ჯორჯ ბუშთან, საერთაშორისო ავტორიტეტით, ჩემი ურთიერთობით საერთაშორისო პრესასთან, ჯართან, მოქალაქეებთან ერთად. არ ვიქნებოდი მე და 2008 წელს საქართველოს დამოუკიდებლობას წერტილი დაესმებოდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

    მისივე თქმით, 2012 წელს მან „საქართველოს გადარჩენა“ ვეღარ შეძლო, ხოლო 2021 წელს, მისი განცხადებით, ქვეყანაში დაბრუნება „სასოწარკვეთილი მცდელობა“ იყო.

    „ყველაფრის მიუხედავად, მზად ვარ მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში. დარწმუნებული ვარ, ამის შესაძლებლობა სულ მალე მოგვეცემა. როდესაც დავიხსნით საქართველოს, როგორც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ იყო აჭარა, ასევე ივანიშვილის დიქტატურის მოშორების შემდეგ იქნება აფხაზეთის გათავისუფლება. მჯერა, რომ მომავალი საქართველოს ადმინისტრაციული ქალაქი უნდა იყოს სოხუმი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

    ამასთან, სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს არაერთ მძიმე საქმეზე პასუხისმგებლობა დააკისრა და განაცხადა, რომ ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა „შეკვეთილი“ იყო.

    „ივანიშვილს სასიცოცხლოდ უნდოდა „რუსთავი 2“-ის ხელში ჩაგდება. ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც იყო მფლობელი და დამფუძნებელი, მისთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობისთვის პასუხისმგებლობას პირადად ივანიშვილს ვაკისრებ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

    მისივე თქმით, „თამარ ბაჩალიაშვილის შემთხვევაში თვითმკვლელობის იმიტაცია მოხდა“, ხოლო დავით გოგობერიშვილის გარდაცვალებასაც ის ივანიშვილს უკავშირებს.

    სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მისი თქმით, ციხეში მისი მკვლელობის მცდელობაც მოხდა.

    „ივანიშვილის პირადი პასუხისმგებლობა იყო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემი მკვლელობის მცდელობა ციხეში. იფიქრეს, მაინც ნაშიმშილებია, დავაბრალებთ შიმშილობას, ახლა ომია, ამისთვის ვის სცალია. რამდენიმე თვე ვებრძოდი სიკვდილს. განსაკუთრებით პირველ დღეებში არ ვიცი, როგორ გადავრჩი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

    მისივე თქმით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის საქმეზეც პასუხისმგებლობა „პირდაპირ ივანიშვილს ეკისრება“.

    „თუ ამას გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ საქმე გვაქვს ერთადერთ ხელწერასთან და სერიულ მკვლელებთან... ასეთი თვითმკვლელობები ჩემ დროს არ იყო, მას შემდეგ, ყველა ვინც ივანიშვილს ხელს უშლიდა, მასობრივი დეპრესია დაეწყო და ყველამ სათითაოდ მოიკლა თავი“, – განაცხადა სააკაშვილმა.