სამართალი
    2026-04-14 | 07:21

    საია საქართველოს ემიგრანტი მოქალაქეების საარჩევნო უფლების დასაცავად სტრატეგიულ სამართალწარმოებას იწყებს

    საია საქართველოს ემიგრანტი მოქალაქეების საარჩევნო უფლების დასაცავად სტრატეგიულ სამართალწარმოებას იწყებს

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი ეხება საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებას, რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებში საარჩევნო უბნების გახსნას კრძალავს.

    საიას შეფასებით, აღნიშნული რეგულაცია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საყოველთაო საარჩევნო უფლებას და არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ აკრძალვა ემიგრანტებისთვის ქმნის დამატებით ფინანსურ და სოციალურ ბარიერებს, რაც პრაქტიკულად ზღუდავს მათ არჩევნებში მონაწილეობას.

    საია ასევე მიუთითებს, რომ წლების განმავლობაში საარჩევნო უბნები სწორედ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ფუნქციონირებდა და სახელმწიფოს ჰქონდა რესურსი, უზრუნველეყო ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოხატვა. ორგანიზაციის განმარტებით, ამ სივრცეებზე ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, რაც არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.

    სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უცხოეთში საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებში საარჩევნო უბნების გახსნა კვლავ შესაძლებელი გახდება. საია აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო რჩება იმ მთავარ მექანიზმად, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი საარჩევნო უფლებების დაცვა.

    ამასთან, ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს საკონსტიტუციო სასამართლოში მნიშვნელოვანი საქმეების განხილვის გაჭიანურებაზე, რაც, მათი შეფასებით, აზიანებს ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიანობას. საია გეგმავს, აღნიშნულ საკითხზე სამართლებრივი დავა სხვა ემიგრანტთა ჯგუფების სახელითაც გააგრძელოს.

    ვრცლად ნახეთ აქ.