პოლიტიკა
    2026-04-06 | 11:05

    ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა

    ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

    მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას.

    „ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე და ამ კუთხით საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის როლზე, რომლის მორიგი სხდომა საქართველოში უახლოეს მომავალში გაიმართება.

    შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს, რაც რეგიონული სტაბილურობისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

    მხარეებმა ასევე ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე. ხაზი გაესვა დიპლომატიური ძალისხმევის აუცილებლობას მდგომარეობის დეესკალაციისა და მშვიდობის აღდგენისთვის”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

    ამასთან, მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრაც გაიმართა.

    „შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მზარდ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობაზე.

    საუბარი ასევე შეეხო ენერგეტიკის სექტორში მჭიდრო პარტნიორობას და რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. მათ შორის აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს რეგიონული დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში.

    შეხვედრაში საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, პრეზიდენტის თანაშემწე საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჰიკმეთ ჰაჯიევი, ეკონომიკის მინისტრი მიქაილ ჯაბაროვი, ენერგეტიკის მინისტრი პარვიზ შაჰბაზოვი, ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი და აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი მონაწილეობდნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

    მსგავსი სტატიები